ონლაინ დისკუსია: თურქეთის როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და მათი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში

3 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ დისკუსია „თურქეთის როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და მათი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში“. დისკუსია, რომელიც ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით შედგა, წარმოადგენს რიგით მეორე ღონისძიებას საჯარო დისკუსიების სერიის „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია GIP-ის მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით.

დისკუსიაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა აკადემიური სფეროს, ექსპერტთა ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიებას, რომელზეც უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოდერირებას ზაერბაიჯანის დიპლომატიური აკამემიის ასოცირებული პროფესორი დოქტ. ანარ ვალიევი უწევდა. ონლაინ დისკუსია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ გახსნა და ისაუბრა იმაზე, რამდენად დროული და მნიშვნელოვანია პროექტი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისთვის.

დისკუსიის პირველი მომხსენებელი გახლდათ დოქტ. პინარ იპეკი, ეკონომიკისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (TOBB) პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. დოქტ. იპეკმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის როლზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სავაჭრო და ეკონომიკურ განვითარებაში. როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, ასევე რეგიონული ვაჭრობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია გადაიხედოს თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის ვაჭრობის საკითხი. დოქტ. იპეკმა ისაუბრა თურქეთისთვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და აზერბაჯანის, როგორც სტაბილური ენერგო იმპორტიორის, მნიშვნელობაზეც.

მეორე მომხსენებელმა – დოქტ. ტრეისი ჯერმანმა, რომელიც კინგს კოლეჯის (ლონდონი) უსაფთხოების კვლევების დეპარტამენტის აკადემიური კვლევების მიმართულების დეკანის მოადგილე გახლავთ – განიხილა ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას და მათ გადალახვის საშუალებებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთისთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ერთი მხრივ, ნატოსთან აღებული ვალდებულებების, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება წარმოადგენს. დოქტ. ჯერმანის თქმით, ამ პროცესებში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთის ისტორიულად რთული ურთიერთობები სომხეთთან.

ღონისძიების მესამე, და ბოლო, მომხსენებელი გახლდათ გულმირა რზაევა, ენერგეტიკის კვლევების ასოცირებული მკვლევარი ოქსფორდის ინსტიტუტში (OIES) და ჟენევაში მდებარე მსოფლიო ენერგეტიკული საბჭო – გაზის გლობალური ცენტრის ექსპერტ-მრჩეველი. მოხსენებაში მან განიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ თურქეთის ენერგო პოლიტიკა  და ამ პოლიტიკაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების როლი. როგორც გულმირა რზაევამ აღნიშნა, თურქეთის ენერგო პოლიტიკა და სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ცვლილებებს განიცდის. 2021 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ენერგო სექტორში არსებული უმეტესი კონტრაქტების ვადა სწორედ 2021 წელს იწურება. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, თურქეთის ახალი ენერგო პოლიტიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის შიგნით წარმოებული განახლებადი ენერგიის წილზე.

მოხსენებების დასრულების შემდეგ, ონლაინ დისკუსია კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა. პანელისტების მისამართით დასმული დამსწრეების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხსა და მის გავლენას არსებულ სამმხრივ ურთიერთობებზე, COVID-19-ის გლობალური პანდემიის გავლენას თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე და ამ პანდემიით გამოწვეული სირთულეების  დაძლევის გზებს.

დისკუსიების სერიის მესამე, და ბოლო, ღონისძიება 24 ივლისს, კვლავ ონლაინ ფორმატში გაიმართება თემაზე “ნატოს წევრი თურქეთი და მისი მიდგომები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ”. დეტალები ამ შევედრის შესახებ სულ მალე გამოქვეყნდება GIP-ის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

დისკუსიის ჩანაწერის სანახავად გადადით ამ ბმულზე >>

Related Posts