ინტერმარიუმი – საუკუნოვანი პოლონური პროექტის ახალი სიცოცხლე

მარიამ გრიგალაშვილი*

იმ ფონზე როდესაც, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური არჩევანია, ინტერმარიუმი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც გრძელვადიანი მიზნის მიღწევის დამატებითი ინსტრუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერმარიუმის გეგმა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოიცავს, განხორციელების შემთხვევაში იგი საქართველომ შესაძლოა გამოიყენოს, როგორც დამატებითი პლატფორმა ევროკავშირისა და ნატოს შიგნით ინტერმარიუმის ქვეყნების მობილიზაციისთვის, რათა მათ აქტიური ლობირება გაუწიონ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.

 

ევროპაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანი გახდა ახალი ხედვების შემუშავება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ დროს, როდესაც დღევანდელი ევროპის ლიბერალური თავდაცვითი მიდგომები გარკვეულ კრიზისში მოექცა, სულ უფრო დაწინაურდა   ძლიერ და ეფექტურ თავდაცვით კონცეფციებზე ორიენტირებული სტრატეგიები. ამის მაგალითად გამოდგება ჯერ კიდევ გასულ წელს გააქტიურებული თემა ევროკავშირის ჯარის შექმნის თაობაზე, რომელმაც გარკვეულწილად ნატოს ანალოგიური ორგანიზაციის შექმნის საფრთხე დააყენა.  ამასთანავე დაიწყო დებატები  ინტერმარიუმის გეგმაზეც, რომელიც რაც  უნდა არარეალურად ჟღერდეს ზოგიერთი ევროპელი ექსპერტისა თუ  პოლიტიკოსისთვის, პოლონეთის დღევანდელი მთავრობისთვის მთავარ სამომავლო თავდაცვით ხედვას წარმოადგენს. პოლონეთის პოლიტიკური ლიდერების მიერ ჯერ კიდევ საუკუნის წინ შემუშავებული იდეა, სახელწოდებით – ინტერმარიუმი- ზღვათაშორისი გეგმა, გამოწვევად რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ასახელებს და ცდილობს გარკვეულ თავდაცვით რკალში მოაქციოს აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნებიც, რომლებიც დღეს ვერ სარგებლობენ ნატოს უსაფრთხოების ქოლგის სიკეთეებით.

რა არის ინტერმარიუმი?

ინტერმარიუმის გეგმის ერთ-ერთი ვერსიას (c) Stratfor 2014

ინტერმარიუმი (ზღვათაშორისი მიწა) არის პოლონეთის სახელმწიფო ლიდერის  იოზეფ პილსუდსკის მიერ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ერთიმხრივ რუსული, ხოლო მეორემხრივ, გერმანული აგრესიის პრევენციას. ინტერმარიუმი უნდა ყოფილიყო ერთგვარი ფედერაცია, დამოუკიდებელი სახელმწიფoოების სამხედრო ერთობა, რომელიც მოქცეული იქნებოდა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. პილსუდსკი გახლდათ სამხედრო პირი, რომლის, როგორც სახელმწიფო ლიდერის, იდეები  მიმართული იყო სწორედ თავდაცვითი სისტემის შექმნისკენ. მისი გეგმა სასაზღვრო ზოლით თითქმის ემთხვეოდა მე-16-მე-17 საუკუნეების პოლონეთ-ლიტვის კავშირის საზღვრებს. პილსუდსკის ინტერმარიუმის გეგმა 1920 წლის მის მიერ რუსული ინტერვენციის ბლოკირებით იყო ინსპირირებული. პილსუდსკი აცნობიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაც და რუსეთიც ერთგვარ ქაოსში იყვნენ, ორივე სახელმწიფო იმ ამბიციურ ძალას წარმოადგენდა, რომელიც ერთ დღეს კვლავ განაცხადებდა პრეტენზიას ინტერმარიუმის მიწაზე. სტრატფორის დამფუძნებლისა და გეოპოლიტიკის ექსპერტის, ჯორჯ ფრიდმანის შეფასებით, პილსუდსკის რეგიონის გადარჩენის იდეა, (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი და ბალტიის სამი სახელმწიფო) განხორციელების შემთხვევაში იქნებოდა გეგმა, რომელიც სრულიად აარიდებდა მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომს ან განსხვავებულ, ნაკლებ მტკივნეულ სცენარს მოგვცემდა ევროპაში.

რატომ გახდა ინტერმარიუმის გეგმა კვლავ აქტუალური და ვინ ლობირებს მას?

