ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის პრეზიდენტობა : გზავნილები საქართველოსთვის #EU2018at

ნატალია ჭამიაშვილი*

2018 წლის ივლისში ავსტრია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. ავსტრიის პრეზიდენტობის მთავარი დევიზია – “ევროპა, რომელიც იცავს”, ამ მიზნის მიღწევას ავსტრია სუბდსიდიარულობის პრინციპის გამოყენების გზით შეეცდება. ევროკავშირის დონეზე აქცენტები გაკეთდება ისეთ საკითხებზე, რომლებიც წევრი ქვეყნების ერთიან ქმედებებს საჭიროებს. ავსტრიის ძირითად პრიორიტეტებს შორისაა: უსაფრთხოება და  არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კეთილდღეობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა დიჯიტალიზაციის მეშვეობით და ასევე სტაბილურობა ევროპის სამეზობლოში – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე ფოკუსით. 2018 წლის 1  დეკემბრამდე, ავსტრია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა იქნება. შესაბამისად, საქართველოს ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გავეცნოთ ავსტრიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებისა და ძირითად გზავნილებს.

ავსტრიის პრეზიდენტობის პრიორიტეტები

ევროკავშირის ისტორიაში, ავსტრია  საბჭოს პრეზიდენტი 1998 და 2006 წლების შემდეგ მესამედ გახდა. ავსტრიის როლი 2018 წელს განსხვავებული იქნება წინა წლებისგან, რადგან ლისაბონის სამიტით, შეიქმნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტი, ამასთან გაიზარდა ევროპარლამენტის როლი და უფლებამოსილებები. მიუხედავად ამისა, ავსტრიას საშუალება ექნება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მინისტრთა საბჭოს საკანონმდებლო და პოლიტიკურ საქმიანობაში.

2018 წლის მარტში, ცნობილი გახდა ავსტრიის ხელისუფლების პრიორიტეტები, რომლითაც  ქვეყანა პრეზიდენტობის პერიოდში იხელმძღვანელებს. პრიორიტეტებს შორისაა ევროპის უსაფრთხოება – საზღვრების გამკაცრებასა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე ძირითადი აქცენტით,  შეჯიბრებითობის ხარისხის შენარჩუნება-დიჯიტალიზაციის მეშვეობით და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა  მეზობელ სახელმწიფოებში – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირი ინტეგრაციის საკითხებზე ფოკუსირებით.

ავსტრია სამმაგი პრეზიდენტობის ფარგლებში ესტონეთსა და ბულგარეთთან ითანამშრომლებს. ე.წ ტრიოს პროგრამა ხუთი თემატური მიმართულებისგან შედგება:

  • კავშირი, სამუშაო ადგილებისთვის, ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის
  • კავშირი, რომელიც აძლიერებს და იცავს თავის ყველა მოქალაქეს
  • ენერგოკავშირისკენ მომავალზე ორიენტირებული კლიმატის პოლიტიკით
  • თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის კავშირი
  • კავშირი, როგორც ძლიერი გლობალური აქტორი

ტრიოს პროგრამის მთავარი საკითხებს შორისაა, ევროპული დღის წესრიგის განხორციელება უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,  ხმელთაშუა ზღვის რეგიონში პარტნიორებთან თანამშრომლობა, ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის განხორციელება, გაეროს 2030-ის  მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევა და სხვა. რაც შეეხება გაფართოების საკითხს, ავსტრიის პრეზიდენტობის პერიოდში კონცენტრირება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე მოხდება. 2018 წლის მეორე ნახევარში, ავსტრიის პრეზიდენტობას ისეთ კომპლექსურ საკითხებზე მოუწევს მუშაობა, როგორებიცაა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება (ბრექსითი) და ევროპარლამენტის არჩევნები.

რა მნიშნვნელობა აქვს ავსტრიის პრეზიდენტობას საქართველოსთვის?

ეკონომიკური ინტერესებისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან ისტორიულად ახლო კავშირების გათვალისწინებით, ავსტრია მხარს უჭერს არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის გაწევრიანებას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში თანდათანობით ინტეგრაციასაც. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ავსტრია ხედავს, როგორც დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და სხვა ქვეყნებს შორის, ამიტომ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ადასტურებს ავსტრიელი დიპლომატის – მაიკლ ლინჰართის წარმოთქმული სიტყვები 2017 წლის 14 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას.

მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიის დღევანდელი მთავრობა შედგება კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიისა და ულტრა მემარჯვენე თავისუფლების პარტიის წევრებისაგან. სებასტიან კურცის წარმატებამ ეროვნულ არჩევნებში ხაზი  გაუსვა იმას, რომ ამომრჩევლებისთვის მიმზიდველია რადიკალური მემარჯვენე იდეების შერბილება და მიგრაციის საკითხებზე ფოკუსირება. ავსტრიის მოქმედი პრემიერ- მინისტრი, სებასტიან კურცი არის 50 პუნქტიანი გეგმის ავტორი, რომელიც მიგრანტების ინტეგრაციას ეხება და გულისხმობს ენის, ევროპული განათლების მიცემასა და ევროპული კულტურისა და ღირებულებების დანერგვას.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სებასტიან კურცის მთავრობა ასევე დაინტერესებულია კონფლიქტების მოგვარებით. 2014 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, კურცმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და უკრაინელ დელეგაციას, რათა ესაუბრათ კონფლიქტის თავისებურებებსა და გადაჭრის გზებზე.  მოგვიანებით, სებასტიან კურცი იმყოფებოდა რუსეთში ეუთოს თავმჯდომარის ამპლუაში, მაშინ ის კიდევ ერთხელ შეხვდა სერგეი ლავროვს და განიხილა სირიის, ყარაბაღისა და უკრაინის საკითები. საქართველოსთან დაკავშირებით კურცს სერგეი ლავროვთან ოფიციალურ შეხვედრებზე არ უსაუბრია, თუმცა საგულისხმოა, რომ კურცი მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისიდან მუდმივად ხაზსს უსვამდა რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის აუცილებლობას.

მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში კურცი ცდილობდა, ურთიერთობები გაეღრმავებინა საქართველოსთანაც. მისი მინისტრობისას 2016 წელს გაიხსნა ავსტრიის საელჩო საქართველოში, რასაც წინ უძღვოდა კურცის ვიზიტი საქართველოში 2014 წლის 9-11 სექტემბერს. კურცი ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და აქცენტებს აკეთებდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ კურცმა ღიად გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რითაც ხაზი გაუსვა მის კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ და მასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

რას შეიძლება ელოდოს საქართველო ავსტრიის პრეზიდენტობის პერიოდში?

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ავსტრიის აქცენტები, ძირითადად, დასმული იქნება ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროკავშირის საბჭოს პრიორიტეტების განსაზღვრა სამმაგი პრეზიდენტობის ფარგლებში ხდება, შესაბამისად, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს მოლოდინი, რომ ესტონეთი გაუწევს ლობირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას. ამის თქმის საფუძველს იძლევა ესტონეთის პრეზიდენტობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე ფოკუსირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ესტონეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება, ავსტრიასთან კი, დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ავსტრიისა და საქართველოს საელჩოებს შორის ურთიერთობების გააქტიურება და ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მუდმივად ხდებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ხაზგასმა, რათა ევროკავშირის დონეზე მუდმივად აქტუალური იყოს საქართველოს საკითხი.

 


*ნატალია ჭამიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  სტუდენტი

** პუბლიკაცია მომზადდა “საქართველოში ლიეტუვის საელჩოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და “საქართველოში ლიეტუვის საელჩოს” შეხედულებებს. 

 

Related Posts