ომი მთიან ყარაბაღში: რას შეიძლება ნიშნავდეს ის საქართველოსთვის?

რიჩარდ გირაგოსიანი*

2017 წლის 2 აპრილს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის გარშემო, ორი ათწლეულის მანძილზე ყველაზე სერიოზული სახის საბრძოლო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. გასული წლის საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც აზერბაიჯანული ძალების მიერ მთიან ყარაბაღზე იერიშით იყო პროვოცირებული, ვითარების ესკალაცია და სამხედრო ოპერაციები მოჰყვა. ამ ყოველივემ, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისედაც მყიფე შეთანხმება სერიოზულად შეარყია.

ფოტო: სამხრეთ კავკასია კოსმოსიდან / Flickr

უფრო მეტიც, გასული წლის აპრილის საბრძოლო მოქმედებებმა არამხოლოდ დაადასტურა მთიანი ყარაბაღის „გაყინული“ კონფლიქტის ახალ, გაცილებით უფრო სერიოზულ საბრძოლო ფაზაში შესვლა, არამედ რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უკვე არსებული მყიფე მშვიდობის დარღვევის ახალი რისკიც  წარმოაჩინა.

საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გარდა, 2016 წლის აპრილის „ოთხდღიანი ომი“  სხვა მიზეზის გამოც იყო მნიშვნელოვანი. კონკრეტულად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიში, შეზღუდული მიზნების – ტერიტორიის დაკავებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის –  მიღწევის მხრივ წარმატებული აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ბრძოლის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი, რომელსაც საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის, სერიოზული შედეგების მოტანა შეუძლია. შეცვლილი უსაფრთხოების ლანდშაფტი ხუთი ძირითადი სამხედრო კომპონენტით შეიძლება განისაზღვროს:

  • მოქმედების უფრო დიდი ინტენსივობა – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა ძალის გამოყენებით, რომელიც საკმაოდ სცდებოდა რუტინულ სნაიპერულ სროლებს, მათ შორის: ნაღმმტყორცნების, ყუმბარმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებას. ეს ყოველივე კი 1994 წლის მაისის შეთანხმების შემდეგ მოქმედების ინტენსივობის სერიოზულ ზრდას წარმოადგენს;
  • მოქმედებების გაზრდილი ტემპი – სადაზვერვო მისიების მიერ უფრო ხშირად განხორციელებული თავდასხმები დათავდაცვითი პოზიციების მოსინჯვა, რომელიც უფრო კარგად გაწვრთნილი აზერბაიჯანული დანაყოფების ჩართულობით ხორციელდება. ეს უკანასკნელნი კი, უფრო დიდი ოპერაციული ავტონომიით და უფლებამოსილებით არიან უზრუნველყოფილნი, ვიდრე სტანდარტული, წინა ხაზის დანაყოფები;
  • საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების რეალური მზაობის არარსებობაა და ძალის გამოყენების უფრო დიდი სურვილი – უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანის ძალების პოზიცია უფრო მეტად ხისტი და მტკიცე გახდა, რაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი იმედგაცრუებას ასახავს;
  • გაფართოებული ბრძოლის არეალი, რაც აზერბაიჯანული მხარის მხრიდან სომხეთის საკუთრებაზე თავდასხმებს გულისხმობს. აღნიშნული თავდასხმების ძირითადი სამიზნე, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სამხრეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სამოქალაქო მოსახლეობის ცენტრებია;
  • განუწყვეტელი „გამალებული შეიარაღება“ – თავდაცვითი ხარჯების თანმიმდევრული ზრდისა და თავდასხმითი შეიარაღების გაუმჯობესებული სისტემების შესყიდვისკენ (მეტწილად რუსეთიდან) მიმართული  ტენდენციით.

 

განახლებული საომარი მოქმედებების მზარდი რისკი

შეიძლება ითქვას, რომ ამ ფონზე, მთიანი ყარაბაღისთვის განახლებული საომარი მოქმედებების მზარდი რისკი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

პირველი, წინა წლის სამხედრო იერიშმა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ეკონომიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის საშუალება მისცა. აღნიშნული ეკონომიკური პრობლემები აზერბაიჯანში, განსაკუთრებით, ბოლო წლებში გამწვავდა, რაც ქვეყნის ენერგო სექტორზე-როგორც ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალაზე-დამოკიდებულებით არის განპირობებული.

მეორე, მრავალჯერადი სამხედრო გამარჯვება (დამატებითი ტერიტორიების დაკავება, მათის ზომის მიუხედავად), შემდგომი ქმედებების კუთხით ცდუნებას წარმოადგენს და მათი დაგეგმვისა და განხორციელებისგან  თავშეკავებას ართულებს.   

