#გააშუქეEU – “ნელი ნაბიჯებით მდგრადი განვითარებისკენ”

ავტორი: ლელა ალანია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ხობინიუსზე
სტატია მომზადდა პროექტის – #გააშუქეEU – ფარგლებში

მცირე მეწარმეები სამეგრელოდან ცდილობენ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA-ის) ვალდებულებებს აუწყონ ფეხი და თავიანთი ნაწარმი გაიტანონ ევროპაში.

საქართველოს ევროკავშირისაკენ სწრაფვამ მოგვიტანა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი გულისხმობს მაღალმყიდველობითი უნარის მქონე 500 მლნ-იანი ბაზრის გახსნას საქართველოში მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის. რაც გრძევლადიან პერსპექტივაში ნიშნავს, შევცვალოთ და უკეთესობისაკენ წავმართოთ ჩვენი ცხოვრება და დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს.

ასოცირების ხელშეკრულების და კერძოდ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის დადებით მხარეს, ნათლად აცნობიერებენ მცირე მეწარმეები სამეგრელოდან, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მამა-შვილი იაკობ და კახა ცქირიები.

იაკობ ცქირია: ,”ახალგაზრდამ დავიწყე დაფნის საამქროში ნედლეულის დამზადებაზე მუშაობა და ეს საქმე კარგად რომ ავითვისე, გადავწყვიტე თავად მეწარმოებინა პროდუქცია. შემდეგ ერთ-ერთი პირველები ვიყავით სამეგრელოში ვინც კოოპერატივი ,,დაფნარი“ ჩამოვაყალიბეთ და დაფოთლილ, დახარისხებულ პროდუქტს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვაგზავნიდით სარეალიზაციოდ. მაშინ სხვა რეგულაციები იყო, სერტიფიკატებიც საბჭოთა მოთხოვნისამებრ კეთდებოდა (ე.წ. „გოსტის“ სტანდარტის მიხედვით), ხარისხიც შესაბამისი იყო. ტონობით ქართული დაფნა გადიოდა საზღვრებს გარეთ. მერე ჩაიკეტა ,,დიადი რუსეთი“ და რადგანაც ,,სხვა სამყარო’’ ჩვენთვის ისედაც არ არსებობდა, ფაქტობრივად ბიზნესი დაგვენგრა… რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით, ჩვენი ძალებით ვცდილობდით კავშირი დაგვემყარებინა ევროპის ქვეყნებთან, თუმცა მკაცრი რეგულაციები და საბაჟო გადასახადები გზას გვიკეტავდა.”

ცუდი დრო დაუდგათ მეწარმეებს, დაკარგეს რუსეთის ბაზარი, ევროპისკენ თავიანთი პროდუქციის გატანას ოცნებაში თუ ბედავდნენ. სწორედ ასოცირების ხელშეკრულება და მისი სავაჭრო კომპონენტის – DCFTA-ის ნაწილი იქნა ბევრი ბიზნესმენის, მცირე და საშუალო მეწარმეების ხსნა, რაც გულისხმობს პროდუქტის ტარიფებისა და კვოტების გარეშე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე დაშვებას. მათ დაინახეს ნათელი წერტილი, რომელიც შორს ევროპიდან აკიაფდა.

გამოწვევები დიდია, რთული გზაა გასავლელი, რაც სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების დაკმაყოფილების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვადასხვა მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი, შანსი არსებობს.

ისევ დაიწყეს ცქირიების სახლში დაფნის ბიზნესზე ფიქრი, ახლა უკვე შვილი, კახა ცდილობს გასულ საუკუნეში მამის დაწყებული საქმე განავითაროს და ახალი შესაძლებლობებით და დაუღალავი შრომით დაფნის პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანოს. ოცნება რეალობაში იძერწება და კახა ცდილობს სტანდარტებითა და რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედოს და თავისი პროდუქტით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გავიდეს.

კახა ცქირია: “საშუალება მომეცა ჩემი მშობლის დაწყებული ბიზნესი გავაგრძელო. ეს დიდი შესაძლებლობა საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულებამ მომცა. ფაქტობრივად DCFTA არის შანსი ბიზნესი გავაფართოვოთ. რაზეც ჩვენი მამები ოცნებობდნენ, დღეს რეალობად იქცა. თუმცა ეს შანსი დიდ შრომას, ცოდნას და თანხას მოითხოვს. წინ ბევრი სირთულეები გველოდება, მაგრამ ეს ყველაფერი მიღწევადია და დაძლევადი. სახელმწიფოც გვერდით უდგას მცირე მეწარმეებს თავის თანადაფინანსების პროგრამებით. მაგრამ გამოწვევები ბევრი გვაქვს – რეგულაციებით და სხვადასხვა ვალდებულებებით, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოვებს ევროპის ბაზარს. DCFTA დიდი შესაძლებლობაა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ევროპული ბაზრის დასაპყრობად.

ნათია დაღელიშვილი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერი, DCFTA-ის ექსპერტი: “ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს გადაჰყავს ქვეყანა საშეღავათო სავაჭრო რეჟიმზე და ქმნის შესაძლებლობას, გაზარდოს ბაზარზე წვდომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიზებულ რეგულაციებზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ის ძალაში შესვლიდან თითქმის 5 წელი გავიდა, საქართველო სრულად ვერ იყენებს შეთანხმების სიკეთეებს. ქართული პროდუქციის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის ძირითადი გამოწვევები ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებთან შეუსაბამობა და გაუმართავი წარმოების ჯაჭვია, რაც თითქმის საწარმოს გადაიარაღებას და ახალ სტანდარტებზე აყვანას გულისხმობს.

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტი გულისხმობს შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილებას: DCFTA-ის ძალაში შესვლის მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარი ღიაა მხოლოდ იმ პროდუქციისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის ბაზრისთვის განსაზღვრულ შიდა რეგულაციებს. რეალურად, სატარიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიღმა ე.წ. არასატარიფო ბარიერები რთული გადასალახია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. გამოსავალი მდგომარეობს ცნობიერების დონის ამაღლებაში (სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა, განსაკუთრებით რეგიონებში); სახელმწიფო პროგრამების მორგებაში რეგიონების სპეციფიკასთან ფინანსების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის გათვალისწინებით; მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში; დუალური განათლებისა და პროფესიული სწავლების მხარდაჭერაში; ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში; საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების განვითარებაში, რაც გაწერილია სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება DCFTA საფუძველი, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა დააკმაყოფილონ ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის მოთხოვნები და დასძლიონ არასატარიფო ბარიერები.”

როგორც ქალბატონმა ნათიამ განმარტა – ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი, რათა ქართული პროდუქტი მოხვდეს ევროპის ბაზარზე. მიუხედავად ამისა, მეწარმეები ცდილობენ ფეხი აუწყონ ცხოვრების ახალ წესებს, ისწავლონ, იბრძოლონ, ეძებონ და მიაღწიონ საწადელს .


სტატია მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის – “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ფონდის მისიაა, ცენტრალურ ევროპაში, მდგრად რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეების განვითარებას შეუწყოს ხელი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და მასარისკის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

Related Posts