მრგვალი მაგიდის დისკუსია პარიზში – „აღმოსავლეთ პარტნიორობა გზაგასაყარზე: არსებული რეალობის შეფასება“

16 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (თბილისი), ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტთან (პარიზი), ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (კიშინიოვი) და ახალი ევროპის ცენტრთან (კიევი) თანამშრომლობით, გამართა მრგვალი მაგიდის დისკუსია პარიზში – „აღმოსავლოთ პარტნიორობა გზაგასაყარზე: არსებული რეალობის შეფასება“.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღმოსავლეთ პარტნორობის სტატუსსა და მის მომავალზე  განაკუთრებით კი რეგიონული პერსპექტივიდან.

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორებს აერთიანებთ სასიცოცხლო ინტერესები ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარების უმთავრეს წინაპირობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული რეალობის შეფასება მიზნად ისახავდა ევროპასთან ასოცირების პროცესის შესწავლას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში  შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ამ სამმა ქვეყანამ გამოხატეს პოლიტიკური ნება გააღრმაონ ურთიერთობა ევროკავშირთან, გაატარონ ყოვლისმომცველი რეფორმები და გაზარდონ სავაჭრო ურთიერთბები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. რეფორმების გატარების შემდეგ, 2014 წელს, მოლდოვასთან ერთად საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვისაც შევიდა ძალაში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რამაც ურთიერთობების მეტად გაღრმავებას შეუწყო ხელი.  

ამასთან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამ ქვეყანას აერთიანებთ გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები და მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ არიან რუსეთის მხრიდან, რომელიც ცდილობს ეს ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროში შენარჩუნოს. საგარეო უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტურად საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უნდა გახდნენ უფრო მეტად მდგრადები საშინაო პრობლემების დაძლევითა და წარმატებული რეფორმების გატარებით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან; ასევე რუმინელი და ფრანგი პოლიტიკის სპეციალისტები, პარლამენტის წევრები, მედიის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და პარიზში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მთლიანობაში დისკუსიის  მიზანი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული სიტუაციის შეფასება იყო: რა გამოწვევებია ევროკავშირთან ასოცირების პროცესში? როგორ მიმდინარეობს რეფორმები? ამასთან, პანელზე მოხდა მოლოდინების შეფასება: რას ელიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისაგან და რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინები ევროპული გადმოსახედიდან? რა უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ფორმატი?


ფოტოები ღონისძიებიდან:

Related Posts