ვის აძლევს საზოგადოება ხმას? პოლიტიკოსების საარჩევნო შედეგები მათი რეიტინგის პირისპირ

სალომე კანდელაკი[1] შოთა კაკაბაძე [2]

საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური აქტორების მაღალი მოწონების მაჩვენებელი, ხშირად, პოლიტიკოსებს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პლათფორმიდან მონაწილეობისთვის თავდაჯერებულობას ჰმატებს, რაზეც 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინასაარჩევნო მოლოდინებიც მოწმობს.  თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარიას მხრიდან მერობისთვის ბრძოლამ და მისი ახლადშექმნილი პარტიის “საქართველოსთვის” საარჩევნო მარათონში ჩართვამ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ, არჩევნების შედეგების თანახმად, შესაძლოა ითქვას, რომ მესამე ძალად ფორმირება შეძლო, გახარიას ელექტორალური ამბიცია წინასაარჩევნოდ გაცილებით მაღალი იყო. ეს, შესაძლოა, საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, პატრიარქისა და კახი კალაძის შემდეგ, მისი პიროვნების ყველაზე მაღალი მოწონებადობით ყოფილიყო განპირობებული. საინტერესოა, თუ რამდენად ითარგმნება პოლიტიკოსის პიროვნული მოწონებადობა მაღალ ელექტორალურ მხარდაჭერაში. საკითხის გასაანალიზებლად, გახარიას შემთხვევის გარდა, ბლოგში მიმოხილულია კიდევ ორი აქტორის, დავით ბაქრაძისა და დავით უსუფაშვილის მაგალითები, რომლებიც ასევე მაღალი საზოგადოებრივი მოწონებით სარგებლობენ (დიაგრამა 1). ბლოგში გაანალიზებულია, თუ რას შეიძლება განეპირობებინა მაღალ მოწონებადობასა და არჩევნებში მიღებულ ხმებს შორის დისბალანსი?

 

დიაგრამა 1: IRI-ის 2019 წლის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით პოლიტიკოს დავით ბაქრაძის, დავით უსუფაშვილისა და გიორგი გახარიას პოზიტიურ ჭრილში მოხსენიების სტატისტიკა.

 

 

 

წყარო:  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბრის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები. https://www.iri.org/sites/default/files/wysiwyg/georgia_poll_11.18.2019_final.pdf

 

რა აჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა პერსონალურ რეიტინგებზე? 

გიორგი გახარიას თუ მისი პარტიის შედეგები, ყოფილი პრემიერ მინისტრის პიროვნული რეიტინგის გათვალისწინებით, ზოგიერთი პოლიტიკის კომენტატორისა და ანალიტიკოსისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კერძოდ, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სადაც წინასწარ იყო ჩამოთვლილი საზოგადოებრივი აქტორების სახელები, გახარია პატრიარქისა და იმ დროისთვის მომქმედი მერის, კახი კალაძის შემდეგ 56%-ით, ყველაზე მოწონებად პირად დასახელდა, ხოლო არჩევნებში მან როგორც მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 9.41% მოიპოვა (დიაგრამა 2).

 

დიაგრამა 2:  2021 წელს გიორგი გახარიას საზოგადოების მხრიდან მოწონებადობის მაჩვენებელი ვს. მისი საარჩევნო შედეგები მერობის კანდიდატის პოზიციაზე.

 

წყარო: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). 2021 წლის ივნისის თვის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები. იხ.: https://www.iri.org/sites/default/files/iri_poll_presentation_georgia_june_2021_public_release.pdf?fbclid=IwAR0Zp3NvsMAoWxNZe2_RPA_w9GV8a-sN3F6AyQmEFGndQLc6M7LjBrtUcoY  და ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. იხ.:https://2021.on.ge/results

 

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ამის მიზეზები ორპოლუსიან პოლიტიკურ გარემოში და მესამე პრეზიდენტის საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩენაში უნდა ვეძიოთ. მათი გადმოსახედიდან, ამ მოვლენებმა რადიკალური განწყობების მქონე ამომრჩევლების მობილიზაციას შეუწყო ხელი და საგრძნობლად „დაარტყა“შედარებით მცირე პოლიტიკურ პარტიებს.

თუმცა, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც რომ 2021 წელი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით ამის ახსნა არ იქნება საკმარისი. დიზბალანსის შემთხვევები პოლიტიკოსის მოწონებასა და მისი, ან მისი პარტიისადმი ელექტორალურ მხარდაჭერაში ადრეც ყოფილა ფართო განხილვის საგანი. საქართველოში პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგები ყოველთვის ხასიათდებოდა ერთი ძალიან საინტერესო ფენომენით. არსებობს რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, რომელთა მოწონების მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და, ხშირ შემთხვევაში, საგრძნობლად უსწრებს ყველა დანარჩენს. თუმცა, გამოკითხვაში ასეთი შედეგების ქონა თითქმის არასდროს გადაითარგმნება უშუალოდ არჩევნების შედეგებში.

