აზიური ვეფხვების კვალდაკვალ: როგორ დავამარცხოთ Covid-19

ბიძინა ლებანიძე [1]

Covid-19-ის საქართველოში გამოჩენიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. თუ დაინფიცირების სტატისტიკას შევხედავთ, შეიძლება ითქვას რომ, პირველი ოცდაათი დღის მანძილზე ქვეყანამ  შედარებით წარმატებულად შეძლო  ვირუსის დროულად შეკავება და დაინფიცირების შემთხვევების მცირე რაოდენობის. იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მედეგობა Covid-19-ის წინააღმდეგ და ინფექციის გავრცელების მრუდი დარჩეს თანაბარი, საჭიროა მან არა ევროპული, არამედ აზიური სახელმწიფოების გამოცდილება გაიზიაროს. ამავე დროს ამ პროცესში საქართველო უნდა დარჩეს თავისუფალ და ღია საზოგადოებად, თუმცა აღნიშნული გამოწვევა მოითხოვს მნიშვნელოვან მსხვერპლსაც.

საქართველო ერთ-ერთი მცირე სახელმწიფოთაგანია ევროკავშირის სამეზობლოში, რომელიც მუდმივად იზიარებს ევროპულ გამოცდილებას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების პროცესში. თუმცა, ამ შემთხვევაში ევროპა კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს Covid-19-ის გავრცელების საწყისი ფაზის ეფექტური მართვა. საქართველომ, საკმაოდ მოულოდნელად, ბევრად უფრო მწირი რესურსებით პირველი 30 დღის განმავლობაში გაცილებით უფრო ეფექტურად მოახერხა ვირუსის შეკავება, ვიდრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ვირუსი ეპიდემიის მართვის პირველ ორ ფაზაში (პრევენცია და კონტროლი), ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა გაუცნობიერებლად გადავიდა გავრცელების მესამე ფაზაში, რომელიც ინფექციის მკვეთრი ზრდით ხასიათდება და, შესაბამისად, მათ უფრო უჭირთ ვირუსის გაკონტროლება.

თუმცა, მიუხედავად საწყისი წარმატებისა, საქართველო შესაძლოა მალე დადგეს ორი ძირითადი გამოწვევის წინაშე.

პირველ რიგში, მთავრობის ყოველდღიური მცდელობები, აღკვეთოს შიდა გავრცელება და მოახდინოს ახალი შემთხვევების იზოლირება, ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკის გარდაუვალობაზე მიანიშნებს და ეს სცენარი შესაძლოა ნებისმიერ დროს განვითარდეს.

მეორე გამოწვევა არის გამოცხადებული კარანტინი, რომლის შენარჩუნებაც დიდი ხნით შეუძლებელია, რადგან ის გამოუსწორებელ ზიანს მიყენებს საქართველოს მყიფე ეკონომიკას და შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ სოციალურ და პოლიტიკურ პროტესტშიც კი გადაიზარდოს. შესაბამისად, Covid-19-თან დაკავშირებული ყველაზე უარესი სცენარების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ უნდა გაიზიაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც მოახერხეს როგორც სრული კარანტინის თავიდან არიდება, ისე ვირუსის მეტნაკლებად შეკავება და ეკონომიკური სისტემის გადარჩენა. ამ კონტექსტში ჩვენთვის საყურადღებოა აღმოსავლეთ აზიის პატარა სახელმწიფოები.

საქართველო და აღმოსავლეთ აზიური მოდელი

ქვეყნისთვის საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობის Covid-19-თან ბრძოლის  სტრატეგა ჯერჯერობით საკმაოდ წააგავს აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების კრიზისული მართვის მოდელს. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა მოახერხეს Covid-19-ის შემთხვევების შენარჩუნება კრიტიკულ ნიშნულს ქვემოთ ადრეული მობილიზების, ტექნოლოგიებისა და გამჭირვალობის კომბინაციური გამოყენებით. საქართველომ, მიუხედავად ტექნოლოგიური რესურსების სიმწირისა, აჩვენა ყველასთვის მოულოდნელი მედეგობა, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო რესურსების სწრაფ მობილიზებაში, სამედიცინო მზაობასა და დაინფიცერებულთა კონტაქტების აგრესიულ მიდევნაში. გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ ადრეული მობილიზების კუთხით, საქართველომ აჩვენა უკეთესი შედეგი არა მარტო ევროკავშირის სახელმწიფოებთან, არამედ „აზიურ ვეფხვებთან“ შედარებითაც, რომლებიც გამოირჩევიან ეპიდემიის ეფექტური მართვით.

