„დახურული“ ღია ცა: რატომ ჩაიშალა საერთაშორისო სადაზვერვო ფრენები?

მარიამ გრიგალაშვილი

2010 წლიდან მოყოლებული ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ხელშეკრულება „ღია ცის შესახებ“ დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად იქცა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების ფორმატი დახურულია და შეთანხმებაც  ტექნიკური დეტალების ერთობლიობას წარმოადგენს,  თემა  ფართო საზოგადოების ინტერესის ქვეშ ვერ მოექცა. შესაბამისად, პრაქტიკულად არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ღია ცის  ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას გააანალიზებდა და თემის გარშემო წამოჭრილი პრობლემების არგუმენტირებულ განხილვას მოახდენდა. ამასთანავე საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში თემის გარშემო აქტიურობის მხრივ გამოირჩევა რუსული მედია, რომელიც  სულ უფრო მეტს საუბრობს ღია ცის შესახებ ხელშეკრულების დარღვევებზე, ქართული მხარის ბრალეულობასა და საქართველოს მიერ ხელშეკრულების პოლიტიზირების შესახებ.

პრობლემა, რომელიც „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გასდევს 2010 წელს გაჩნდა, მაშინ როდესაც რუსეთმა რუსეთ-აფხაზეთის (და შემდგომში დამატებით რუსეთ-სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის) ე.წ საზღვართან, რომელიც რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს, 10 კილომეტრიანი დისტანციის დაცვა მოითხოვა. კრემლის პოზიცია  მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა. საპასუხოდ, 2012 წელს საქართველომ გადაწყვიტა, რომ აღარ მიეღო თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, ამასთანავე არ განეხორციელებინა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის ტერიტორიაზე.

საგულისხმოა, რომ  აღნიშნული საკითხი კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. პრობლემის მოუგვარებლობას ახანგრძლივებს რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა აღადგინოს  საქართველოს ტერიტორიაზე  ფრენების განხორციელების უფლება. რუსეთის მოთხოვნა შესულია ყოველწლიური ფრენების დაგეგმვის დოკუმენტის პროექტში. საქართველო უარს აცხადებს, მხარი დაუჭიროს დოკუმენტს, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, შეასრულოს ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. ამრიგად, დოკუმენტის პროექტში არსებული ჩანაწერის გამო დოკუმენტზე კონსენსუსი ვერ მიიღწევა. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ 2018 წლის ფრენები სრულად ჩაიშალოს. რუსეთის ფედერაცია ცდილობს, 2018 წლის ფრენების ჩაშლა საქართველოს პასუხისმგებლობად წარმოაჩინოს. კრემლის მიერ შემოთავაზებული  ნარატივი კონტრარგუმენტების არასათანადოდ წარმოდგენის ფონზე, ერთადერთ წყაროდ რჩება საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი, რათა „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულების გარშემო არსებულ პრობლემებზე მსჯელობა არ ემყარებოდეს მხოლოდ ერთი მხარის მიერ შემოთავაზებულ ნარატივს.

ნახვა გადმოწერა

Related Posts