„ბაქრაძის ამოუხსნელმა ფენომენმა“, პოლიტიკური კომენტატორებისა და ექსპერტების ყურადღება მიიქცია. ბაქრაძე საზოგადოებრივ გამოკითხვებში, წლების მანძილზე, ტოპ მოწონებად პოლიტიკოსებს შორის იყო. მაგალითისვის, 2018 წელსაც, დავით ბაქრაძე, როგორც პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, 56%-ით ერთპიროვნული ლიდერი იყო IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკოსების მოწონებადობის რეიტინგში. მიუხედავად ამისა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი შედეგი მხოლოდ 10-11%-ისფარგლებში მერყეობდა და მან მეორე ტურში გასვლაც ვერ შეძლო. მოწონების მაჩვენებელსა და არჩევნებზე მიღებულ ხმათა შორის დიზბალანსი არანაკლებ თვალშისაცემია კიდევ ერთი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შემთხვევის ანალიზისას. IRI-ის 2018 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 24% დავით უსუფაშვილს პოზიტიურად აფასებდა, ხოლო 2019 წლის კვლევები აჩვენებს, რომ მისი მოწონების მაჩვენებელი 47%- იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ იგი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა კანდიდატურამ მხოლოდ 2,26%-იანი მხარდაჭერა მიიღო (დიაგრამა 3).

 

დიაგრამა 3: დავით ბაქრაძისა და დავით უსუფაშვილის საზოგადოებრივი მოწონებადობის შედეგები ვს. მათი საარჩევნო შედეგები.

 

წყარო:  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). 2018-2019 წლების საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები. იხ.: https://www.iri.org/sites/default/files/2018-5-29_georgia_poll_presentation.pdf და  https://www.iri.org/sites/default/files/georgia_poll_2.pdf ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. იხ.:https://archiveresults.cec.gov.ge/results/20181028/index.html

 

მოწონება ვს. ხმის მიცემა

ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული ფენომენი, როდესაც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები საკუთარი პერსონალური რეიტინგის არჩევნებზე ხმებში გადაყვანას ვერ ახერხებენ, რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარია იმის გააზრება, თუ რას გვიჩვენებს რეალურად გამოკითხვის შედეგები. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს თავად კითხვის ფორმულირებას და იმას, თუ რას გვეუბნება მასზე პასუხი.  IRI-ის გამოკითხვებში მოქალაქეებს ეკითხებიან მათ განწყობას ზოგიერთი კონკრეტული პირის მიმართ და არა იმას, თუ რამდენად სურთ ესა, თუ ის პოლიტიკოსი იყოს ქვეყნის მართვის სადავეებში. გამოკითხულ მოაქალაქეს შეიძლება არ ქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება ამა თუ იმ ფიგურის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ის აუცილებად ხმას მისცემს მას. ამას კი თავის მხრივ კიდევ რამდენიმე დამატებითი მიზეზები ჰქონდეს, რომელსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ.

 

პარტია ვს. ინდივიდუალური რეიტინგი

ზემოთ დასახელებული სამი პოლიტიკოსის შემთხვევის განხილვისას, მნიშვნელოვანია მათი პარტიული კუთვნილების კონტექსტის მხედველობაში მიღება. დავით ბაქრაძის შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მისი, ახლა უკვე ყოფილი, გუნდი, ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან აღმოცენებული პარტიაა. ამ უკანასკნელის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი კი ენმ-ის ერთგული დარჩა. შედეგად, პერსონალურად დავით ბაქრაძე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დადებითი ფიგურაა, თუმცა პარტიული კუთვნილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა თანაფარდობით აისახება ეს მაჩვენებელი არჩევნების შედეგებში.

დავით უსუფაშვილის შემთხვევა ალბათ ოდნავ განსხვავდება მისი წინამორბედი პარლამენტის თავმჯდომარისგან. განსხვავებით ბაქრაძისგან, ეს უკანასკნელი იმთავითვე თავისი პარტიით იყო წარმოდგენილი მმართველ გუნდში. მის იმჟამინდელ პარტიას, რესპუბლიკელებს, არასდროს ჰქონიათ მოსახლეობაში ისეთი მასშტაბის მხარდაჭერა, როგორიც მათი ყოფილი თავმჯდომარის პერსონალური მოწონების რეიტინგი და პოლიტიკური კალიბრი იყო.

