აშშ-ს გზავნილი რუსეთს: “ღია ცის” შეთანხმება, ევროპა და საქართველო

 *GIP-ის კომენტარი*

ნინო სამხარაძე[1]

”ღია ცის“ შეთანხმება 35 ხელმომწერ ქვეყანას საშუალებას აძლევს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები ლეგალურად განახორციელონ საომარი მოქმედებების გამორიცხვისა და ურთიერთნდობის გამყარების მიზნით. 2020 წლის 21 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ხელშეკრულებას 6 თვეში დატოვებს და გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში შეცვლის თუ მოსკოვი ხელშეკრულების პირობებს სრულფასოვნად შეასრულებს. განცხადებაში ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – საზღვრის 10-კმ-იან მონაკვეთში სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვა, ვინაიდან მას ეს ტერიტორიები შეთანხმების არაწევრ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიაჩნია. საპასუხოდ, საქართველო 2012 წლიდან არ იღებს მისიებს რუსეთის მონაწილეობით, რასაც მოსკოვი თბილისის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევად წარმოაჩენს.

 

გზავნილი რუსეთს: რატომ ტოვებს აშშ ხელშეკრულებას ?

ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ვაშინგტონისთვის მიუღებელია შეთანხმების ნაწილად დარჩენა მაშინ, როცა, რუსეთი ხელშეკრულების პირობების შერჩევით განხორციელებას აწარმოებს. ამასთან, ის თავად არღვევს ხელშეკრულებას, მაგალითად, აშშ-ს სამოქალაქო ობიექტებზე (მათ შორის ტრამპის გოლფის კლუბზე) მონიტორინგის ფრენების განხორციელებით. ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონის პოზიციის მიხედვით, თანამშრომლობა მისი ეროვნული ინტერესების მიღმა რჩება. გადაწყვეტილების არგუმენტად სახელდება, ასევე, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმ ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება, რაც სადამკვირვებლო მისიისთვის განკუთვნილი მოძველებული ტექნიკის განახლებას ან ჩანაცვლებას სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გამოირჩევა მულტილატერული შეთანხმებების ინტენსიური რევიზიით, უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებულად იძაბება ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან და ჩინეთთან. მაისში ვაშინგტონმა წინ წამოწია ბირთვული ცდების შესაძლო დაწყების შესახებ დებატი, რაც დაბალბიუჯეტიან ბირთვულ ტესტებში რუსეთისა და ჩინეთის სავარაუდო თანამშრომლობას მოყვა. ამ გარემოებებში “ღია ცის” შეთანხმების დატოვებასთან ერთად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ აღარ გააგრძელებს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებას (New START), რომელსაც ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურება. ამგვარი ტენდენცია აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლოა, იყოს  ბირთვულ შესაძლებლობებზე რეფოკუსირების ნიშანი, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვაშინგტონის წონას გაზრდის.

ზოგიერთი მოსაზრებით, შეთანხმებიდან გასვლა აშშ-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან სარგებელს ვერ მოუტანს: პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებას ექსპერტები საგარეო-პოლიტიკურ ჩავარდნად აფასებენ და ამბობენ, რომ ტრამპმა პუტინს დიპლომატიური გამარჯვება საკუთარი ხელით გადასცა. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს „ღია ცის“ შეთანხმების მიღმა სადამკვირვებლო ოპერაციების ჩატარება უფრო განვითარებული ტექნოლოგიებით შეუძლია, ფრენების უპირატესობებს ეს მაინც ვერ ჩაანაცვლებს. რაც მთავარია, ტრამპის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აშშ-ს უთანხმოებასატოს წევრ ევროპელ მოკავშირეებთან. 

