დახურული ვირტუალური სამუშაო სემინარი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის „თურქეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები“

15 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა დახურულ ონლაინ სამუშაო სემინარს „თურქეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები“. სემინარი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით, ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე განხილული იყო თურქეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები და ცვლილებები ისევე, როგორც თურქეთის როლი სამეზობლოში უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის საკითხების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

სამუშაო სემინარი ორგანოზებული იყო პროექტის „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით. ღონისძიებამ 27 მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორისაც იყვნენ ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, თურქეთიდან, ბალკანეთიდან და გერმანიიდან. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. იგი მიესალმა მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისს პროექტის მხარდაჭერისთვის. პროფესორმა კაკაჩიამ ხაზი გაუსვა სამუშაო სემინარის მნიშვნელობას, რამდენადაც ამ სემინარმა შექმნა პლატფორმა განსხვავებული პერსპექტივების გასაზიარებლად თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტენდენციებისა და შედეგების შესახებ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის საერთო სამეზობლოშიც. 

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მონაწილეები განაწილდნენ სამ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ სამუშაო ჯგუფს მოდერირებას უწევდა დოქტ. ანარ ვალიიევი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტში. პირველი ჯგუფის მომხსენებლები კი იყვნენ მარიამ ჩაჩუა, PMO-ს ბიზნეს კონსულტანტი და მუჰდან საღლამი, Gazete Duvar-ის მიმომხილველი. მათ თავიანთი მოხსენებებისა და შემდგომი დისკუსიის ფარგლებში განიხილეს თურქეთის როლი ევროკავშირის სამეზობლოს ეკონომიკისა და ენერგო სექტორის განვითარებაში. მეორე სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც მოდერირებას დოქტ. კორნელი კაკაჩია უწევდა, განიხილა თურქეთისა და ევროკავშირის საერთო სამეზობლოს უსაფრთხოების გამოწვევები. აღნიშნული ჯგუფის მომხსენებლები იყვნენ ნიჯათ ელდაროვი, დამოუკიდებელი მკვლევარი აზერბაიჯანიდან, ლუნდის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული; სონია კატარინა შიფერსი, დამოუკიდებელი პოლიტიკის ანალიტიკოსი გერმანიიდან; ნარე სმბათიანი, დამოუკიდებელი მკვლევარი სომხეთიდან და დოქტ. გიორგი მჭედლიშვილი, ასოცირებული პროფესორი ევროპულ უნივერსიტეტში, თბილისში. მესამე სამუშაო ჯგუფის მოდერატორი იყო რიჩარდ გირაგოსიანი, რეგიონული კვლევების ცენტრის – RSC (დამოუკიდებელი ანალიტიკური ორგანიზაცია ერევანში, სომხეთი) დირექტორი. მესამე ჯგუფმა განიხილა თურქეთის რეგიონული იდენტობა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებზე. აღნიშნული ჯგუფის მომხსენებლებს შორის იყვნენ: დოქტ. ივანნა მაჩიტიძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; სლადიანა ზდრავკოვიჩი, ევროპის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარ-ასისტენტი ბელგრადში; ლიანა ზაკარიანი, საზოგადოების ფინანსური ოფიცრების ასოციაციის პროექტების მენეჯერი ერევანში და დოქტ. ბერივან კარაასლანი, მიწვეული ლექტორი სტამბულის კადირ ჰასის უნივერსიტეტში. 

პარალელური სესიების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე შეუერთდა დასკვნით დისკუსიას, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ თითოეული სამუშაო ჯგუფის მოკლე შეჯამება. დასასრულს, შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვეს დოქტ. ანარ ვალიიევმა, დოქტ, კორნელი კაკაჩიამ და რიჩარდ გირაგოსიანმა, რომელთაგანაც თითოეული ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მკვლევართა წყვილს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მთლიანი პროექტის განმავლობაში.  

ღონისძიება დახურა დოქტ. შტეფან მაისტერმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა. მან მადლობა გადაუხადა როგორც მონაწილეებს, ასევე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას გამომდინარე იქიდან, რომ მას წვლილი შეაქვს თურქეთის შესახებ კვლევაში და ამდიდრებს არსებულ ექსპერტიზასა და საგარეო საკითხების გარშემო მიმდინარე დისკუსიის ხარისხს.  

Related Posts