ახალგაზრდულ მანიფესტზე მუშაობა დაიწყო: GIP-ის გუნდმა GEOYOUTH2020-ის მონაწილეთათვის ახალგაზრდული სამიტების სერია გახსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში „ახალგაზრდული მანიფესტის“ შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ახალგაზრდული მანიფესტის შექმნა წარმოადგენს პროექტის „GEOYOUTH 2020: ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ მთავარ მიზანს. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

მანიფესტის შექმნის პროცესი ახალგაზრდულ სამიტებზე მიმდინარეობს, რომლებიც 25 ივნისს დაიწყო და ივლისის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 10 ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერას დისკუსიების წახალისების გზით.

პროექტის გუნდი თავს მოუყრის 150-ზე მეტი მონაწილის ხედვებსა და იდეებს საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. 10 სამიტის შემდეგ კი ეს იდეები და ხედვები, მონაწილეების ხმის მიცემის პრინციპით, საბოლოო მანიფესტში აისახება.

ნინო სამხარაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი და ახალგაზრდული სამიტის ერთ-ერთი ფასილიტატორი

„სამიტების პირველმა ტალღამ გამოავლინა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით: ახალგაზრდების საერთო ნიჰილისტური დამოკიდებულებები, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახალგაზრდების შესაძლებლობების არასაკმარისად აღქმა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და საგანმანათლებლო პროგრესის საჭიროება – ეს არის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად უნდა გადაიჭრას პასუხისმგებელი აქტორების მიერ“.

 

ახალგაზრდული მანიფესტი არჩევნებში მონაწილე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს წარედგინებათ, რაც წაახალისებს მათ, მეტად ჩართონ ახალგაზრდები თავიანთ საქმიანობაში. ასევე, მანიფესტი დაეხმარებათ მათ, უკეთ გაიგონ ახალგაზრდების საჭიროებები და ეფექტურად გაზარდონ ახალგაზრდების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.

 

ნინო ჯიბუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი და ახალგაზრდული სამიტის ერთ-ერთი ფასილიტატორი

„სამიტების განმავლობაში შევხვდი ჩვენი ახალგაზრდობის გამორჩეულ წარმომადგენლებს, რომლებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. მათ აქვთ კრეატიული იდეები და სიამოვნებით ვიხილავდი ამ იდეების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას“.

თითოეულ სამიტში მონაწილეობას 18 დან 35 წლამდე ახალგაზრდები იღებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით და ამასთანავე, სურთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე კონკრეტული, სწორი მესიჯები მიიტანონ. შერჩეული მონაწილეები განსხვავებულ სფეროებს წარმოადგენენ. ზოგიერთი მათგანი დასაქმებულია საჯარო სექტორში, ზოგი – არასამთავრობო და კერძო სექტორში. მონაწილეებს შორის დაცულია გენდერული ბალანსი და ასევე უზრუნველყოფილია პროექტში შშმ პირების ჩართულობა. პროექტის სამიზნე რეგიონებია და, შესაბამისად, სამიტები ჩატარდება: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში (სომხურ ენაზე), ქვემო ქართლში (2 სხვადასხვა ჯგუფი, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე), შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში (2 ჯგუფი).

სალომე ჟვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთი

“GEOYOUTH2020-ის პროექტმა დაგვანახა, რომ დემოკრატიის მშენებლობისათვის ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირველმა შეხვედრამ მოგვცა შესაძლებლობა ამ მიმართულებით გუნდურად გვემუშავა და უკეთ გაგვეცნო გუნდის წევრების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიის მშენებლობაში.”

ამ დროისათვის სულ 5 სამიტია ჩატარებული შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთში, აჭარა/გურიასა და თბილისში. მიმდინარე სამიტებზე, მომხსენებლებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში; ასევე, თუ როგორ შეუძლიათ ძლიერ, აქტიურ და განათლებულ ახალგაზრდებს ქვეყნის განვითარების მიმართულების განსაზღვრა.

ანა კეკოშვილი, თბილისი

GEOYOUTH2020-მა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ახალგაზრდების ძალაში. განსაკუთრებით საინტერესო იყო პანდემიის პირობებში ქართველი ახალგაზრდების ერთ ონლაინ სივრცეში ნახვა, მათი გაცნობა და  მოსაზრებების გაცვლა. ამ პროექტში მე დავინახე ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის წარმატებული მცდელობა, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული ინიციატივების პრაქტიკაში დანერგვით დაგვირგვინდება.”

მონაწილეთა შერჩევის პროცესი იყო გამჭირვალე და თანაბრად ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა უზრუნველჰყო აპლიკაციების ხელმისაწვდომობა სამ ენაზე: ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მიღებული 206 აპლიკაციიდან, საერთო ჯამში შეირჩა 150 მონაწილე საქართველოს 10 რეგიონიდან. მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო გამოხატული ინტერესი საკითხის მიმართ (ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა), კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირების უნარი და აპლიკაციის ზოგადი ხარისხი.

#CivilSocietyCooperation

Related Posts