ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა პირველივე ტურში მისი გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად რჩება. თუმცა დამკვირვებელთა და ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, იგი პირველ ტურში გამარჯვებას ვერ შეძლებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულმა ექსპერტთა გამოკითხვამ 40 საერთაშორისო და ქართველი პოლიტიკური დამკვირვებლისა და მკვლევარისგან მოაგროვა შეფასება. აღნიშნული მოსაზრებები ერთად აღებული მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის  ე.წ.  „შესაძლებლობათა კორიდორს“ ქმნის.

გამოკითხვის შედეგები: „შესაძლებლობათა კორიდორ

სალომე ზურაბიშვილი/ „ქართული ოცნება“                      31-45 %       

გრიგოლ ვაშაძე/ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“   20-31 %       

დავით ბაქრაძე/ „ევროპული საქართველო“                       12-20 %

დავით უსუფაშვილი/ „შენების მოძრაობა“                         3-9 %

ზურაბ ჯაფარიძე/ „გირჩი“                                                      2-7 %

 

გრაფიკი 1: „შესაძლებლობათა კორიდორი“ (პროცენტებში)

 

ვის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში?

გამოკითხული ექსპერტების მიხედვით (გრაფიკი 1), მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ხმები არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად საკმარისი არ იქნება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში ზურაბიშვილის მიერ მოპოვებული ხმების წილი 31-45% იქნება. მას შემდეგ მოჰყვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ─ გრიგოლ ვაშაძე, რომელიც, სავარაუდოდ, ხმების 20-31%-ს მიიღებს; „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე კი ─ 12-20%-ს. ჩატარებული ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, დარჩენილი ორი ოპოზიციური კანდიდატი ─ დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობა“) და ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“) პირველ ტურში 10%-ზე მეტი ხმის მოპოვებას ვერ შეძლებს. გამოკითხვის ფარგლებში, ექსპერტებს აგრეთვე ვთხოვეთ, შეეფასებინათ ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ─ არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. გამოკითხული დამკვირვებლების თითქმის ნახევარმა (47%) მისი გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და ექსპერტთა მხოლოდ 26%-მა  მიიჩნია იგი მართებულად.

რესპონდენტებს აგრეთვე ვთხოვეთ, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატების გამარჯვების შანსები შეეფასებინათ (გრაფიკი 2). ამ შემთხვევაში, გამოკითხული ქართველი და უცხოელი ექსპერტების სრული უმრავლესობა (71%) მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში სამთავრობო კანდიდატი გაიმარჯვებს.

(მონაცემების დიდი ნაწილი 4-9 ოქტომბრის პერიოდში იქნა მოპოვებული. ამიტომ,  აღნიშნული პერიოდის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებმაც შეიძლება არჩევნების შედეგების მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ, გამოკითხვაში ასახული არ არის).

 

გრაფიკი 2: არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ ვინ გაიმარჯვებს?

 

ექსპერტთა რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისადმი

ექსპერტთა გამოკითხვის ფარგლებში, კანდიდატების რეიტინგის შეფასებასთან ერთად, რესპონდენტებს წინასააჩევნო კლიმატსა და პარტიების კამპანიებზე აზრის დაფიქსირება და რეკომენდაციების მოწოდებაც ვთხოვეთ. ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, ან უფრო მეტად კრიტიკულ შეფასებებზე, დაყრდნობით ქართული ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ბევრი სისუსტის იდენტიფიცირება მოხდა. რესპონდენტებმა გააკრიტიკეს ოპოზიციის უუნარობა, ერთიანი ფრონტი შეექმნათ მთავრობის წინააღმდეგ და მოეხდინათ საარჩევნო კამპანიის ფოკუსირება ქვეყანაში არსებულ გაუმჭვირვალე და არაფორმალურ მმართველობაზე. ექსპერტებმა ასევე კრიტიკულად შეაფასეს სამთავრობო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მუშაობა და ქმედებები, თუმცა აღნიშნეს, რომ ის მაინც უფრო ხელსაყრელ პოზიციაშია, რადგან მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს.

