ექსპერტთა გამოკითხვის შესახებ

ექსპერტთა გამოკითხვა არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა (Georgian Institute of Politics – GIP). ინიციატივა გულისხმობს, 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მიღებული შედეგების, დასავლეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით, გაფილტვრა-აგრეგაციას. გამოკითხვა მოიცავს, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგების დადგენას და ასევე კონკრეტულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის.

წინასაარჩევნო პროგნოზირება სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნებისმიერი არჩევნების წინ, ისევე როგორც არჩევნებსშორის პერიოდში. ზუსტი პროგნოზირება ამცირებს წინასაარჩევნო გაურკვევლობას, რაც მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს თვით პოლიტიკურ პარტიებს, სამთავრობო უწყებებს, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს.

საარჩევნო გამოკითხვა საკმაოდ პოპულარულია ქართულ საზოგადოებრივ დისკუსიებშიც. თუმცა საკითხავია, თუ რამდენად ზუსტად შეუძლიათ მათ არჩევნების შედეგების პროგნოზირება. ამ მხრივ, ჩვენი გამოკითხვის შედეგები არ შეიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ. „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რომელიც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში.

შესაძლებლობათა კორიდორი საშუალებას მისცემს საზოგადოებას, განიხილოს არჩევნების შედეგების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტები. ჩვენი პროექტი სხვადასხვა მკვლევარებს, პოლიტიკურ აქტორებს, ჟურნალისტებს და უბრალო მოქალაქეებს მიაწვდის ობიექტურ წინასაარჩევნო ინფორმაციას და დაეხმარება უკეთ გაანალიზონ და გააცნობიერონ გამოკითხვების ძლიერი და სუსტი მხარეები.

პარტიების „შესაძლებლობათა კორიდორის“ გამოყენებით, ექსპერტთა გამოკითხვა დაგვეხმარება ყურადღება გავამახვილოთ მოსალოდნელ სცენარებზე და მოვემზადოთ მათთვის.

გამოკითხვები ჩატარდება და შედეგები გამოქვეყნდება რეგულარულად, რათა სათანადოდ ავსახოთ ცვლილებები პარტიების რეიტინგში და დავაკვირდეთ პარტიული კონკურენციის დინამიკას საქართველოში.

ხშირად დასმული შეკითხვები

  • რას წარმოადგენს ექსპერტთა გამოკითხვა? ექსპერტთა გამოკითხვა არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა (Georgian Institute of Politics – GIP). ინიციატივა გულისხმობს 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მათი მოსაზრებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
  • ვინ აწარმოებს გამოკითხვას? პროექტის ავტორია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. 
  • რა არის ექსპერტთა გამოკითხვის მთავარი უპირატესობა? როგორც წესი, სხვადსხვა სფეროში მომუშავე რამდენიმე ექსპერტთა კოლექტიური აზრი უფრო ზუსტია, ვიდრე ცალკეული ექსპერტების პოზიცია. წინასაარჩევნოდ მათი მოსაზრებების მოგროვება და გაანალიზება დაგვეხმარება არჩევენის შედეგების პროგნოზირებაში.
  • ვინ არიან ექსპერტები? ჩვენი გამოკითხვისთვის ხდება სხვადასხვა სფეროში მომუშავე როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტების შერჩევა და მათი გამოკითხვა სხვადასხვა გზებით.
  • რამდენი ექსპერტი იღებს გამოკითხვაში მონაწილეობას? როგორც წესი, ხდება 30-50 ექსპერტის გამოკითხვა, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ პასუხების ფართო სპექტრი.
  • შესაძლებელია რომ მონაწილეობა მივიღო თქვენს გამოკითხვაში? დიახ, თუ თქვენ გაქვთ ექსპერტული ცოდნა აღნიშნულ საკითხზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გვიამბოთ თქვენ შესახებ.
  • რა საჭიროა შედეგების პროგნოზირება? სავარაუდო სცენარების იდენტიფიცერება საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • რა გზას მიმართავთ რესპონდენტთა არაადეკვატური პასუხების შემთხვევაში? ჩვენ გამოცდილ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად შევიმუშავეთ გამოკითხვის შედეგების გაფილტვრის რამდენიმე მეთოდი, რაც შედეგებს უფრო რეალისტურს ხდის.
  • რა განსხვავებაა ექსპერტთა გამოკითხვას და სოციოლოგიურ კვლევას (მოსახლეობის გამოკითხვას) შორის? როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევები არის ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი არჩევნების შედეგებს გამოსაცნობად, თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება.
  • რა არის სოციოლოგიური კვლევების მთავარი ნაკლოვანებები? ბევრი ადამიანი არ არის მზად ისაუბროს საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ. ამასთან სოციოლოგიური კვლევები ცდილობენ მოიცვან მთელი მოსახლეობა, თუმცა როგორც წესი, მოსახლოების დაახლობით 40% არჩევნებზე არ მიდის. შესაბამისად, ძალიან რთულია იმის გამოცნობა, თუ ამომრჩევლის კონკრეტულად რომელი ნაწილი არ წავა არჩევნებზე. ზოგადად, სოციოლოგიური გამოკითხვები უფრო სასარგებლოა მოსახლეობის პრეფერენციების გამოსაკვლევად, თუმცა ისინი ხშირად არ არის საკმარისი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად.
  • როგორ უმკლავდებიან სოციოლოგიური კვლევების აღნიშნულ ნაკლოვანებებს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში? სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებმა დასავლეთში ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავეს და დახვეწეს სხვადასხვა მეთოდები, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების სხვადსხვა კრიტერიუმების მიხედვით გაფილტვრას და აგრეგაციას. სავარაუდოდ, შემდგომი 5-10 წლის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევის ტექნიკები დაიხვეწება საქართველოშიც.
  • არსებობს მსგავსი გამოკითხვის ანალოგი სხვა ქვეყნებში? კვლევა ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევარის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც საკუთარ ვებსაიტზე 538 აშშ-ს არჩევნების შედეგებს რეგულარულად აქვეყნებს მაღალი სიზუსტით.
  • ვინ აფინანსებს ექსპერტთა გამოკითხვას? გამოკითხვას ამ ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (National Endowment for Democracy, NED)