დიალოგის მომხრე ასლან ბჟანიას არჩევა – მნიშვნელოვანი მომენტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში თუ არაფერი ახალი?

ექსპერტთა კომენტარი #10 | მაისი 2020

2020 წლის 20 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. „ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში“  ოპოზიციურმა კანდიდატმა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ჩატარებულ არჩევნებს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ხასიათდებოდა დაძაბული ქუჩის გამოსვლებით, პროცესში რუსეთის აქტიური ჩართულობით, რაულ ხაჯიმბას გადადგომითა და ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის ფაქტით. 

ერთი შეხედვით, აღნიშნული არჩევნები და მისი შედეგი  საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რადგან ე.წ. „ახლად არჩეული პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის მომხრეა. უფრო კონკრეტულად, მან აღნიშნა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დიალოგმა დადებითი შედეგი მოიტანოს“.  

მეორე მხრივ, გაურკვეველია, თუ რამდენად გამოიწვევს ბჟანიას განცხადებები რეალურ ცვლილებას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. სავარაუდოდ, თბილისთან დიალოგის საკითხი მედიამ წამოწია წინ, რამაც ასლან ბჟანიას უბიძგა, რომ დიალოგის მხარდამჭერი პოზიცია გამოეხატა. ასევე, აღსანიშნავია აფხაზური პოლიტიკური ელიტის მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება თბილისთან ურთიერთობების დათბობისადმი და რუსეთი, რომლის ინტერესებშიც არ შედის პროცესის ნორმალიზება. ზემოაღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ისედაც შეზღუდულ პერსპექტივას.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა საქართველოდან, აშშ-დან და ბელგიიდან უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  1. რამდენად წარმოადგენს ასლან ბჟანიას არჩევა შესაძლებლობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ ახალი დიალოგი წამოიწყოს?
  2. აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით არსებული შეუთავსებელი პოზიციების გათვალისწინებით, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ელიტას?
  3. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გეოპოლიტიკური კონიუნქტურა საკმაოდ არახელსაყრელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა თბილისსა და სოხუმს?

 

ნახვა გადმოწერა

 

 

 

Related Posts