გაურკვევლობა ევროპაში: ახალი რეალიები და საქართველო

შოთა გელოვანი
პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტი
მანჰაიმის უნივერსიტეტი

მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზეა კონცენტრირებული, ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები არანაკლებ  ცვლილებებს გვიქადის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის მიგრანტთა კრიზისი და საფრანგეთსა და გერმანიაში მოახლოებული არჩევნები. ეს ფაქტორები მჭიდროდაა ურთიერთდამოკიდებული. მიგრანტთა ბოლოდროინდელმა შემოდინებამ ევროპაში, ქსენოფობიის და მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების მომძლავრებას შეუწყო ხელი. საფრანგეთიდან სლოვაკეთამდე, თანდათანობით საზოგადოებრივი აზრი ანტი-ისტებლიშმენტური მოძრაობებისადმი იხრება, რომლებიც, ამომრჩევლებს ამა თუ იმ ფორმით სთავაზობენ ნაციონალიზმს, როგორც იდეოლოგიას, და ხშირ შემთხვევაში აგრესიული ფორმითაც კი. ამ ყოველივემ კი ევროსკეპტიკურ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ახალი გასაქანი მისცა.

მიგრანტთა კრიზისს და მის ეფექტებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე საკმარისი ყურადღება არ დაეთმო ქართული საზოგადოების, მედიის თუ აკადემიური წრეების მხრიდან. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან საქართველოს შედარებით მცირე რაოდენობით ლტოლვილთა მიღება მოუწია. შესაბამისად, ჩვენ არ  გაგვიაზრებია ის გამოწვევები, რომლებიც პოლიტიკურ წესრიგს  უქმნის საფრთხეს დასავლეთ ევროპაში. უფრო მეტიც, ეს დადებითად აისახა ქვეყნის მისწრაფებაზე – ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი მიეღო, რადგან ევროკავშირში არსებული ეჭვი, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს ტერორისტთა და ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებათა სატრანზიტო ქვეყანა, შესუსტდა. ყოველივე ამის მკაფიო გამოხატულებაა თებერვლის დასაწყისში ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის მინიჭების თაობაზე. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხებზე ჯეროვნად იმუშავა და არალეგალურ იმიგრაციასთან საბრძოლველად საერთო პოლიტიკაც კი შეიმუშავა, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებს.

თუმცა, ევროპაში მიმდინარე კრიზისს ირიბი, უარყოფითი ეფექტი მაინც აქვს საქართველოზე. როგორც მოსახლეობის უახლესი გამოკითხვებიდან (ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანია) და გერმანიაში, კობლენცში მემარჯვენე პოპულისტური პარტიების შეკრებიდან ჩანს,  მიგრაციის ტემპის სწრაფ ზრდასთან და დასავლეთ ქვეყნების ხელისუფლებების საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული უკმაყოფილება მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს საზოგადოებრივ აზრში. ამომრჩეველთა სულ უფრო დიდი ნაწილი ითხოვს ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნებისათვის გადაადგილების თავისუფლების და ინტეგრაციის შეზღუდვას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც, რომელთა შორის საქართველოცაა. საქართველოსთვის ეს პროცესი ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რამდენადაც როგორც წესი, პოპულისტური მოძრაობები და პარტიები ევროსკეპტიკოსები და იმიგრაციისა და ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეები არიან. თუკი საფრანგეთსა და გერმანიაში ძალაუფლებას მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების ხელში გადავა, ამას, შესაძლოა, მოჰყვეს ევროკავშირის გაფართოების საკითხის გვერდზე გადადება.

მემარჯვენე-პოპულიზმის ზრდა სხვა საკითხებშიც აისახება. მაგალითად, ევროპელ პოლიტიკოსთა მზარდი ნაწილი უკვე აღარ განიხილავს ვლადიმირ პუტინს როგორც მტერს, არამედ მასში პოტენციურ პარტნიორს ხედავს. საფრანგეთის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, ფრანსუა ფიონის მიერ გაკეთებული განცხადებები ამ ტენდენციის დადასტურებაა:

„უბრალოდ იმას უნდა დავჯერდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ევროკავშირსა და ნატოში  გაწევრიანებისთვის არ არიან მომწიფებულნი. [არც] აშშ-ს სჭირდება აგრესიული ქვეყნები მის საზღვრებთან… ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით და რასაც ვხედავ, არის ის, რომ ჩვენ ვკარგავთ რუსეთს. შეგვიძლია კი რუსეთი უფრო გონივრულ პოზიციებს დავუბრუნოთ? არ ვიცი. მაგრამ, ნამდვილად უნდა ვეცადოთ.“

ფიონის ყველაზე მთავარი ოპონენტი მარინ ლე პენი იქნება ეროვნული ფრონტიდან, ევროსკეპტიკოსი, რომელიც პუტინისადმი არსებულ სიმპათიებს არ მალავს. შესაბამისად,  2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში, თუკი ფიონი და ლე პენი მეორე რაუნდში აღმოჩნდებიან, საქართველოსთვის შესაძლოა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გახდეს. საუკეთესო ვარიანტი იმისთვის, რომ საფრანგეთი კვლავ ევროინტეგრაციის მომხრე და, შესაბამისად, საქართველოს მისწრაფებებისადმი სიმპათიით განწყობილი იყოს,  მესამე კანდიდატი – ემანუელ მაკრონია. მაკრონი საბაზრო პრინციპების მომხრე დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მხარდაჭერა  ძირითადად, ფიონის წარუმატებლობის ხარჯზე მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ მაკრონის გაპრეზიდენტება  საქართველოსთვის უფრო პოზიტიური იქნება, მეტადრე თუკი გავითვალისწინებთ ევროკავშირის მიმართ მის  დადებით დამოკიდებულებას.

სიტუაცია უფრო საიმედოა გერმანიაში, სადაც სავარაუდოდ, მმართველი კოალიცია კვლავ დარჩება ხელისუფლებაში. უახლესი გამოკითხვების მიხედვით, მასში შემავალი ორივე პარტია – ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები, არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებენ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ანგელა მერკელის პოსტი სოციალ-დემოკრატმა მარტინ შულცმა დაიკავოს, რამდენადაც გამოკითხვების მიხედვით არსებული სხვაობა  ამ ორ პარტიას [და მათ კანდიდატებს] შორის ძალიან მცირეა. აღსანიშნავია ისიც, რომ შულცს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ჯერ კიდევ ევროპარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს აქვს გამოხატული.

მიუხედავად ამისა, მერკელის შანსები მაინც უფრო მაღალია. ეს კი,  2017 წელს გერმანიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე თბილისს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგების უპრეცედენტო ზრდა არც ისე საგანგაშოა, რადგან მმართველ კოალიციაში მათი შესვლის შანსები თითქმის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მემარჯვენე ნაციონალისტების ბუნდესტაგში შესაძლო შესვლა მიგრანტთა კრიზისის და პოპულიზმის მზარდი ტალღის გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენოს როგორც საქართველო ასევე გერმანიის პოლიტიკური სპექტრი.

აქედან გამომდინარე, საჭიროა რომ საქართველომ მიზანმიმართულად გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე მიზანსწრაფული სვლა. საქართველომ უკვე მიიღო მწვანე შუქი ვიზა ლიბერალიზაციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მარტში შევა ძალაში. თუმცა, ინტეგრაციის გზაზე ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ამ მიღწევამ ინტეგრაციის პროცესის ტემპი არ უნდა შეანელოს, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი ევროპარლამენტის და ევროკომისიის პრეზიდენტის (ჟან-კლოდ იუნკერი) მუშაობის პირობებში, რომელთაც ვადა 2019 წელს ეწურებათ.

ამ პროცესების ფონზე საინტერესოა საქართველოში განვითარებული მოვლენები. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურების და ამ გზაზე არსებული გაურკვევლობების მიუხედავად, ქართული საზოგადოება ევროკავშირისა და ნატოს წევრობას კვლავ უჭერს მხარს. NDI-ს მიერ 2016 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 72% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 61% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. თუმცა, სიტუაცია არც ისეთი დამაიმედებელია როგორც ეს ზედაპირზე ჩანს. CRRC-ს კვლევამ ანტი-დასავლური განწყობების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია დააფიქსირა.

NDI-ს კვლევაში გამოჩნდა, რომ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვებას უჭერს მხარს. ეს საგანგაშო ტენდენცია კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ძალისხმევით უნდა დაძლიოს. საქართველოს მთავრობამ საზოგადოების ფართო ფენების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვა უნდა უზრუნველყოს, კერძოდ, ჩაატაროს საინფორმაციო კამპანიები უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, მათთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით. და რაც მთავარია, მთავრობამ უნდა განავითაროს და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ქვეყნის გზამკვლევი ევროინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ეს პროცესი  მომდევნო წლებში, შესაძლოა, უფრო ნაკლებად განჭვრეტადი და წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდეს.

მემარჯვენე ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის ზრდის გათვალისწინებით, კომუნიკაციის გაძლიერებისათვის საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ბიზნეს წრეებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან. ევროპაში მიმდინარე არასტაბილური პროცესების მიუხედავად, შესაძლებელია წევრობის შესახებ დიალოგის წარმოებაც. მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპელი ამომრჩეველი თანდათან უფრო სკეპტიკურად ხდება განწყობილი როგორც იმიგრაციასთან, ასევე ევროკავშირის გაფართოებთან მიმართებაში, საქართველომ და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან ასევე, წევრ სახელმწიფოებთან რათა მოახერხოს უკვე მიღწეული შედეგების გამყარება.

 

Related Posts