გასულ საუკუნეში გაჩენილი იდეა, დღეს კვლავ განხილვის საგანია პოლონეთის პოლიტიკურ ელიტაში. პოლონეთის მთავრობაში მემარჯვენეების დაბრუნებამ წინ წამოსწია საკითხები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში პოლონეთის დაწინაურებასა და მისი, როგორც „აღმოსავლეთ ევროპის ხმის’“ როლის გაზრდას უკავშირდება. პოლონეთი აცნობიერებს რა რუსული აგრესიის საფრთხეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ცდილობს დამატებითი  უსაფრთხოების ჯაჭვის შექმნას რეგიონში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პოლონურ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა: „მე განვიხილავ პარტნიორობის ბლოკის შექმნას გადაჭიმულს ბალტიის ზღვიდან  შავ და ადრიატიკის ზღვამდე. სახელმწიფო არის ძლიერი, როცა გარშემორტყმულია მოკავშირეებით – ეს არის ელემენტი მზარდი სიძლიერისა.” 
მიუხედავად მთავრობის მხარდაჭერისა, გეგმას საკმაოდ ბევრი ოპონენტი ჰყავს. ინტერმარიუმის პროექტის შეუძლებლობაზე არც აკადემიურ წრეებში ერიდებიან საუბარს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითქმის უკვე საუკუნის  იდეა, დროდადრო სხვადახვა პოტენციური მონაწილის მიერ განსხვავებული ინტერპრეტაციით ხდება გაჟღერებული და ინიცირებული.  

ინტერმარიუმის ტერიტორია ფარავს შემდეგ სახელმწიფოებს: პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინასა და მოლდოვას. გამომდინარე ინტერმარიუმის დღევანდელი მოდიფიკაციისგან, პოლონეთის სამთავრობო პოლიტიკურ ელიტაში განიხილავენ თურქეთისა და საქართველოს ჩართვის იდეასაც. თუმცა, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დინამიკის ფონზე, აგრეთვე თურქეთში წინა კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგის გათვალისწინებით, რამდენად მოუნდება თურქეთს დამატებით სამხედრო ან ეკონომიკურ ალიანსში გაწევრიანება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, ცოტა საეჭვოა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ოფიციალურ შეხვედრებზე ზემოაღნიშნული ქვეყნების პრეზიდენტებთან სულ უფრო ხშირად საუბრობს ინტერმარიუმის პერსპექტივაზე. 2017 წლის 27 მარტს, სლოვენიაში ვიზიტისას, დუდამ განაცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების გაზრდა  მიიღწევა ინტერმარიუმის ინიციატივით, რომელიც თავისმხრივ უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

აქვე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ინტერმარიუმის გეგმის დღევანდელი ჩანასახი –  „სამი ზღვის ინიციატივა“ უკვე არსებობს.  ბალტიის-შავი-ადრიატიკის ზღვების აუზის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა 2016 წლის აგვისტოში გაიმართა, სადაც 12 ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის გაზის კორიდორის კავშირი, სამი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის გაცოცხლება, ევროპის ენერგო ბაზრის გაერთიანება. სამი ზღვის ინიციატივა უფრო მეტად ეკონომიკური ხასიათისაა, თუმცა სამომავლო  საუბარი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მისი ინტერმარიუმის ფორმატში გადატანა (რომელიც ეკონომიურ თანამშრომლობასთან ერთად, სამხედრო უსაფრთხოებასაც გულისხმობს) გამორიცხული არაა. სამი ზღვის ინიციატივის შემდეგი შეხვედრა, როგორც ეს ანჯეი დუდამ დააანონსა, წელს  ივნისის თვეში პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება.

არის თუ არა ინტერმარიუმი ნატოს ან ევროკავშირის ალტერნატიული გეგმა?

ინტერმარიუმის გეგმა, რასაკვირველია გარკვეულწილად იმეორებს ნატოს (სამხედრო ალიანსის) და ევროკავშირის (ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციის) მახასიათებლებს, თუმცა იგი არ წარმოადგენს მათ ჩამნაცვლებელს. პირიქით, იგი შეიძლება აღვიქვათ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახალი ფორმა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის.

ინტერმარიუმის თემის კვლავ გაცოცხლებას, რუსულ მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება, როგორც “რეგნუმი” წერს, „ეს იდეა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანებას გამორიცხავს და დასავლეთი სწორედ ამ გეგმის შეთავაზებით ცდილობს, რომ რაღაც ალტერნატიული ბლოკით მოხდეს ამ ქვეყნების “თავიდან მოშორება”. სინამდვილეში, ინტერმარიუმი სულაც არ გახლავთ ზოგადად დასავლეთის (იგულისხმება საკუთვრივ ბრიუსელის) იდეა, იგი  წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების მიდგომას, რომლებიც რუსეთს უშუალოდ მათი სუვერენიტეტის საფრთხედ აღიქვამენ და ცდილობენ რეგიონის შიგნით დამატებითი რეგიონალური კავშირის ჩამოყალიბებას.

იმ ფონზე როდესაც, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური არჩევანია, ინტერმარიუმი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც გრძელვადიანი მიზნის მიღწევის დამატებითი ინსტრუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერმარიუმის გეგმა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს ფარავს,  განხორციელების შემთხვევაში იგი საქართველოს მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც დამატებითი პლატფორმა ევროკავშირისა და ნატოს შიგნით ინტერმარიუმის ქვეყნების მობილიზაციისთვის, აქტიური ლობირება გაუწიონ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. ამიტომაც, აუცილებელია საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიმდინარე  დისკუსიებში ამ საკითხის ექსპერტულ დონეზე განხილვა. ამასთანავე, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, საჭიროა ყოველმხრივ გავიაზროთ ამ ინიციატივის სარგებელი როგორც საქართველოს, ასევე შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად.


*მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 


Related Posts