 

ღია ცისდილემა ევროპული უსაფრთხოებისთვის

აშშ-ს მიერ ხელშეკრულების დატოვება ტექნიკურად ნიშნავს, რომ ვერც აშშ და ვერც რუსეთი ერთმანეთის ტერიტორიებზე სადაზვერვო ფრენებს ვეღარ განახორციელებენ. მოვლენათა ამგვარი განვითარების ფონზე ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა და შეთანხმების სხვა წევრებმა დაადასტურეს, რომ ისინი შეთანხმაში რჩებიან. თუმცა ფაქტია, ვაშინგტონის მიერ შეთანხმების დატოვებით გამოწვევები ევროპის უსაფრთხოებისთვის იზრდება: რუსეთს ევროპაზე მეტი აქცენტის გადატანის და ინტენსიური სადამკვირვებლო ოპერაციების ჩატარების საშუალება უჩნდება. თავის მხრივ, ევროპულ ქვეყნებს ნაკლებად გააჩნიათ აშშ-სთან გათანაბრებული ხარისხის შესაბამისი ტექნიკა მონიტორინგისთვის: ნატოს წევრი არაერთი ქვეყანა რუსეთის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს ვაშინგტონისგან სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში იღებს. და ბოლოს, რუსეთი ინარჩუნებს სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას აშშ-ს ევროპულ ბაზებზე, შესაბამისად, მან ან უნდა დაუშვას ეს კონტროლი, ან მოუწევს დატოვოს კონტინენტი.

ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები სხვადასხვაგვარია: 11 ქვეყნის ერთობლივ მიმართვაში და იან სტოლტენბერგის ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები „ღია ცის” შეთანხმების დარღვევად მოიხსენიება. თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის თქმით, ეს “არ ამართლებს” ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, დატოვოს შეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპის ლიდერები დაინტერესებული არიან აშშ-ს შენარჩუნებით, რათა მაქსიმალურად შეძლონ რუსეთის დაბალანსება. 

 

რუსეთის რეაქცია და ტრადიციული ორმაგი სტანდარტი

მოსკოვის რეაქცია როგორც აშშ-ს ბრალდებებზე, ისე გადაწყვეტილებაზე, დატოვოს ხელშეკრულება, ასახულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ის არ აპირებს, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის პირობები შეცვალოს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ადასტურებს, რომ აშშ-ს ხელშეკრულებიდან გასვლა ევროპული უსაფრთხოებისთვის რისკების გაზრდას ნიშნავს. 

მოსალოდნელი სცენარების განხილვისას ექსპერტებს შორის სხვადასხვა ვარაუდები არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მოსკოვისთვის ნებისმიერი სცენარი მომგებიანი იქნება: პოლიტიკური თვალსაზრისით, მას შეუძლია აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ აშშ-სგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო შეთანხმებებს და არ ტოვებს მათ. ამასთან, მას შეუძლია, აშშ-ს მსგავსად, დატოვოს ხელშეკრულება ყოველგვარი მორალური წნეხის გარეშე და ამით თავიდან აიცილოს ევროპული სადამკვირვებლო მისიების დაშვება საკუთარ ტერიტორიაზე. ამის პარალელურად მას პოტენციურად უჩნდება შესაძლებლობა, ისარგებლოს ევროპული ქვეყნების ინტერესებით და მათთან ახალ დამოუკიდებელ თანამშრომლობებს ჩაუყაროს საფუძველი უსაფრთხოების სფეროში.

 

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და როგორ უნდა იმოქმედოს მან?

მოვლენათა ამგვარი განვითარების ფონზე, საქართველო ვერ დათანხმდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოგარენში ფრენებზე  დაწესებულ შეზღუდვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს მიეცემა ლეგიტიმაცია, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით განახორციელოს სადამკვირვებლო ფრენები ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, თბილისი ამას არც აპირებს. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, ეს დავა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულების სრულფასოვან მოქმედებას საფრთხე შეექმნა. შესაბამისად, ვერც მისი მოგვარება იქნება შეთანხმების გადარჩენის საფუძველი. ვაშინგტონს მოსკოვთან არაერთი პრეტენზია აქვს, რომლებიც თანაბრად საჭიროებენ გადაჭრას.

და ბოლოს, შექმნილ სიტუაციაში საქართველომ არც ხელშეკრულების დატოვება უნდა იჩქაროს, რადგან, პირველ რიგში, აშშ-ს მიერ დაანონსებული კრიტიკული 6 თვის განმავლობაში შეიძლება გარემოებები შეიცვალოს, მეორე მხრივ, კი ხელშეკრულების ნაწილად რჩებიან ევროპელი პარტნიორები – როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი მოკავშირეები, რომლებთან თანამშრომლობაც გრძელვადიან კონტექსტში შეთანხმების ფარგლებში საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts