ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში

ბიძინა ლებანიძე, მარიამ გრიგალაშვილი

საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შემსწავლელი აკადემიური, ისევე როგორც პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი ამ ნაშრომების ევროცენტრიზმია – ეს კვლევები ყურადღებას მხოლოდ დასავლელ აქტორებზე ამახვილებენ და პოსტსაბჭოთა რეგიონში ევროპული ინტეგრაციის პროცესებს მხოლოდ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებს (EaP) შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიზმიდან აანალიზებენ (მაგალითად, იხილეთ EaP ინდექსი ან აკადემიური კვლევების დიდი ნაწილი). ამასთან, როგორც ბოლო წლებში გამოიკვეთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა სივრცე თანმხვედრი გავლენების მოზაიკას წარმოადგენს, სადაც ევროკავშირი უალტერნატივო არჩევანი სულაც არაა. ევროკავშირი არაა ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ცდილობს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას. სხვადასხვა რეგიონული ინტეგრაციის ინიციატივების საშუალებით იმავეს აკეთებს რუსეთი, თურქეთი, ირანი და სხვა აქტორები. შესაბამისად, შეუძლებელია EaP ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესწავლა სხვა რეგიონული ინტეგრაციის პროცესების შესწავლის გარეშე. წინამდებარე ნაშრომის მიზანია წვლილი შეიტანოს ამ ხარვეზის გამოსწორებაში. შესაბამისად, ნაშრომში წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესების უფრო კომპლექსური ანალიზი საქართველოს მაგალითზე. წინამდებარე დოკუმენტი სვამს ორ კითხვას: რამდენად ინტეგრირებული/რამდენად დამოკიდებული გახდა საქართველო სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბოლო ოცი წლის განმავლობაში და რამდენად ახდენდა გავლენას პარალელურად მიმდინარე ინტეგრაციის სხვა პროექტები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ერთი შეხედვით, ეს ორი კითხვა ურთიერთდამოკიდებულია, ვინაიდან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული მეორე კითხვა ნაწილობრივ პირველი კითხვიდან მომდინარეობს, თუმცა კავშირი არც თუ ისე ცხადია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შესაძლოა იყოს ან არ იყოს დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობებზე სხვა საგარეო აქტორებთან. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი იკვლევს თუ რამდენად განსაზღვრავს, ან არ განსაზღვრავს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხარისხს და ტემპს ქვეყნის გარშემო არსებული მრავალპოლუსიანი სამყარო.

ნახვა გადმოწერა

Related Posts