ინტერვიუ ELS-ის ტრენერებთან

GIP-იმ მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) რამდენიმე ტრენერს სთხოვა, შეეფასებინათ საქართველოში ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა და ამ მხირვ არსებული გამოწვევები. ასევე, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები “მომავალ ლიდერთა სკოლის”, მისი პროგრამისა და მონაწილეების შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს დავით აფრასიძესთან, სალომე დუნდუასთან, გიორგი სორდიასთან, ლევან გიგინეიშვილსა და ნინო ჯანელიძესთან:

როგორ შეაფასებდით საქართველოში ახალგაზრდების საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას? რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი?

დავით აფრასიძე ჩართულობა სპორადულია და ძირითადად საპროტესტო ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ უფრო სისტემატურად და ორგანიზებულად ჩაერთონ.

სალომე დუნდუა ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სწორედ მათ უნდა სრულყონ ის პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის გაუმჯობესებასაც ვესწრაფვით.

გიორგი სორდია ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობის ნაწილი აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული, მაღალია მათი სამოქალაქო მობილიზაციის დონეც, თუმცა ასეთი ვითარება თანაბრად არ არის მთელ ქვეყანაში. რეგიონებში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა შედარებით დაბალია.

ლევან გიგინეიშვილიმიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. პოლიტიკა ფართო კატეგორიის ცნებაა. ვფიქრობ, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა იმ გაგებით, რომ ახალგაზრდობა უნდა იყოს გათვითცნობიერებულ-გარკვეული პოლიტიკურ პროცესებში, მსოფლიო/გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებში; იცოდეს რა პოლიტიკური იდეოლოგიები არსებობს; რომელი მათგანი სად და როგორ მუშაობს; რა არის მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, კეთილდღეობის სახელმწიფო (welfare state), ლიბერტარიანიზმი; რომელი მოდელი რა დოზებით ესადაგება ქართულ ვითარებას, ქართველების მენტალიტეტს; რამდენად მოსაწონია ან პირიქით საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, მიღებული კანონები, სხვადასხვა ოპოზიური პარტიების პლატფორმები/პროგრამები და მათი კრიტიკა, რომ არჩენებზე გააზრებულად შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი. ასევე, ეს ჩვეულებრივ ხდება, პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ან უბრალოდ ადამიანურად მგრძნობელი და მფიქრელი ახალგაზრდები ყველაზე მძაფრად და მხურვალედ განიცდიან თუ რამე ფუნდამენტური ირღვევა ადამიანურ უფლებებში ან ზოგადეროვნულ მისწრაფებაში ხელისუფლების მხრიდან და ისინი შეუპოვრად გამოდიან ხოლმე უსამართლობების წინააღმდეგ. 

ნინო ჯანელიძე ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ რიგში წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას და ზოგადად განვითარების მამოძრავებელ ძალას. ახალგაზრდა საზოგადოების როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ძლიერი და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობისა და მისი ღირებულებების შენარჩუნებისთვის.

როგორც ფიქრობთ, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს ახალგაზრდების აქტიური პოლიტიკური ჩართულობის, ლიდერშიფისა და მათი სოციალური/სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების თვალსაზრისით?

დავით აფრასიძე პოლიტიკური პარტიები ახალგაზრდებს იყენებენ როგორც “დამხმარე ძალას” და არ სთავაზობენ კარიერულ წინსვლას. ასევე, ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა რესურსებზე.

სალომე დუნდუა უმთავრეს გამოწვევად მიმაჩნა განათლების არასაკმარისი ხარისხი. ასევე, იმედგაცრუებისა და”მე მაინც ვერაფერს შევცვლი” მიდგომა.

გიორგი სორდია ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა პოლიტიკური სპექტრის სიმწირე და ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა ქვეყანაში, რაც ნეგატიურად აისახება ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესებაზე.

