მარიამ მანაგაძის ბლოგი: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის  “მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება საქართველოში – ქალთა ეკონომიკური გაძლიერება” წევრის, მარიამ მანაგაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში. მისასალმებელია პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორი, ბიზნეს სექტორი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის დიდი ნაწილის დამსაქმებელს და ამავდროულად, პროგრამებში გენდერული ასპექტების დანერგვის  რესურსი  გააჩნია.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა განვითარებად ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა და, სასურველია, მსგავსი პოლიტიკა საქართველოშიც ფართოდ გავრცელდეს. ამჟამად, ბიზნეს სექტორში ნაკლებად გვხვდება პოლიტიკა, რომელიც გატარდება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, მაშინ, როდესაც აღნიშნულ სექტორს შეუძლია, არსებითი როლი ითამაშოს შესაბამისი ღონისძიებების აქტიურად გატარების გზით.

გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია გენდერული თანასწორობა, ქალთა და გოგონათა გაძლიერება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთ ძირითად საშუალებას სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს. მიუხედავად ბოლო პერიოდში სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გატარებული პროგრამებისა, საქართველოში, აღნიშნული კუთხით, მრავალი გამოწვევა არსებობს და, ამ მხრივ, საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორს საქართველოში არსებობის შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს და, შესაბამისად, მწირია ბიზნესის მართვის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, პასუხისმგებლობიანი და გრძელვადიანი მიზნების მქონე კომპანიების საქმიანობა ბაზარზე. გასული საუკუნის ბოლო წლებიდან, დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება შეხედულება იმის შესახებ, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს გარკვეული საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში. ამასთანავე, ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღება დადებითად მოქმედებს მის რეპუტაციაზე და სწორედ ამიტომ, აღნიშნული ქმედება ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი გახდა. იმ პირობებში, როდესაც სწრაფად იზრდება ადგილობრივი თუ გლობალური კონკურენცია, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მეშვეობით, პროდუქცია იძენს დამატებით სოციალურ ღირებულებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მისი აქტიური გამოყენება ქალთა ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემატური საკითხია. ამ მხრივ, უფრო მეტ დაბრკოლებას აწყდებიან ქალები, რომლებმაც საზოგადოებაში არსებული გარკვეული სოციალური ნორმების, საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების,   მავნე პრაქტიკების თუ გენდერული სტერეოტიპების გამო ვერ შეძლეს ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.

აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტიც, რომ სამუშაო ადგილების სიმწირიდან გამომდინარე შრომისუნარიანი ქალების დიდი რაოდენობა ემიგრაციაში მიდის სამსახურის საპოვნელად, რაც ქვეყნის შიგნით კიდევ აღრმავებს სამუშაო ძალის დეფიციტს და ხდება ადამიანური კაპიტალის დაკარგვა. მაშინ როდესაც, შესაძლებელია არსებული ადამიანური რესურსების აქტიურად გამოყენება და მათი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში გარკვეული პროგრამების მეშვეობით და აღნიშნულის შედეგად მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება.

რა როლს თამაშობს ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბიზნეს სექტორს ქვეყანაში არ გააჩნია მართვის ხანგრძლივი გამოცდილება. ამავდროულად, მათ სტრატეგიულ გეგმებში ნაკლებად გვხვდება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები. შესაბამისად, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის ნაკლებად შევხვდებით სპეციალურ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს  ქალთა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს. ბიზნეს კომპანიებისთვის აღნიშნული საკითხი ნაკლებად საინტერესოა, რადგან მსგავსი პოლიტიკით ვერ შეძლებენ რაიმე სარგებლის ან შეღავათის მიღებას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან ერთად, ნაკლები მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან ბიზნესისადმი სოციალური პასუხისმგებლობის აღების და არ ხდება მსგავსი თემების აქტიური მხარდაჭერა მომხმარებლებს შორის.

მიუხედავად ნახსენები გამოწვევებისა, აღსანიშნავია რამდენიმე ინიციატივა, სადაც ბიზნესი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს Crystal Consulting-ის და USAID-ის საერთო პროექტი, რომლის მეშვეობითაც ქალებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა ბიზნეს ტრენინგებში და წარმატებული ბიზნეს გეგმის შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება.

მისასალმებელია, ასევე,  რამდენიმე კერძო ბანკის შეთავაზება ბიზნეს გეგმის საინფორმაციო კურსებთან დაკავშირებით. ამავდროულად, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ქალებს სთავაზობს ახალ პროგრამას, რომელიც მეშვეობითაც ქალებს, რომლებსაც სურთ ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოება, შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ შეღავათიანი საკრედიტო პირობებით.

მსგავსი პროგრამებისა და ინიციატივების არსებობას კერძო სექტორის მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან უნიკალურ საშუალებას აძლევს ქალებს ისეთ რესურსებზე წვდომის, რისი მეშვეობითაც შესაძლებლობა ეძლევათ, წამოიწყონ ან გააფართოონ თავიანი საქმიანობა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კერძო სექტორი აღნიშნულ პროგრამებს ძირითადად საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახორციელებს, ამიტომ ასეთი პროგრამების რაოდენობა საკმაოდ მწირია. მნიშვნელოვანია მსხვილი კომპანიები, რომლებსაც აქვთ რესურსი და შესაძლებლობა, გამოიჩინონ ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, გაუჩნდეთ ინტერესი და მოტივაცია მსგავსი ხელშემწყობი პროგრამების წამოწყებების.