გრაფიკი 1: შერჩეული ქვეყნების მიერ მიღებული ზომები დროის პერიოდის მიხედვით

შესაბამისად, გარკვეულწილად დრაკონული ზომების გატარებით ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით გაცილებით უფრო ადრე, საქართველომ წარმატებით მოახერხა პირველ რამდენიმე კვირაში ვირუსის ფართო გავრცელების პრევენცია, რითიც მყიფე ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვისგან დაიცვა. Covid-19-ის ეპიდემიის მართვის ქართული მოდელი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებითაც გამოირჩევა. მაგალითად, ზოგიერთი აზიური სახელმწიფოს მსგავსად, საქართველო ბოლომდე არ მიჰყვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქციებს, რომლებიც ხშირად იყო ორაზროვანი, მაგალითად, რეკომენდაცია, არ შეზღუდულიყო საერთაშორისო მოძრაობა ან რეკომენდაცია ქირურგიული ნიღბების არაეფექტურობის შესახებ. ასევე, საქართველომ შეცვალა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქციები ეროვნულ პროტოკოლში და მაღალი სიცხე ფაქტობრივად ამოიღო საეჭვო სიმპტომების სიიდან, რამაც შესაძლებელი გახადა სამჯერ მეტი დაინფიცირების შემთხვევის გამოვლენა ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე.

ხელოვნური ინტელექტი ვირუსის წინააღმდეგ 

მიუხედავად საწყისი წარმატებისა, საქართველო უნდა მოემზადოს უფრო რთული სცენარისთვის. ქვეყანაში ახლახანს დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების მე-100 შემთხვევა და საგანგებო მდგომარეობის გამო ეკონომიკური პროცესების შეჩერებამ უკვე გამოიწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება. შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველო დგას დილემის წინაშე, თუ როგორ შეინარჩუნოს ეკონომიკა და, ამავდროულად, უზრუნველყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დროულად ვერ აილაგმა  და მისი გავრცელება თვეების განმავლობაში გაგრძელდა, მთავრობას მოუწევს ეკონომიკური აქტივობების და ცხოვრების ჩვეული რეჟიმის თანდათანობითი აღდგენა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დასჭირდება ძლიერი აღსრულების და იძულების მექანიზმები, მოქალაქეების მხრიდან წესების დამორჩილების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პირველ პერიოდში.

ამ შემთხვევაშიც, ევროპული და აზიური მიდგომები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

ევროპული მიდგომა ამოდის რაციონალური და კანონმორჩილი მოქალაქეების პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობიდან, როგორც საკუთარი თავის ისე საზოგადოების წინაშე. ხოლო დასავლური სახელმწიფო სულ უფრო მეტად ცდილობს, თავი აარიდოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციის – საჭიროების შემთხვევაში ლეგიტიმური ძალადობის უფლების გამოყენებას. თუმცა, ევროკავშირის სახელმწიფოებშიც კი, მოქალაქეების უპასუხისმგებლო ქცევა და კარანტინის წესებთან დაუმორჩილებლობა ხშირად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ევროპის ქვეყნებში Covid-19-ის გავრცელების ახალ კერებს წარმოშობს.

საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის მოქალაქეთა წესების მიმართ მორჩილება შესაძლოა უფრო დიდი პრობლემა იყოს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა ექსპერტთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების დაუმორჩილებლობა ძირითადი გამოწვევაა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ევროპული მიდგომა უნდა დაბალანსდეს უფრო მკაცრი ცენტრალური იძულების მექანიზმებით. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები კარგი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების კანონმორჩილების  უზრუნველყოფა და ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ მიყოლა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამ მხრივ განსაკუთრებით ოთხი სახელმწიფო/ტერიტორია გამოირჩევა: სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი და სამხრეთ კორეა. სინგაპურის მედეგობა Covid-19-ის მიმართ ეყრდნობა როგორც სათვალთვალო ტექნოლოგიებს, ასევე „გამჭირვალობას, კომპლექსურ ტესტირებას და საეჭვო შემთხვევების სწრაფ იზოლირებასა და კარანტინში გადაყვანას“. Covid-19-ის კონტროლისთვის სინგაპურის მიერ გამოყენებულ სათვალთვალო და საინფორმაციო ინსტრუმენტებს შორის არის მობილური აპლიკაცია TraceTogether, რომელიც აჩვენებს მომხმარებლის სიახლოვეს სხვა ადამიანებთან და აფრთხილებს მათ, ვინც კონტაქტში იყო ვირუსით უკვე დაინფიცირებულ ან მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებთან.

ტაივანს ასევე აქვს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რათა მოახდინონ იმ მოქალაქეების იდენტიფიცირება, რომლებიც დიდი რისკის მატარებლები არიან მოგზაურობის ან ავადმყოფობის ისტორიის გამო. მობილური ტელეფონის მონაცემები გამოიყენება ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების სოციალური კონტაქტების დასადგენად. ხოლო ამჟამად კარანტინში მყოფი 6 000 მოქალაქის მობილური ტელეფონები ციფრულად კონტროლდება ე.წ. „ელექტრონული ზღუდის“ საშუალებით, რათა ტაივანის მთავრობამ მარტივად უზრუნველყოს მოქალაქეთა მიერ კარანტინის წესების დაცვა.