ასეთ ცდუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის მთავრობისთვის. ყარაბაღის კონფლიქტში მარცხით გამოწვეული შეურაცხყოფის გრძნობას არამხოლოდ ღრმა ფესვები აქვს, არამედ ტვირთად აწევს აზერბაიჯანის მომდევნო პოლიტიკურ ლიდერებსაც.  ამდენად, ბრძოლის ველზე ბედისწერის ამგვარი ცვლილება არამხოლოდ ლეგიტიმურობის ხარისხს ანიჭებს საბრძოლველად განწყობილ ავტორიტარულ რეჟიმს, არამედ, უფლებამოსილებასაც სძენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც საკამოდ მწირი სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს.

ბოლო ფაქტორი, რომელიც საომარი მოქმედებების განახლების ალბათობას ზრდის ეს რაიმე სახის, რეალურად არსებული შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა: არაფერს და არავის  შესწევს ძალა, ზეწოლა მოახდინოს ან დაარწმუნოს აზერბაიჯანი, რომ მან ყარაბაღის კონფლიქტის „მოსაგვარებლად“ შეიარაღებულ ძალას არ მიმართოს.

აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე განახლებული იერიშის გაზრდილი რისკის  მიუხედავად,  ამ მომენტისთვის, 2016 წლის აპრილის მოცემულობისგან ორი ძირითადი განსხვავება არსებობს. პირველი ის, რომ აპრილის უეცარი თავდასხმისგან განსხვავებით, ახლა, აზერბაიჯანის ნებისმიერი იერიში მოულოდნელობის ეფექტს იქნება მოკლებული. ეს კი სწორედ ის ფაქტორია, რომელმაც საწყისი ეტაპზე და შემდგომში უკვე ტერიტორიების დაკავების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა. მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამად, ყარაბაღის თავდაცვითი ძალები გაცილებით უკეთ შეიარაღებულნი და აღჭურვილნი არიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.  

 

გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე

მეზობელ საქართველოს, რომელიც როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, ახლო კავშირების შენარჩუნებას და დაბალანსებას ცდილობს, მთიანი ყარაბაღისთვის ნებისმიერი სახის სამხედრო თუ საბრძოლო მოქმედების განახლებას და წარმოებას ორი პირდაპირ და აშკარა საფრთხის მოტანა შეუძლია. ეს კი განსაკუთრებით, ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება:

საქართველოს უსაფრთხოებისთვის პირველ, პირდაპირ საფრთხეს ძირითადი რეგიონული ენერგო ინფრასტრუქტურის მიზანში შესაძლო ამოღება წარმოადგენს. მაგალითად, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მიზანში ამოღების რისკი და შესაძლებლობა სათანადოდ უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სწრაფად მზარდი საომარი ზონის საფრთხეს გავითვალისწინებთ, მაშინ, როცა შეტაკებების ტრაექტორია და სიჩქარე სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება.  

საბრძოლო მოქმედებების განახლება, საქართველოს უფრო ფართო, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საფრთხესაც უქმნის, რომელიც რუსეთის საპასუხო ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს. აღნიშნული საფრთხის ფესვები, შესაძლოა, გეოგრაფიით განპირობებულ შეზღუდვებში ვიპოვნოთ, რაც კონფლიქტზე რუსეთის შესაძლო სამხედრო რეაქციას ზღუდავს, რომელსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე განლაგებული საკუთარი სამხედრო ძალების კონფლიქტში ჩართვა შეუძლია. ამ სცენარის მიხედვით, მოსკოვი, დიდი ალბათობით შეეცდება, რომ თბილისზე ზეწოლა განახორციელოს იმისათვის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს საჰაერო ან თუნდაც, სახმელეთო სივრცეზე, როგორც დერეფანზე, წვდომა მოიპოვოს.

უფრო მეტიც, შესაძლოა, რომ რუსეთის ამგვარმა რეაქციამ ახალ „გაერთიანებულ“ სომხურ–რუსულ სამხედრო სარდლობის ერთეულს ან თუნდაც, რუსეთის მიერ მართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას(CSTO), საქართველოსთვის საფრთხის შექმნის და სომხეთზე ზეწოლის ბერკეტი მისცეს. ეს სავარაუდოდ, მოიცავს მოსკოვის მცდელობას, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების მთიან ყარაბაღში განთავსების მიზნით, ახალი გაერთიანებული სარდლობის სტრუქტურა გამოიყენოს. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, რეგიონულ არასტაბილურობას გაამწვავებს და რუსეთის, ისედაც საფრთხის შემცველ სამხედრო ყოფნას რეგიონში კიდევ უფრო გაზრდის.


*რიჩარდ გირაგოსიანი არის რეგიონალური კვლევების ცენტრის (RSC) დირექტორი, ცენტრი არის დამოუკიდებელი კვლევითი (think-tank) ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ერევანში, სომხეთში.
ელ.ფოსტა: 
director@regional-studies.org


პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორ(ებ)ს და  შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის  შეხედულებებს.

Related Posts