მინსკის მოვლენები და არჩევნების გეოპოლიტიკა: რა არჩევანი აქვს რუსეთს და დასავლეთს?

ნინო სამხარაძე[1]

9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ 80%-ით გაიმარჯვა. ამ შედეგის გამოცხადებას ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი ლუკაშენკო ამ დრომდე არ გამოხატავს კომპრომისისთვის მზაობას და დემონსტრაციებს კონფრონტაციულად უპირისპირდება. თუმცა, თანდათან უფრო ვრცელდება მოსაზრება, რომ ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა.

ამ ფონზე საინტერესოა, რა ელის რუსეთის პოზიციებს ბელარუსში და მისი რეაგირების რა სცენარები შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ბელარუსის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით, კრემლისთვის, ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი იცვლება. თუმცა, ამ მასობრიობის დემონსტრაციები პუტინისთვის მაინც ახალი მათემატიკური ამოცანაა, რადგან რუსეთის ბელარუსულ თამაშში დარჩენის პირობებშიც კი ბელარუსის დღის წესრიგში უფრო გამოკვეთილად დგება შიდა დემოკრატიზაციის საკითხები, შესაბამისად, მეტი სივრცე ჩნდება დასავლეთისთვის აქ გასააქტიურებლად. ამიტომ, პუტინს აუცილებლად მოუწევს, დაგეგმოს, როგორ – რამდენად რადიკალური გზებით ან რა ცვლადებით – ამოხსნის მას. რუსეთის ქცევის მინიმუმ სამი სცენარის განხილვაა შესაძლებელი. სამივე შემთხვევაში, რუსეთი ბელარუსზე გავლენის შენარჩუნებას შეძლებს, თუმცა, როგორ, ეს დამოკიდებულია მოსკოვის მოტივაციაზე, ხელი შეუშალოს ან არ შეუშალოს პროტესტების შედეგად ქვეყნის დემოკრატიზაციას.

საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსის მოვლენების გარშემო და რუსეთი

საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დასავლეთის და რუსეთის პოზიციები ცალსახად განსხვავდება: პუტინმა ლუკაშენკოს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მაშინ, როცა დასავლური სახლემწიფოების უმრავლესობამ არჩევნების შედეგები არ ცნო.

არჩევნების შემდეგ მოვლენები, ბელარუსისთვის უჩვეულოდ, მასობრივ პროტესტში გადაიზარდა, რის მიმართაც მოსკოვი თავდაპირველად შესამჩნევად ინერტული იყო. რაც შეეხება დასავლეთს, სახელმწიფოთა უმრავლესობა ბელარუსში მიმდინარე პროცესების მიმართ ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში აფიქსირებს ინტერესს: არჩევნების ღამეს არეულობის დაწყებისთანავე ლიეტუვაში გახიზნულ საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას, რომელიც ლუკაშენკოს ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ მეტოქეს წარმოადგენდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტეფან ბიეგანი შეხვდა. თავის მხრივ, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოთქვეს სურვილი, მედიაციური როლი შეასრულონ დემონსტრანტებსა და მოქმედ მთავრობას შორის მოლაპარაკებებში. ფაქტია, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები ლუკაშენკოს წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებენ აღმოსავლეთევროპელი წევრებისგან განსხვავებით და მათგან, უმოქმედობის გამო,  კრიტიკასაც იმსახურებენ. რუსეთმა უკვე გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ ბელარუსის სიტუაციაში ჩარევა მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება. თავის მხრივ, გერმანიამაც მსგავსი გზავნილები გაავრცელა მოსკოვისთვის. ეს ერთგვარი კუნთების თამაში დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების მორიგი მაკეტური მაგალითია.

მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, რუსეთის შემდგომ გააქტიურებაზე შემდეგი ფაქტორები მუშაობს: ლუკაშენკოს პოზიციების საგრძნობი შესუსტების ფონზე, პუტინს არ სურს, რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირე დაკარგოს, ამასთან, ის ყურადღებით აკვირდება დასავლური ქვეყნების აქტიურობას ბელარუსში.

