დემოკრატიზაცია და ევროპეიზაცია საქართველოში: როგორ წარვმართოთ პროცესი?

ლევან კახიშვილი, ელენე ფანჩულიძე

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ცნობიერება ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებზე საკმაოდ დაბალია. რიგითი ქართველისთვის, ყოველთვის ცხადი არაა, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული პროცესები, ერთმანეთის მსგავსია, თუ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; რას გულისხმობენ ისინი; გარე აქტორების მხრიდანაა თავსმოხვეული, თუ ქართული საზოგადოების მიერაა ინიცირებული. პრობლემა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული. შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიების, კონფერენციებისა და მრგვალი მაგიდების უმრავლესობას ძირითად შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანები ესწრებიან. შესაბამისად, იქმნება ერთგვარი ჩაკეტილი წრე საზოგადოების ნაწილისა, რომელიც უფრო მეტად არის ინფორმირებული საქართველოს განვითარების პროცესზე, თუმცა ეფექტიანად არ ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოების ფართო ფენებში – საქართველოს ისეთ მოქალაქეებში რომლებისთვისაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არცთუ ისე ბევრს ნიშნავს ყოველდღიურ ცხოვრებში. თუ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად საზოგადოების კონსოლიდაცის ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ყველა ფენა იყოს ჩართული პროცესში, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ახლა დისკუსიის მიღმა რჩება.

დემოკრატიის მხარდაჭერა, ევროკავშირი და ნატო

საქართველოში დემოკრატიას არცთუ მაღალი მხარდაჭერა აქვს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს ურჩევნია დემოკრატია ნებისმიერი სხვა ტიპის მმართველობას. დემოკრატიის მხარდაჭერის ტენდენცია მცირდება საზოგადოებაში, ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის დონე თბილისის ფარგლებს გარეთაც დაბალია. კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით (2017), თუ დედაქალაქში დემოკრატიას მხარს 59 პროცენტი უჭერს, ეს მაჩვენებელი 9 პროცენტით უფრო დაბალია სოფლად, ხოლო 11 პროცენტით უფრო დაბალი სხვა ურბანულ ადგილებში (იხ. გრაფიკი1).

გრაფიკი 1. დემკრატიის მიმართ მხარდაჭერა საქართველოში დასახლების ტიპის მიხედვით

საინტერესოა, რომ გრაფიკი 1-ის მიხედვით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არ აქვთ პასუხი კითხვაზე ან პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს, ხუთჯერ მეტია დედაქალაქს გარეთ, რაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ადამიანს წარმოადგენს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაცია ეფექტიანად არ ვრცელდება თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებში.

ანალოგიური სიტუაციაა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით. ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადაუწყვეტელი რესპონდენტების რიცხვი სამი ხშირ შემთხვევაში კი ექვსი პროცენტით უფრო მაღალი იყო დედაქალაქს გარეთ, ვიდრე თბილისში. უფრო ზუსტად, ურბანულ ადგილებში, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაუწყვეტელი რესპონდენტების რიცხვი 12 და 13 პროცენტია, ხოლო  სოფლად 18 და 19 პროცენტს უტოლდება.

პოტენციური მიზეზები და გამოწვევები

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში გამართული საჯარო დისკუსიების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. გარდა იმ ძირითადი გამოწვევებისა, რომელიც საქათველოს დედაქალაქიდან წარმოებულ საინფორმაცია კამპანიას უკავშირდება, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დისკუსიის მონაწილეები არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ევროპეიზაციასა და დემოკრატიზაციას შორის, ასევე დემოკრატიის ფორმების განსხვავებულობაზე მსოფლიოს მასშტაბით. დისკუსიის წევრები (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები) ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციის პროცესებზე. მონაწილეებმა გამოხატეს უნდობლობა და იმედგაცრუება პოლიტიკური პროცესის მიმართ, პოლიტიკური მონაწილეობის შიში და საბოლოოდ ისაუბრეს  საქართველოში არსებულ მატერიალისტურ პოლიტიკურ კულტურაზე.

ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის ურთიერთმიმართება

საქართველოს რეგიონებში გამართული დისკუსიების მონაწილეები ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია არ არის ერთი და იგივე პროცესი, რამაც ორი ძირითად შეკითხვა წარმოშვა. (1) იმ ქვეყნების ‘დემოკრატიულ გადაღლაზე’ დაკვირვებით, როგორიცაა უნგრეთი, ამასთან ბრექსტის რეფერენდუმთან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით -„ხომ არ მიდის საქართველო იმ ადგილისკენ, საიდანაც სხვა ქვეყნები გაქცევას ცდილობენ?’.  (2) „იქნებ ქართველებს არ სურთ დასავლური სტილის ლიბერალური დემოკრატია და მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა იაპონიის მსგავსი დემოკრატია,  რომელიც მნიშვნელოვნად აფასებს საკუთარ კულტურულ ტრადიციებს? რა თქმა უნდა, აღნიშნულ შეკითხხვებს მარტვად უპასუხებდით იმ საკითხებზე აპელირებით რამაც ბრექსითი გამოიწვია, ამასთან იმ მიზეზებზე დაყრდნობით, რის გამოც უნგრეთი დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის და საბოლოოდ იმაზე ფოკუსირებით, თუ რამდენად უფრო დიდია ევროკავშირი, აღნიშნულ ორ კონკრეტულ შემთხვევასთან შედარებით.

დემოკრატიაზე მსჯელობისას, სხვადასხვა ტიპის დემოკრატიებს შორის განსხვავევების ჩვენება შედარებით მარტივია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნული კითხვები ძირითადად ისმევა რეგიონებში და არა თბილისში, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ან საქართველოს რეგიონებს აკლიათ ინფორმაცია მოცემულ საკითხებზე, ან რეგიონებში არ არსებობს მზაობა რაიმე საკითხი მიღებული იყოს განხილვის, საჯარო დისკუსიისა და საბოლოო შეთანხმებული გადაწყვეტილების გარეშე. პირველი ვარიანტი აშკარა გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სოფლად მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის კითხვები მოსახლეობის სურვილზე მიუთითებს მართლაც განიხილოს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, ეს შესაძლოა საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დადებით ნიშნად მივიჩნიოთ.

დემოკრატიზაციის აგენტები და მათი ნაკლოვანებები

დისკუსიისას კიდევ ერთი განმეორებადი მოსაზრების მიხედვით, ის აქტორები, რომლებმაც წვლილი უნდა შეიტანონ დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები სრულყოფილად ინფორმირებული არ არინ აღნიშნული პროცესების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რას გულისხმობენ ისინი. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები საზოგადობის ფართო ფენებისთვის არ აღიქმებიან ინფორმაციის საიმედო წყაროებად. ხშირ შემთხვევაში მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებს აღიქვამენ, როგორც  პოლიტიზირებულ, პოლარიზებულ თვითკმაყოფილ ერთეულებად, რომლებიც საუბრობენ მთელი საზოგადოების სახელით. მეორე მხრივ, მონაწილეებმა პოლიტიკური პარტიები დაახასიათეს არასტაბილურ აქტორებად, თანმიმდევრული პოლიტიკური იდეოლოგიების არარსებობისა და კანდიდატების წარდგენის, ასევე თავმჯდომარის შერჩევის არაგამჭვირვალე პრაქტიკის გამო. მონაწილეების აზრით, თუ პოლიტიკური პროცესის ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, არ აღმოფხვრიან არსებულ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო გახდება დემოკრატია. ამასთან, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლონ უფრო აქტიურად და გამჭვირვალედ, ამასთან შექმნან პროდუქტი, რომლიც პირდაპირ დადებითად აისახება  მოსახლეობაზე.