 რა შეიძლება გაკეთდეს ბიზნეს სექტორის დასაინტერესებლად

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ჩართულ მხარეებს წარმოადგენს სახელმწიფო, ბიზნესი და საზოგადოება. მნიშვნელოვანია სამივე მხარის აქტიური ჩართულობა და მჭიდრო კომუნიკაცია, რათა არსებობდეს სისტემური მიდგომა საკითხისადმი და, ამავდროულად,  დაკავშირებული იყოს შესაბამისი ინსტიტუტების პრიორიტეტებთან.

ამასთან ერთად, არსებითი როლი აკისრია მედიას, რომელიც აქტიური კომუნიკატორია მხარეებს შორის და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ინიციატივების წამოწყებას.მსგავსი მულტისექტორული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია ბიზნეს სექტორის აქტიურად დაინტერესება, რადგან დამატებითი შესაძლებლობა უჩნდებათ სარეკლამო ბაზრებზე წვდომის და სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობის.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, რათა პირველ რიგში წინ წამოიწიოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხი. ამასთან, ერთად მეტი დაინტერესება გაჩნდეს საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ბიზნესის გაზრდილ ინტერესს მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღებისკენ. ამავდროულად, სასურველია დაინერგოს ქალთა ეკონომიური გაძლიერების კუთხით კონკრეტული ღონისძიებები და მოხდეს  აღნიშნულ ღონისძიებებში  ჩართული ბიზნეს  სექტორის  წახალისება.

ასევე, ბიზნესის აქტიურ დაინტერესებას გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ სპეციალური თანამშრომლობის შეთავაზება და გადასახადების მხრივ გარკვეული შეღავათების დაწესება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც  აიღებენ პასუხისმგელობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, პროფესიული გადამზადებისა თუ ქალების დასაქმების ხელშეწყობით.

რა გამოწვევები არსებობს და რა როლი შეუძლია ითამაშოს ბიზნეს სექტორმა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა პროგრამები,  მაგალითად როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში’’ ,,დანერგე მომავალი’’, რისი საშუალებითაც ქალები საშუალება ეძლევათ ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის, არსებობს სხვადასხვა გამოწვევა, რაც აფერხებს მათ ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობებით. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების შესახებ  მოსახლეობის ცნობიერება მეტნაკლებად მაღალია, იკვეთება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემშლელი ფაქტორები.  მათ შორის, მეწარმე ქალებისთვის პროექტის დაგეგმვის, ფინანსური რისკების სწორად შეფასების და პროექტის განხორციელების მწირი უნარ-ჩვევები.  ამასთანავე, არსებობს ელექტრონულ რესურსებზე წვდომის და მისი შესაბამისი გამოყენების ნაკლები ცოდნა, ბიზნეს გეგმის წერა და სხვა. სწორედ აღნიშნული ვაკუუმი შეიძლება ბიზნეს სექტორმა შეავსოს და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაეხმაროს ქალებს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეძენაში ან თავადვე იყოს მაკოორდინირებელი სუბიექტი სხვადასხვა პროექტების.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეინიშნება ბიზნეს კომპანიების ინიციატივები ქალთა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და აღნიშნულ სფეროში მათ მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინიციატივები მწირია და  ქვეყანაში ამჟამად არსებული წარმატებული ბიზნეს კომპანიებისთვის ქალთა ეკონომიკური განვითარება ნაკლებად ხვდება მათ სოციალური პასუხიმგებლობის პოლიტიკაში. ამასთანავე, ბიზნეს სექტორის მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტები, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, საჭიროა სხვადასხვა მხარის კოორდინირებული მუშაობა, ბიზნეს წრეებისა და საზოგადოების მეტი დაინტერესება, აღნიშნული საკითხის პოპულარიზაცია, ახალი ინიციატივების შემუშავება და ერთობლივად განხორციელება.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მულტისექტორული თანამშრომლობა, სადაც სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორი ერთობლივად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკას  ჩართული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა ნაკლებადაა გავრცელებული, ბიზნესის მართვას არ აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, თავის მხრივ, დგას სხვადასხვა გამოწვევის წინაშე  და აქტიურად არ არის დაკვეთა მომხმარებლიდან, მათთვის ნაკლებად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს დამოუკიდებლად იმუშაოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე. შესაბამისად, აუცილებელია, ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საზოგადოების მხრიდან მოხდეს მეტი მოთხოვნა, მხარდაჭერა და საერთო სარგებლის მომტანი თანამშრომლობის დანერგვა. მსგავსი ინიციატივების განხორციელების შედეგად კი, კერძო სექტორს, თავის მხრივ, მიეცემა საშუალება ისარგებლოს მეტი ცნობადობის, პატივისცემისა და მომხმარებლის კეთილგანწყობით.

Related Posts