დემონსტრაციების ერთი თვე: სამი სცენარი რუსეთისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ლუკაშენკოს მიმართ ცალსახა მხარდაჭერას გამოხატავს, თუმცა, ის ხედავს, რომ ლუკაშენკო კარგავს მოსახლეობის მართვის სადავეებს. შესაბამისად, მისი პერსონა, შეიძლება, აღარ იყოს პუტინისთვის საინტერესო მოკავშირე. მოსკოვს აქვს ორი არჩევანი – ან ენდოს ახალ დემოკრატიულ მოძრაობას და დაუშვას მათი წარმატება, ან აქტიურად ჩაერიოს პროცესებში იმ განზრახვით, რომ თავად შეძლებს ლუკაშენკოს  ჩანაცვლებას. ამ სტრატეგიების გათვალისწინებით, პუტინს აქვს მინიმუმ სამი სამოქმედო სცენარი, რომლებიც უახლოეს მომავალში აჩვენებს, რამდენად არის ის მზად, დაუშვას ბელარუსის დემოკრატიზაცია და მისი დასავლეთთან შესაძლო თანამშრომლობის გააქტიურება.

სტრატეგიული უმოქმედობა

მინსკში არჩევნების ღამეს პროტესტის დაწყებისთანავე რუსეთი გასაკვირად უმოქმედო იყო: როგორც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პეშკოვმა განაცხადა, მოსკოვი ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდა. ამ ინერტულობას აქვს თავისი საფუძვლები. როგორი სცენარითაც არ უნდა წარიმართოს მოვლენები, რუსეთზე მაღალი ხარისხის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი პოზიციების შესუსტება ბელარუსში ნაკლებსავარაუდოა. თანაც, განსხვავებით სხვა ფერადი რევოლუციებისგან, პროტესტების დღის წესრიგში ნაკლებად დგას დასავლეთსა და რუსეთს შორის ცალსახა არჩევანის გაკეთების საკითხი.  ასევე, ბოლო ხანებში, ლუკაშენკო პუტინისთვის შედარებით არაკომფორტული პარტნიორი ხდებოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობაში. და ბოლოს, ბელარუსში შექმნილი ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური გამოცდილების არმქონე საზოგადოებას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა ნაწილმა პოლიტიკურ პარტიად ფორმირება გადაწყვიტა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ძალა მოისურვებს და გამარჯვების შემთხვევაშიც კი ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რუსეთთან  ურთიერთობებში.

ამ სცენარში რუსეთი, უბრალოდ, ენდობა ახალ დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობებში გარდამტეხი ცვლილებების შეტანას არ აანონსებს. ერთგვარი სტრატეგიული უმოქმედობით ის ახალ პოლიტიკურ ელიტას მისცემს საშუალებას, დასავლეთთან კომუნიკაციის გზით ქვეყნის დემოკრატიზაციას შეუდგეს, რადგან იცის, რომ ბელარუსის რუსეთზე დემოკიდებულება სერიოზული ძვრების საშუალებას ქვეყანას არ მისცემს.

ხისტი ჩარევა

მეორე სცენარი რუსეთის მხრიდან ბელარუსის მოვლენებში სამხედრო ჩარევის განხორციელებაა, რისთვისაც პუტინმა მზადყოფნა დემონსტრაციულად გამოთქვა. მას აქ სამხედრო ინტერვენციის გარკვეული ლეგალური და პოლიტიკური ლეგიტიმაცია გააჩნია: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, „აღმოუჩინოს დახმარება“ ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს, მათ შორის, სამხედროც. პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით კი „მწვანე კაცუნებს“ მინსკში ლუკაშენკოს ოფიციალური „მოწვევა“ უკვე აქვთ.

აღნიშნული სცენარი რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციები „ზედმეტად“ პროდასავლური გახდება ან  „მწყობრიდან გამოვა“ და რადიკალურად ძალადობრივ ფორმებს მიიღებს. ამ ეტაპზე არც პროტესტის პათოსი და არც მისი ლიდერების გზავნილები ცალსახად პროდასავლურ ან ანტირუსულ ხასიათს არ ატარებს. დემონსტრაციებზე ნაკლებად შეიმჩნევა ევროკავშირის ან ნატოს სიმბოლიკები, რაც მოვლენებს პუტინისთვის ნაკლებსაშიშს ხდის. დემონსტრაციებიც, მიუხედავად მისი  არაპროგნოზირებადობისა და ძალოვანი უწყებების სასტიკი წინააღმდეგობებისა, ორგანიზებული და მშვიდობიანია. შესაბამისად, რუსეთის მოქმედების ეს სცენარი ყველაზე ნაკლებსავარაუდოა.

