ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს? მითები საპარლამენტო მმართველობის შესახებ

ბიძინა ლებანიძე*

საქართველო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტ პოლემიკას იწვევს, არის თუ როგორ  უნდა ხდებოდეს პრეზიდენტის არჩევა – პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით. პირდაპირი წესით პრეზიდენტს როგორც წესი მოსახლეობა ირჩევს, ხოლო არაპირდაპირი წესით – უმეტეს შემთხვევებში პარლამენტი. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ამომრჩეველთა სპეციალური კოლეგიებიც არსებობს, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის ასარჩევად იკრიბება. ქართული ოცნების ხელისუფლება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხარს ღიად უჭერს და საკუთარ პოზიციას ამყარებს „კლასიკური საპარლამენტო მოდელის“ მოშველიებით, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, და რომელმაც სამომავლოდ „ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება“ უნდა გამორიცხოს.[1] მთავრობის პოზიციას იზიარებს ბევრი კონსტიტუციონალისტი და ექსპერტი, ასევე იმ მოტივით რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს უმეტეს შემთხვევაში სწორედ პარლამენტი ირჩევს.[2]

თუმცა რამდენად გამყარებულია საპარლამენტო მოდელის მხარდამჭერთა პოზიცია ფაქტობრივი არგუმენტებით? დღეს მსოფლიოში 90-ზე მეტი საპარლამენტო და 16 ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის მქონე ქვეყანა არსებობს.[3] ევროკავშირის 28 ქვეყნიდან, დიდი უმრავლესობაში – 23 ქვეყანაში სწორედ საპარლამენტო სისტემის მოდელი ფუნქციონირებს, 4 ქვეყანას ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა აქვს, ხოლო საპრეზიდენტო სისტემა მხოლოდ კვიპროსში მოქმედებს.[4]

როგორც მესამე ცხრილიდან ჩანს, ევროკავშირის ოთხივე ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს, რაც მმართველობის შერეული ფორმისთვის ლოგიკურია (ცხრილი 3). თუმცა უფრო საინტერესოა, თუ როგორ ხდება პრეზიდენტის არჩევა საპარლამენტო სისტემის მქონე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (ცხრილი 2). საპარლამენტო მმართველობის მქონე 23 ქვეყნიდან პრეზიდენტის ინსტიტუტი 16 ქვეყანაში არსებობს. დანარჩენი 7 ქვეყანა – ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო – მონარქიებს წარმოადგენს და შესაბამისად წარმომადგენლობით ფუნქციებს ამ ქვეყნებში მონარქი ითავსებს. დარჩენილი 16 ქვეყნიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მხოლოდ 7 ქვეყანაში მოქმედებს, აქედან 6 მათგანში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, ხოლო გერმანიაში, უშუალოდ პრეზიდენტის ასარჩევად შექმნილი ორგანო, რომელიც პარლამენტის წევრებისა და ფედერალური საბჭოების წარგზავნილი დელეგატებისგან შედგება. მეორეს მხრივ, როგორც მეორე ცხრილიდან ჩანს, თვით საპარლამენტო მოდელის მქონე ქვეყნებშიც კი, უმრავლეს შემთხვევაში პრეზიდენტს სწორედ მოსახლეობა ირჩევს. შესაბამისად, მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს საპარლამენტო მმართველების მოდელში პრეზიდენტს აუცილებლად პარლამენტი ან სხვა რომელიმე ორგანო უნდა ირჩევდეს. რათქმაუნდა შეიძლება დისკუსია იმის შესახებ, თუ არჩევის რომელი წესი უფრო ეფექტური და სრულყოფილი იქნება, თუმცა ევროპული გამოცდილება ცხადად უჩვენებს, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე – პირდაპირი და არაპირდაპირი წესი – სრულ შესაბამისობაშია მმართველობის საპარლამენტო მოდელთან. 

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ ზოგადად კონსტიტუციის განახლება ძალიან რთული და მრავალმხრივი პროცესია და წმინდად სამართლებრივი ასპექტების გარდა საჭიროა პოლიტიკური, ისტორიული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებაც. ხშირად მართებულად აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო  მმართველობის ფორმა უფრო მოწყვლადია ავტორიტარიზმის წინაშე და შემთხევითი არაა, რომ მსოფლიოს ავტოკრატ ლიდერთა უმეტესობისთვის სწორედ საპრეზინტო სისტემა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიოს ავტორიტარული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს ფორმალურად სწორედ საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა აქვს. თუმცა, მეორეს მხრივ, საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის ნეგატიური ისტორიული გამოცდილება არ ნიშნავს იმას რომ, საპარლამენტო სისტემას ავტორიტარული გადახრების წინააღმდეგ განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვს. დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო დაბალანსების და კონტროლის მექანიზმები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეიძლება დარღვეულ იქნას როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო მმართველობის პირობებში.

ახლო წარსულში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარი პრობლემაც  სწორედ ეს იყო – ბალანსის მექანიზმების დარღვევა და მთელი პოლიტიკური ძალაუფლების ერთ ადგილზე თავმოყრა, რომელსაც ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაც უწყობდა ხელს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად კი მოხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მთავრობას/საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის. ამას მოჰყვა, მიკრო კონფლიქტებით აღსავსე, თუმცა საბოლოო ჯამში კონსტიტუციურ ჩარჩოებში მიმდინარე, კოჰაბიტაციის პერიოდი მიხეილ სააკაშვილსა და ქართულ ოცნებას შორის. ხოლო მოგვიანებით კი სწორედ იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტის არჩევა და გადაყენება არ იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე დამოკიდებული, პოლიტიკური კაპიტალის არმქონე და გამოუცდელი გიორგი მარგველაშვილი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად აქცია და „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დაბალანსების საშუალება მისცა.

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ მოუტანს საქართველოს მეტ დემოკრატიას, არამედ დააბრუნებს ქვეყანას წარსულში, გამოიწვევს რა კვლავინდებურად ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების მოშლას და მთელი პოლიტიკური ძალაუფლების ერთ ადგილზე – ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის ხელში – თავმოყრას.


 *ბიძინა ლებანიძე – არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ლექტორი. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იგი ასევე იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი და კითხულობდა ლექციებს ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში.


[1] PIA, “ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო სისტემა სამ ძირითად ფუნდამენტს ეფუძნება,” accessed March 3, 2017, http://pia.ge/post/105930-irakli-kobaxize-ambobs-rom-saparlamento-sistema-sam-ziritad-fundaments-efuzneba

[2] For.ge, “პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და არა ხალხი,” accessed April 28, 2016, http://for.ge/view.php?for_id=20624&cat=2

[3] CIA, “The World Factbook. FIeld Listing: Government Type,” accessed February 28, 2017, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/fields/2128.html

[4] აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო მოდელებს შორის ზუსტი გამყოფი ხაზები არ არსებობს და სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებულ მმართველობის ფორმებს მიაკუთვნებენ. წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის მმართველობი ფორმების დეტალური ანალიზი, ამიტომ იგი ეყრდნობა შედარებით ნეიტრალურ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო უწყების  ფაქტბუქის უახლეს მონაცემებს. 

Related Posts