გახარიას შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ წრეში იყო მოლოდინი რომ მისი პარტია საქართველოსთვის, შეძლებდა მესამე ძალად გარდაქმნას, თუმცა ფართო საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში არავის ქონია იმის ილუზია, რომ ის ამ ორ პოლუსს შორის ალტერნატივას წარმოადგენდა. ამომარჩეველთა მხრიდან ამ პოლიტიკური ფიგურისადმი არც თუ ისე მაღალი ნდობა იქიდან შეიძლება იყოს განპირობებული, რომ მის წარსულთან არის ასოცირებული 20 ივნისის მოვლენები, პანკისის სპეცოპერაცია და სხვა რეზონანსული თემები, რამაც მისდამი როგორც მმართველისადმი ეჭვები გააჩინა. არსებობს მოსაზრებაც, რომ გახარია ივანიშვილის “ახალი პროექტია” და რეალურად ქართული ოცნების ერთ-ერთი განშტოებაა, ამიტომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში მისდამი ნდობა დაბალია. გარდა ამისა, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ორ პოლუსს შორის დაპირისპირებამ და სიძულვილის ენამ ისედაც გადაფარა მუნიციპალური საკითხები. ხოლო გახარიას წინასაარჩევნო კამპანიის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულად იყო საქმე, როდესაც მას ყოველ გადაცემაში, თუ საჯარო შეხვედრებისას თავის მართლების რეჟიმში უწევდა ყოფნა. 

პოლარიზების ფონზე, რაც რეალურად ორივე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ინტერესებშია, დანარჩენ პარტიებს უჭირთ არა თუ პოზიტიური დღის წესრიგის გატარება, არამედ მუნიციპალურ საკითხებზე საუბარიც კი. რეალურად ქართული პარტიული პოლიტიკა იდეოლოგიურ და ღირებულებით საწყისებზე კი არა, არამედ პიროვნებებზე დგას და სწორედ პიროვნებებმა შექმნეს ორი მსხვილი პარტია, ხოლო დანარჩენ პარტიებს, რომელთაც სურთ ალტერნატივის შექმნა, ამ პოლარიზების ფონზე ვერ ახერხებენ თავიანთი პარტიების გაძლიერებას და დომინანტი პარტიებისგან სრულად დისტანცირებას. ფაქტია, რომ ზემოთ დასახელებულმა პოლიტიკურმა აქტორებმა, საზოგადოების მხრიდან მოწონებადობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს დიდი პარტიების მხარდაჭერის გარეშე მაღალი ელექტორალური მხარდაჭერის მოხვეჭა. თავად კი ვერ ჩამოაყალიბეს ისეთი დამოუკიდებელი პარტიები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ნდობა ჩამოუყალიბდებოდა, ან იმედი იმისა, რომ ისინი დაასრულებდნენ ქვეყანაში ორპოლუსიანობას.

 

დასკვნა

ქართული პოლიტიკა ბოლო რამდენიმე წელია ხასიათდება ე.წ. “ბაქრაძის ფენომენით”, რომელსაც ასევე მიეკუთვნება დავით უსუფაშვილი და ახლა უკვე გიორგი გახარიაც. ეს ფენომენი გულისხმობს აშკარა დისბალანსს ერთის მხრივ პერსონალურ მოწონების რეიტინგსა და მეორეს მხრიც საარჩევნო შედეგებს შორის.

სხვადასხვა არჩევნებზე პოლიტიკოსების მიერ ორი მსხვილი პოლიტიკური პარტიის მხადრაჭერის გარეშე მიღებული პროცენტული მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება არ არის იმის გარანტია რომ ის აუცილებლად მიიღებს ელექტორატის მაღალ მხარდაჭერას. მაშინ როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობას შეიძლება არ ქონდეს ამა თუ იმ ფიგურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და მოსწონდეს კიდეც, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის აუცილებლად ხმას მისცემს ამ პოლიტიკოსს.

პიროვნული რეიტინგის გარდა, მთელი რიგი სხვა ფაქტორები შემოდის, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია სრული სურათის დასანახად. საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკულია დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეებისადმი, ზოგადი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით და მათი წარსული პარტიული მიკუთვნებულობის გამო. ახალ პოლიტიკურ ბრძოლაში კარგად ნაცნობ პოლიტუკურ ფიგურებს საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად ორმაგი ძალისხმევის გაღება უწევთ და დამტკიცება იმისა, რომ ისინი ნამდვილად დამოუკიდებლად მოქმედებენ, აქვთ ქვეყანაში პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის უნარი და რესურსი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორპოლუსიანობის ტყვეობაში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისევ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის აკეთებს არჩევანს ვინაიდან მიუხედავად პერსონალური სიმპატიებისა, შეიძლება არ ჯეროდეს რომ სხვას, გარდა ამ ორი პარტიისა, აქვს რესურსი და საკმარისი მხარდაჭერა რეალური ცვლილებების მოსატანად. ზემოთ თქმული ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით კი ვიღებთ იმ პარადოქსულ სურათს, რომელიც უკვე მერამდენე საარჩევნო ციკლია მეორდება.

 

[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი
[2] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი

Related Posts