#გააშუქეEU – “პერსპექტივა, რომელიც საქართველოს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს”

ავტორი: ლელა ალანია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ხობინიუსზე
სტატია მომზადდა პროექტის – #გააშუქეEU – ფარგლებში

კენკროვანი კულტურის გაშენება საქართველოსთვის ევროპული ბაზრის დაკავების  და სტაბილური ბიზნესის გარანტია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ჩარჩოხელშეკრულებამ სახელმწიფო განვითარების ახალ პლატფორმაზე დააყენა.  მისი ეფექტური განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს და გულისხმობს, ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. საზოგადოება მნიშვნელოვნად აპელირებს საქართველო-ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივაზე, თუმცა თანხმდება, რომ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დიდი გარანტია. DCFTA-ის შედეგად მცირე და საშუალო მეწარმეებმა გარკვეული მიზნები დაისახეს და თავიანთი იდეები ევროპულ ბაზარს მოარგეს.

ზაზა ქარდავა ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრია. ის პროფესიით საბანკო-საფინანსო საქმის სპეციალისტია, თუმცა თავისი საქმიანობა შპს ,,ხარებას“ დაუკავშირა და დიდ ექსპერიმენტში ჩაერთო, რაც გულისხმობდა ახალსოფელში კენკროვანი კულტურის, კერძოდ, მოცვის გაშენება, მოვლა-პატრონობას.

-“მახსოვს, როდესაც გუნდი შეიკრიბა და მის მენეჯერად დამნიშნეს, თან რაიონისთვის უცხო კულტურის დარგვა, მოვლა-პატრონობა დამავალეს 10 ჰექტარზე, ეს დიდი რისკი და გამოწვევა იყო ჩემთვის. სწორედ იმ დღიდან მთელი ჩემი ენერგია და დრო ამ კულტურის შესწავლას და მასზე ზრუნვას მოვახმარე. მივხვდი, გადაწყვეტილება სწორად იყო მიღებული და ჩვენი მაღალი მჟავიანობის მქონე მიწები მოცვის კულტურის გასავითარებლად საუკეთესო პირობა იყო. როცა პირველი ნერგი დავრგე, ბევრ გამოწვევას დავუპირისპირდი, უნდოდ მომზირალი თვალები, ექსპერიმენტები, ეჭვები… მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცა, როცა რამდენიმე თვეში მცენარეზე საცდელი ნაყოფი შევნიშნეთ. ეს საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა და შედეგი დამედო. ვიცოდი ბევრი მეწარმე გულისყურით ადევნებდა ჩემს ექსპერიმენტს თვალს. უკვე მეორე წელია ჩემს გუნდთან ერთად, სადაც სეზონურად 84 ადამიანამდე ვასაქმებ, მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ გათენებიდან გვიან ღამემდე.  ველოლიავებით, ვეფერებით ნერგებს, ყურადღებას არ ვაკლებთ, შედეგიც დამაიმედებელია. ამ ჯერზე 4 ტონა დავკრიფეთ და მოსავლის აღებამდე კიდევ ველოდებით იმდენივეს.”

-სამომავლოდ რას აპირებთ?

– “რადგან სახელმწიფომ ასოცირების  ჩარჩოხელშეკრულების ხელმოწერით გზა გაგვიხსნა ევროპისკენ,  ბაზარი მზარდია, კენკროვანი კულტურა კი მოთხოვნადი, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი მეწარმე და ბიზნეს-ოპერატორი უნდა დავაინტერესოთ ამ მიმართულებით და შევუწყოთ ხელი ამ კულტურის განვითარებას. ჩვენი პერსპექტივა გაფართოებაა. კულტურა, რომელის გაშენებაზედაც ჩვენ ვზრუნავთ,  უალტერნატივო და მომავალი წარმატების საწინდარია. მცირე მეწარმეებისთვის განვითარების დიდი საშუალებაა, რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების. სამომავლოდ ვგეგმავთ სამეგრელოში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ევროპელ მომხმარებელს. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და სამუშაო გველოდება.”

-რას ეტყვით იმ ფერმერებს, ვინც გულმოდგინედ ადევნებს თქვენს საქმიანობას თვალ-ყურს?

– “ექსპერიმენტმა გაამართლა. მოდით ვითანამშრომლოთ. მე ჩემდათავად დავეხმარები, გავუზიარებ გამოცდილებას, პრაქტიკას და გვერდში ამოვუდგები. უფრო მეტი მასივები უნდა დაიტვირთოს კენკრით, დამერწმუნეთ, ეს წარმატებული ბიზნესის საწინდარია. რაც უფრო ბევრი ეკოლოგიურად ჯანსაღი, ხარისხიანი პროდუქტი გვექნება, მით უფრო მალე გავიტანთ ჩვენს პროდუქტს ევროპულ ბაზარზე. სახელმწიფოც მზადაა გვერდში დაუდგეს მცირე მეწარმეებს და ხელი შეუწყოს მათ კენკროვანი კულტურების მოვლა-პატრონობისა და რეგიონებში მათი დამკვიდრების განვითარებაში.

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი – ბესიკ ნაჭყებია:

“სახელმწიფომ კენკროვანი კულტურების განაშენება პრიორიტეტად დაისახა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი – ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ამოქმედებით, საქართველოს გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას, 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს და ამ ბაზარზე კენკროვანი კულტურის დიდი მოთხოვნაა. და მეორე –  ჩვენი რეგიონის მაღალმჟავიანი სტრუქტურის ნიადაგი და კლიმატური პირობები  ყველაზე მეტად შეესაბამება კენკროვანი კულტურის გაშენების პირობებს. სახელმწიფომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, თან გაითვალისწინა, რომ რეგიონი უმეტესად დასახლებულია მცირემიწიანი ფერმერებით, სწორედ მათ მოარგო კენკროვანი კულტურების:  ჟოლოც, უეკლო მაყვალისა და მოცვის სრულ დაფინანსების სახელმწიფო დახმარების პროგრამა. რაც გულისხმობს მეწარმის  ნერგებით, სარწყავი სისტემით და საჭირო მასალებით უზრუნველყოფას. ასევე არის მეორე პროგრამაც დიდი ფერმერებისთვის, ისინი ვინც ფლობენ ნახევარი ჰექტრიდან -20 ჰექტრამდე ფართობებს ნერგის თანადაფინანსების 70%-ს, და სარწყავი სისტემის 50%-დე უზრუნველყოფას. ასევე კოოპერატივის ჩამოყალიბების შემთხვევაში სახელმწიფო  უფასოდ უზრუნველყოფს სამაცივრე დანადგარით. დამერწმუნეთ, ეს დიდი შეღავათია და დახმარებაა სახელმწიფოს მხრიდან. ნამდვილად, საჭირო და აუცილებელია მოვნახოთ გზები, რითაც მცირე და საშუალო მეწარმეები, ფერმერები შეძლებენ ისეთი საშუალების პოვნას, რაც ქვეყანას და საკუთარ წარმოებას უკეთესი,  წარმატებული  მომავლის პერსპექტივას დაუსახავს და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.”


სტატია მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის – “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ფონდის მისიაა, ცენტრალურ ევროპაში, მდგრად
რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეების განვითარებას შეუწყოს ხელი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და მასარისკის უნივერსიტეტის შეხედულებებს.


Related Posts