უნდობლობა, იმედგაცრუება და შიში

პოლიტიკური მონაწილეობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია, ხოლო აქტიური საზოგადოება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი. ის სიტყვები, რომლებსაც დისკუსიის დროს დამსწრეები პოლიტიკური მონაწილეობის აღსაწერად იყენებდნენ ააშკარავებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას განიხილავდნენ, ისინი საუბრობდნენ უნდობლობაზე, შიშსა და იმედგაცრუებაზე. მათი სიტყვების არჩევანზე დაკვირვებით, იკვეთება საზოგადოების უნდობლობა პოლიტიკური ინსტიტუტების, გადაწყვეტილების მიმღებებისა და პოლიტიკური პროცესის ისეთი აქტორების მიმართ, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ძირითად შემთხვევაში, მონაწილეები გამოხატავდნენ პოლიტიკურ პროცესში ჩართული აქტორების მიმართ უნდობლობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოლიტიკური ჩართულობის საზოგადო ინტერესს.  უფრო მეტიც, მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივიზმს ხშირად არ აქვს  რეალური შედეგი.  პოლიტიკური აქტივიზმი მონაწილეთა მიერ ხშირად აღქმული იყო უშედეგო ქმედებად, რადგან მას გავლენა არ აქვს გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებზე. საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ აქტივიზმთან დაკავშირებულ შიშზე. მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს ეშინია, რომ მის პოლიტიკურ აქტივიზმს ნეგატიური გავლენა ექნება მასსა და მის ოჯახზე. მსგავსი შეხედულებების არსებობა საზიანოა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და მოსახლეობისთვის, რომლებიც ვერ  სარგებლობენ დემოკრატიის დადებითი მხარეებით.

მატერიალისტური პოლიტიკური კულტურა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 2009 წლიდან საზოგადოება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და უმუშევრობას ქვეყანაში არსებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემას შორის ასახელებს. აღნიშნულზე დაყრდნობით, რთული არაა საზოგადოების აღქმების საფუძვლის მიხვედრა: პირადი შემოსავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის აბსტრაქტული მაჩვენებლები ან დემოკრატია. ძნელია იფიქრო დემოკრატიაზე და ინსტიტუტების განვითარებაზე, როდესაც მოქალაქეები ვერ იკმაყოფილებენ თავიანთ ძირითად საჭიროებებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმ არჩევანისა, რომელიც დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს – იყო “მშიერი” და ცხოვრობდე დემოკრატიულ ქვეყანაში და “იყო მაძღარი” და ცხოვრობდე ავტორიტარულ ქვეყანაში. ზემოთგანხილულ გამოწვევებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევნებში საკუთარი ხმის ათ ლარად გაყიდვა შეუძლია. თუმცა, ეს არის ერთგვარი ცრუ დილემა; დემოკრატია არ ნიშნავს სოციალურ-ეკონომიკურ განუვითარებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია არ არის აუცილებლად ეკონომიკურად უფრო ეფექტიანი ვიდრე ავტორიტარული რეჟიმები, ცალსახად დემოკრატია არ აღნიშნავს, რომ ქვეყანა აუცილებელად ღარიბი უნდა იყოს. დისკუსია კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ ამ მხრივ კვლავ საჭიროა აქტიური და ეფექტური კომუნიკაცია ცნობიერების ასამაღლებლად, რათა სოფლის მოსახლეობას დასმულ კითხვებზე ჰქონდეს პასუხი.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ხშირად აღიქმება საქართველოში არსებული მდგომარეობის რეპრეზენტატულად, საქართველო უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დედაქალაქი. რეალურად, საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით და დამოკიდებულია ვსაუბრობთ თბილისზე, სხვა ქალაქებსა თუ სოფლის დასახლებებზე. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროპეიზაცია, რეგიონებში რამდენჯერმე მაღალია დედაქალაქთან შედარებით. წინამდებარე დასკვნას იზიარებენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში ჩატარებული დისკუსიის მონაწილეები. სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას მონაწილეთა პასუხებმა აჩვენა, რომ საჭიროა მთავრობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ინტენსიური მუშაობა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის მიწოდება საქართველოს რიგით მოქალაქეებთან, რომლებიც სავარაუდოდ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ, რომელიც, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად შორს არის იმ დისკუსიების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდებისგან, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იმართება.

 


  • წინამდებარე ბლოგი მომზადებულია საქართველოს რეგიონებში ჩატარებულ დისკუსიებზე დაყრდნობით, პროექტის- „დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიური წრეების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის  (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
  • ელენე ფანჩულიძე და ლევან კახიშვილი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსები არიან.

Related Posts