რბილი ჩარევა

ამ გადმოსახედიდან ყველაზე რეალური სცენარი რუსეთისთვის არის რბილი – პოლიტიკური მანიპულაციებით – მოქმედება, რადგან სტრატეგიული უმოქმედობა მის ტრადიციულ მოკავშირეს დასავლეთთან ბევრად ინტენსიური კოლაბორაციის საშუალებას მისცემს, ხოლო სამხედრო ინტერვენცია, ამჯერად, არაკომფორტული გადაწყვეტილება იქნება, რისი მიზეზიც, შესაძლოა, იყოს მოსკოვის შიში, რომ ბელარუსი ხალხის, მათ შორის, ოპოზიციის ლოიალობას დაკარგავს. ასევე, პუტინმა იცის, რომ ბელარუსი პოლიტიკურად, იდენტურად და ეკონომიკურად რუსეთზე მიბმული ქვეყანაა, რაც დემონსტრაციების ნებისმიერი სცენარით წარმართვის შემთხვევაში, მას შედარებით უპირატესობას აძლევს დასავლეთთან. ამ არენაზე, მოსკოვთან შედარებით, ევროატლანტიკურ საზოგადოებას ნაკლები ინსტიტუციონალური და პოლიტიკური ბერკეტები აქვს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რუსეთის გავლენა ბელარუსზე, მეტწილად, შენარჩუნდება თუმცა, ამ პირობებშიც კი რაიმე ცვლილების გასაზომად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს: ეს მოხდება ლუკაშენკოს მმართველობაში დარჩენის პირობებში თუ რუსეთის ერთგული ალტერნატიული ლიდერის გამოჩენის შემთხვევაში.

პუტინი ლუკაშენკოს მხარდაჭერას მუდმივად უდასტურებს: არჩევნებში გამარჯვებისა და დაბადების დღის მილოცვით, ბელარუსის საზღვართან სპეციალური სამხედრო ჯგუფების მობილიზებით თუ ლუკაშენკოსთან შესახვედრად რუსეთის პრემიერის გაგზავნით. თუკი ლუკაშენკო რუსეთის დახმარებით შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, დემონსტრანტებთან დემოკრატიულ ტრანზიციაზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი ნაკლებსავარუადოა, რომ მას ჰქონდეს ისეთივე ინტენსიური მისწრაფება რუსეთსა და ევროპას შორის ლავირების, როგორც აქამდე. შესაბამისად, იძულებული იქნება, კიდევ უფრო დაუკავშიროს ბელარუსის პოლიტიკური ბედი მოსკოვს: ერთი მხრივ, ის ვალში იქნება პუტინთან, მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ვერსად გაექცევა. თუმცა, პოლიტიკური ჩარევის ერთ-ერთ მიმართულებად, შეიძლება, ლუკაშენკოს ახალი ლოიალური ლიდერით ჩანაცვლებაც მოიაზრებოდეს, რაც რუსეთის დომინაციას ბელარუსის შემდგომ პოლიტიკურ პროცესებში შესამჩნევად გაზრდის.

თამაშის ახალი  წესები კრემლისთვის: რა სურს რუსეთს?

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რუსეთის გავლენის შემცირება ქვეყანაში, დიდი ალბათობით, არ მოხდება, პუტინს ბელარუსული თამაშებისთვის ახალი სტრატეგიის მოფიქრება მაინც დასჭირდება. დასავლეთს აქ შედარებით შეზღუდული გავლენა აქვს. ამასთან, ბელარუსის პრორუსულობას მაინცდამაინც არც დემონსტრაციების ლიდერები ემუქრებიან. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ყველაზე სავარაუდო სცენარი არის რუსეთის მხრიდან ბელარუსის მოვლენებში რბილი – პოლიტიკურ მანიპულაციებზე დაფუძნებული – ჩარევა, რადგან სამხედრო ინტერვენციის საჭიროება მოსკოვს არ უდგას და სტრატეგიული უმოქმედობაც საშიშია  დემოკრატიზაციასთან ასოცირებული დასავლური წარმომადგენლობის გაზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან, ძირითადად, უნდა ველოდოთ პოლიტიკურ მანიპულაციებს და, შედეგად, ან ლუკაშენკოს შენარჩუნებას (რაც განსაკუთრებით რთული იქნება მოცემულ ვითარებაში), ან მისი ახალი ლიდერით ჩანაცვლებას. საკითხავია, თუ რამდენად სურს პუტინს დემოკრატიული ბელარუსი, თუნდაც ის კვლავ ლოიალური იყოს რუსეთისადმი. და რამდენადაა მზად, დაუშვას ახალი ბელარუსის მშენებლობის პროცესში დასავლეთის გამოჩენა. ეს საკითხები განსაზღვრავს, თუ რა სცენარით თამაშს აირჩევს ის.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts