“გერმანია და საქართველოს ევროპულ მომავალი: როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?” – GIP-ისა და IEP-ის ერთობლივი ღონისძიება ბერლინში

8 თებერვალს ბერლინში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP) თანაორგანიზებით, საჯარო ღონისძიება გაიმართა თემაზე – “გერმანია და საქართველოს ევროპულ მომავალი: როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?“

ღონისძიებას საქართველოსა და გერმანიის ორმოცდაათზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ანალიტიკური ცენტრების, უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. დისკუსიის ძირითადი საკითხები გერმანია-საქართველოს შორის დღეს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში გერმანიის როლს ეხებოდა.

ღონისძიება გახსნა პატრიკ ლობიმ (პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, გერმანიაში ევროპული კომისიის წარმომადგენელი), რომელმაც ძირითადი აქცენტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე გააკეთა. მის მისასალმებელ სიტყვას დოქტ. ელგუჯა ხოკრიშვილის (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში) გამოსვლა მოჰყვა, რომელშიც მან შეხვდრის მნიშვნელობაზე და  ძირითად მიზნებზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოების ყურადღება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აუცილებლობაზე და ამ პროცესში გერმანიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.

მისასალმებელ გამოსვლებს ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტის პროექტის წარდგენა მოჰყვა. ვიქტორია პალმმა (ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი) და დოქტ. ბიძინა ლებანიძემ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), ორმხრივ ურთიერთობებში საერთო დადებითი ტენდენციების ხაზგასმის პარალელურად, ყურადღება საქართველო-გერმანიის ურთიერთობის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილეს. აღნიშნული დოკუმენტის ავტორებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძირითად გამომწვევებზე ისაუბრეს  და საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს ამ არსებული გამოწვევების დასაძლევად რეკომენდაციები შესთავაზეს. ვიქტორია პალმმა ქართულ-გერმანული მოლოდინების შეჯერების მნიშვნელობას და ორმხრივი არასწორი წარმოდგენების გამო, ორ ქვეყანას შორის არსებული გაურკვევლობის დაძლევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველომ, სხვა ქმედებებთან ერთად, გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავებისთვის უფრო მეტი რესურსის ინვესტირება უნდა მოახდინოს. ამავდროულად, გერმანიამ უნდა მისდიოს „ახალ აღმოსავლურ პოლიტიკას“, რომელიც საგარეო ურთიერთობათა მინისტრის ჰეიკო მაასის მიერ იქნა მხარდაჭერილი. ერთობლივი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც დოქტ. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი), ლიანა ფიქსი (კიორბერის ფონდი) და დოქტ. ფრანცისკა სმოლნიკი (გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (SWP)) მონაწილეობდნენ. დისკუსიის მოდერატორი ვიქტორია პალმი იყო. ყველა მონაწილემ საქართველოსა და გერმანიას შორის პრობლემურ საკითხებზე ღია და გულწრფელი დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლიანა ფიქსი და ფრანცისკა სმოლნიკი ამტკიცებდნენ, რომ როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე არსებული ბევრი სტრუქტურული ხარვეზი, აგრეთვე ახალი და ძველი გლობალური გამოწვევები ხელს უშლის გერმანიას, რათა საქართველოს პრობლემებს საკმარისი დრო დაუთმოს.

ლიანა ფიქსის თქმით, გერმანიამ ბოლო დროს თავი ახალ და უფრო მტრულ გარემოში იგრძნო, რაც ევროპაში აშშ-ის ადმინისტრაციის თავშეკავებული პოლიტიკითა და აღმოსავლეთში რუსეთის საფრთხის კვლავ აღმოცენებითაა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ პატარა ქვეყნები, ისეთი, როგორიც საქართველოა, ბერლინისგან სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ. ამის მიუხედავად, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ორ საზოგადოებას შორის ახლო ურთიერთობებს ბევრი საერთო სტერეოტიპისა და არასწორი აღქმის დაძლევაში შეუძლია ხელის შეწყობა.

კორნელი კაკაჩიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს საზოგადოებას ესმის გაფართოების საკითხებისადმი ევროკავშირში არსებული მდგომარეობა და და ამ საკითხთან დაკავშირებული რეალიები. თუმცა მან აღნიშნა, რომ გერმანიასა და ევროკავშირს შეუძლიათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი გაუგზავნონ ქართულ საზოგადოებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ნატოს მიერ საბოლოოდ შემოთავაზებული არსებითი პაკეტის კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სესიის მონაწილეთა გამოსვლებს საზოგადოებასთან დისკუსია მოჰყვა. მონაწილეებმა ორი ქვეყნის საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობას გაუსვეს ხაზი.  გერმანელი მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გერმანიის მიდგომებს საქართველოს საზოგადოება ხშირად არასწორად იგებს და ამ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის გზები უნდა გაძლიერდეს. ქართველი მონაწილეები მათ დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ გერმანია სხვა დასავლურ ქვეყნებზე უფრო მეტ პრაქტიკულ ნაბიჯს დგამს, თუმცა ბერლინის მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობისა და სუსტი პოლიტიკური გზავნილების ფონზე, გერმანიის ჩართულობა ნაკლებად ეფექტურად გამოიყურება. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემების დასაძლევად საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე აყვანა და საქართველო გერმანიის ურთიერთობებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მინიჭება. 

 
განრიგი


ფოტოები ღონისძიებიდან

 

 


 
 

 

Related Posts