 

გამოკითხვის შესახებ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა ─ ექსპერტთა აზრის კვლევა, 30-50 ექსპერტისგან აგროვებს ხედვებს და ამ ხედვებს და მოსაზრებებს მოსახლეობას ხელმისაწვდომი გზით წარუდგენს. აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და წინა წლებში სოლიდური/დამაჯერებელი შედეგები აჩვენა (წინა შედეგები ნახეთ აქ და აქ). „შესაძლებლობათა კორიდორისთვის“ იმის იდენტიფიცირება ხდება, თუ სად ექცევა მოსაზრებების ორი მესამედი (66%). წინა ჯერზე შეფასებების სამი მეოთხედი (75%) გაანალიზდა. ამ არჩევნებზე კი შეფასებების დიაპაზონის დავიწროება გადავწყვიტეთ. (75%-იანი დიაპაზონის შემთხვევაში, ზურაბიშვილის შემთხვევაში მივიღებდით ხმების 27-47%-ს, ვაშაძის შემთხვევაში 17-34%, ბაქრაძე ─ 12-21%, უსუფაშვილი ─ 2-12%, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში 2-8%. რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული შედეგები მსგავსია, რამდენადაც შეფასებების უმეტესობა აღებული დიაპაზონის ცენტრში გროვდება.)

ექსპერტთა აზრის კვლევა ამერიკელი საზოგადოებრივი აზრის მკვლევრის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ გამოკითხვის აგრეგაციასა (http://fivethirtyeight.com/) და ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას ეფუძნება, რომ ერთობლივმა შეფასებამ შესაძლოა ერთგვარი „მასის სიბრძნე“ მოგვცეს, როგორც ეს ჯეიმს სუროვიეცკის მიერ არის აღწერილი. გამოცდილი საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით, აღნიშნული მოდელის ქართული კონტექსტისთვის მორგებას ვახდენთ. ექსპერტთა გამოკითხვის პროექტი „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ხორციელდება. სოციოლოგიურ კვლევასთან შედარებით, ექსპერტთა გამოკითხვას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. ხმების განაწილების მხრივ, მეტად მოსალოდნელია, რომ ექსპერტთა გამოკითხვა უფრო დამაჯერებელ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე არჩევნების წინა კვირას ჩატარებული გამოკითხვები, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს ხშირად საკუთარი არჩევანის გამხელა არ სურს. ამ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს იმის განსაზღვრა, თუ რომელი ამომრჩეველი წავა ხმის მისაცემად არჩევნების დღეს. პასუხგაუცემლობის პრობლემა კი დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვით ან უფრო მეტი ამომრჩევლის გამოკითხვით ვერ გადაიჭრება. ამდენად, ყველაზე ძვირადღირებული არჩევნების წინა კვირას ჩატარებული გამოკითხვაც კი საჭიროებს ინტერპრეტაციას.

წინამდებარე ექსპერტთა გამოკითხვა უკვე არსებულ კვლევებს ეფუძნება და მოსალოდნელი შედეგების აგრეგირებულ ინტერპრეტაციას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ექსპერტების უმრავლესობას გამოკითხვებთან და ქართულ არჩევნებთან მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. კვლევაში მონაწილე დამკვირვებლებთან და ექსპერტებთან წვდომა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა სხვადასხვა გზით მოახდინა და შეგროვებული მონაცემების გასუფთავება დადგენილ პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყო.

„შესაძლებლობათა კორიდორის“ მეშვეობით, წინამდებარე ექსპერტთა გამოკითხვა გვეხმარება ფოკუსირება მოვახდინოთ დისკუსიის მოსალოდნელ სცენარებზე და იმაზე, თუ როგორ მოვემზადოთ ამ სცენარებისთვის. არასტაბილური წინასაარჩევნო გარემოსა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ არჩევნების შედეგები წინამდებარე ექსპერტთა გამოკითხვის შედეგად მოწოდებული ინტერვალისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ამასთანავე, გამოკითხვის შედეგები ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ხმის მიცემა სავსებით თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

ნახვა გადმოწერა

Related Posts