სამხრეთ კორეა ასევე აკონტროლებს მობილურ ტელეფონებს სატელიტების საშუალებით, რათა გამოავლინოს ინფექციის გავრცელების კლასტერები. აღსანიშნავია რომ, საეჭვო კლასტერების ადრეული აგრესიული ტესტირების და სოციალური დისტანციის კონტროლის საშუალებით, სამხრეთ კორეამ მოახერხა ჩინეთის გარეთ ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადრეული ამოფრქვევის შეკავება და გავრცელების მრუდის დასტაბილურება.

ჰონგ-კონგი ასევე იყენებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო კომპლექსურ და ამავდროულად საკამათო სისტემას დაავადების კვალის მისაყოლად. მთავრობის მიერ Covid-19-თან საბრძოლველად შექმნილი ვებ-გვერდი აქვეყნებს ძალიან დეტალურ ინფორმაციას თითოეულ დადასტურებულ შემთხვევის შესახებ, დაინფიცირებულთა ადგილსამყოფელის ზუსტი მისამართის (!) ჩათვლით, რათა დაეხმაროს მოქალაქეებს შესაძლო შიდა გადაცემის ქსელის ამოცნობაში (გრაფიკი 2).

ამრიგად, ხელოვნური ინტელექტისა და მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების გამოყენება Covid-19-ის წინააღმდეგ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების მედეგობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამგვარი მიდგომა დაეხმარა აზიის ქვეყნებს გრძელვადიანი და ეკონომიკურად დამაზიანებელი კარანტინის თავიდან არიდებაში. საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს აქედან კარგი მაგალითის აღება შეუძლიათ. თუმცა, პერსონალური მონაცემების გამოყენება კონტროლისთვის ძალიან სადავო საკითხია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი არაკონსოლიდირებულ დემოკრატიებში.  გასათვალისწინებელია, რომ  საქართველოს სხვადასხვა მთავრობებს საკმაოდ აქვთ დაგროვილი პერსონალური მონაცემების პოლიტიკური შანტაჟის მიზნებით გამოყენების მანკიერი გამოცდილება.

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების გამოყენების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ Covid-19-ის ეპიდემიის კონტროლის მიზნით და გამორიცხული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური რისკი.

გრაფიკი  2: ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი Covid-19-ის გავრცელების კონტროლისთვის

 

აზიური ქცევის წესებით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ

საბოლოოდ, კონტროლის არც ერთ მექანიზმს არ შეუძლია ეპიდემიის შეკავების უზრუნველყოფა, თუ მას თან არ ახლავს ინდივიდუალური სიფრთხილე და ახალ საფრთხესთან სოციალური ადაპტაციის უნარი. აზიური სოციალური ნორმები, როგორებიცაა შეხების გარეშე მისალმება და სოციალური დისტანცია, მნიშვნელოვნად განაპირობებს აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების მედეგობას ვირუსის გავრცელების მიმართ. საქართველო ამ კუთხით ხმელთაშუაზღვის კულტურის ნაწილია, სადაც ფიზიკური კონტაქტი და კოცნა ყოველდღიური მისალმების ფორმაა და სოციალური ცხოვრებაც ძალიან აქტიურია. თუმცა, Covid-19-თან გასამკლავებლად და მომავალი ეპიდემიებისთვის უკეთ მოსამზადებლად, საქართველომ უნდა გაითავისოს აზიური კულტურული ჩვევების ნაწილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს  დაგროვებული აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება ადრე გავრცელებული MERS-ისა და SARS-ის ეპიდემიებთან ბრძოლის შედეგად. ამის გათვალისწინებით, ისინი შესაძლოა უკეთესი მისაბაძი მაგალითები იყვნენ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო. ეს ეხება არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გონივრულ გამოყენებას, არამედ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა სხვა მიმართულებას. ამ მხრივ კარგი მაგალითია ტაივანის გონივრული მიდგომა ქირურგიული ნიღბებისა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მიმართ. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და დასავლეთის სახელმწიფოების მთავრობებმა ქირურგიული ნიღბების გამოყენება  მოსახლეობისთვის არასაჭიროდ მიიჩნიეს, ტაივანმა ნიღბების წარმოება დღეში 10 მილიონამდე გაზარდა და ნიღბების განაწილების სისტემა შემოიღო, რათა მოსახლეობას დეფიციტის გარეშე ჰქონოდა მათზე წვდომა. დღეს კი უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნიღბის ტარება იცავს ადამიანს Covid-19-სგან და ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ვირუსის ხელახალი გავრცელების პრევენციისთვის კარანტინის შემდგომ პერიოდში.

_________________________________________________________________________________________________

[1] ბიძინა ლებანიძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი. იგი არის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტის მკვლევარი.

Related Posts