ლევან გიგინეიშვილი გამოწვევა არ ვიცი, არ მიფიქრია. ახალგაზრდებს შეიძლება მაინცდამაინც არ უნდოდეთ პოლიტიკური ჩართულობა, რაც გასაგებია: ზოგს სწავლა და პროფესიის დაუფლება უნდა; ზოგს სწავლის სადოქტორო და პოსტდოქტორალურ დონეზე აყვანა და მეცნიერების მიდევნა უნდა და რა დროს პოლიტიკაა; ზოგს ფულის გაკეთება და მომავლის ფინანსური უზრუნველყოფა და ე.წ. “გრძელ დოლარს” არის გამოკიდებული; ზოგს რომანტიკული სიყვარულის ფიქრები უმთავრეს ცხოვრებისეულ “გამოწვევად” ესახება და თავის სწორს ეძებს, პოლიტიკისთვის არ სცალია; ზოგს ცოლის მოყვანა უნდა, თუნდაც ურომანტიკოდ, მაგრამ მომავალი მდგრადი ოჯახის და შთამომავლობის ყოლის გამო, რაც ცხოვრების უმთავრეს დანიშნულებად მიაჩნია; ზოგი სუბკულტურით არის გატაცებული და ჰიპობს ან ღამის კლუბების კულტურის ადეპტი ხდება; ზოგს მისტიკა და რელიგია იტაცებს და პოლიტიკა უინტერესოდ მიაჩნია ამასთან შედარებით – ეს ყველაფერი გასაგებია, ადამიანურია და ახალგაზრდული შემოქმედებითობის გამოხატულებაა და არა მარტო ახალაგაზრდულის. პირიქით, თუ ესენი არ აქვს ახალგაზრდას და პოლიტიკისკენ გარბის, ასეთს სხვები ზოგჯერ ალმაცერად უყურებენ და პოლიტიკური კარიერიზმის ეჭვის ქვეშ ხვევენ. ეს არის ალბათ გამოწვევა, რომ ახალგაზრდა რეალურად, კარიერიზმის გარეშე იყოს ჩართული  თავისი საზოგადოების პოლიტიკური ბედის განსაზღვრაში, აქტიური იყოს და ამავე დროს ახალგაზრდული “cool” არ დაკარგოს და რაღაც პოლიტიკური აჯენდების კარიერისტული მიმდევარი არ გახდეს, რადგან პოლიტიკა ძალაუფლებასთანაც არის კავშირში და ახალგაზრდას თუ პოლიტიკური ძალაუფლებისკენ აქვს გემოვნება, ეს ახალგაზრდა მთლად დალაგებულად არც მე მიმაჩნია.

ნინო ჯანელიძე შესაძლებლობის ნაკლებობა, კომპეტენციის ნაკლებობა, სურვილის არ არსებობა – რაც უმეტესწილად გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით.

როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას/რა არის საჭირო დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების უკეთესი ჩართულობის უზრუნველსაყოფად?

დავით აფრასიძე უნდა მოხდეს მათი გაძლიერება განათლებისა და რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით. სასურველია, იყოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ინიციატივების მხარდაჭერის მეტი შესაძლებლობა.

სალომე დუნდუა ვფიქრობ, ახალგაზრდების სამოქლაქო განათლების კუთხით ცოდნის ამაღლება უმნიშვნელოვანესია.

გიორგი სორდია უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური პარტიები, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, შესაბამისად პარტიებმა უნდა დასახონ სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის ახალგაზრდების მოსაზიდად.

ლევან გიგინეიშვილი ახალგაზრდებმა ბევრი უდა იკითხონ, იფიქრონ, შრომისმოყვარეები გახდნენ, თავიანთი აზრის ჩამოყალიბება და კრიტიკული აზროვნება ისწავლონ და დაიგემოვნონ, ზნეობრივად ამაღლდნენ და გაძლიერდნენ და თუ ბევრი იქნება ასეთი ახალგაზრდა, ეს აუცილებლად პოლიტიკაშიც კარგ შედეგს გამოიღებს და ასეთი ახალგაზრდები აუცილებლად აღშფოთდებიან ნებისმიერ უსამართლობაზე გინდაც პოლიტიკაში და გინდაც საზოგადოების ცხოვრების სხვა ასპექტებში.

ნინო ჯანელიძე პირველ რიგში, ახალგაზრდებს უნდა მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია მათი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა ტრენინგებისა და კამპანიების მეშვეობით. ინფორმირებული და განათლებული მოქალაქე გახლავთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე!

ზოგადად როგორ შეაფასებდითმომავალ ლიდერთა სკოლას” ELS? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ტრენინგების, მონაწილეების, სხვ. შესახებ

დავით აფრასიძე კარგია, როდესაც ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ – ეს უწყობს ხელს მათ შორის ქსელების შექმნას.

სალომე დუნდუა ვფიქრობ, ოთხივე ჯგუფი გამორჩეულად მომზადებული, მოტივირებული და ინტერესიანი იყო, რაზეც მეტყველებს მათ მიერ საინტერესოდ წარდგენილი პრეზენტაციები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ ტრენინგმა თავის მიზანს მიაღწია.

გიორგი სორდია ტრენინგი კარგად იყო დაგეგმილი, მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სფეროს – ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო სექტორი, სტუდენტები, აქტივისტები და ასე შემდეგ. სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება პროექტის მხრიდან ყველა რეგიონის დაფარვა.

ლევან გიგინეიშვილი ჩემთვის საინტერესო შეხვედრები იყო ბათუმსა და ზუგდიდში, ვიურთიერთე, კითხვები გავიგე, აზრები გავცვალეთ, საინტერესო ხალხს შევხვდი და ზოგი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ნინო ჯანელიძე ვთვლი, რომ ELS-ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდობის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდასთან, მათთვის ცნობიერების ამაღლებასა და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებასთან, წარმოადგენს ქვეყნის სამართლიანი და დამოკრატიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს აქტივობას. ახალგაზრდების აღჭურვა შესაბამისი ცოდნით, უნარებითა და შესაძლებლობებით ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას, აქტიური სოციალური ცხოვრების დაწყებას და საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

 


“მომავალ ლიდერთა სკოლა” ეს არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

Related Posts