დაბრკოლება დემოკრატიებისთვის: დასავლეთის გამოცდილების მნიშვნელობა რუსეთის სტრატეგიის ანალიზის პროცესში

ივანნა მაჩიტიძე

დემოკრატიის ხელშეწყობა და დემოკრატიული კონსოლიდაცია უკვე დიდი ხანია იმ ქვეყნების დევიზად იქცა,  რომელთაც სურთ თავისუფალი საზოგადოების მქონე წარმატებულ სახელმწიფოებად განიხილებოდნენ. დასავლეთი, როგორც ამ პროცესების მამოძრავებელი ძალა, სათანადოდ ვერ აფასებს დემოკრატიზაციის ხელშეწყობის თანმხლებ რისკს, რაც პირდაპირი ბენეფიციარების დახმარების ნაცვლად დემოკრატიზაციის მონაპოვარის საზიანო მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობს. რის ფონზეც, დემოკრატიზაციის პროცესი გარე აქტორებისთვის „შესაძლებლობების ფანჯარას“ ხსნის და პოლიტიკური პარტიების და  სამოქალაქო საზოგადოების გამოყენებით, მათ სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, თავისუფალი მედია  იმ აქტორების პოპულარიზაციისთვისაა გამოყენებული, რომლებსაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდება შეუძლიათ.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით, კი რუსეთის როლი. კრემლის ხისტი ძალის რიტორიკა, 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ გაძლიერდა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ინტერესების დაცვის სტრატეგიასა და რუსული კულტურისა და ისტორიის აქტიურ პოპულარიზაციას ეფუძნება. მოსკოვი ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე ისეთი მოთხოვნების წამოყენებით, როგორიცაა ევროპული და რუსული ღირებულებების თანასწორ სიბრტყეში მოაზრება და სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და ტერორიზმის მსგავსი კომპლექსური საერთაშორისო საკითხების მოგვარებაში რუსეთის როლის მნიშვნელობა. საკუთარი ნორმატიული ძალის სისუსტის გამო,  კრემლი ცდილობს დასავლური დემოკრატიის ნაკლოვანებების დემონსტრირებას იმისათვის, რომ მისი ახლო სამეზობლო დემოკრატიზაციის გზას ჩამოაშოროს.

ამასთან, რუსეთი აქტიურად იყენებს დემოკრატიული ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირების სტრატეგიას, რაც დასავლურ საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებების კრიტიკისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. დემოკრატიული კონსოლიდაციის ამგვარი დისკრედიტაცია შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იყოს მყიფე დემოკრატიებისთვის, რადგან ეს პროცესი რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული ღირებულებების ლეგიტიმურობას.

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმნეტი, ყურადღებას ამახვილებს რუსეთის სტრატეგიის ანალიზის პროცესში, დასავლეთის გამოცდილების მნიშვნელობაზე. რუსული ტაქტიკა  საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობს, ასევე შიდა დაპირისპირების გამწვავებას და იმ სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა ხელშეწყობას, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ პრორუსულად განწყობილნი, თუმცა ჰქონდეთ არალიბერალური და რადიკალური შეხედულებები. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ საფრთხეზე ეფექტურად საპასუხოდ.     

 

ნახვა გადმოწერა

Related Posts