ნატოს წევრი თურქეთი და მისი მიდგომები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ

24 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა ონლაინ დისკუსიას „ნატოს წევრი თურქეთი და მისი მიდგომები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ“. ეს იყო რიგით მესამე და დასკვნითი ღონისძიება საჯარო დისკუსიების სერიის „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია GIP-ის მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით.

დისკუსიაში მონაწილეობა ორმოცზე მეტმა  საერთაშორისო და ადგილობრივმა აკადემიური წრეების, ექსპერტთა ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა, ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით და მას მოდერაციას უწევდა  რიჩარდ გირაგოსიანი, რეგიონული კვლევების ცენტრის – RSC (დამოუკიდებელი ანალიტიკური ორგანიზაცია ერევანში, სომხეთი) დირექტორი.

ონლაინ დისკუსია გახსნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა – დოქტ. შტეფან მაისტერმა. მისასალმებელ სიტყვაში, მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის პროექტის მნიშვნელობას და თქვა, რომ პროექტი ხელს უწყობს მთავარ რეგიონულ მოთამაშეებზე კვლევას და მიმართულია საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

პირველი მომხსენებელი გახლდათ დოქტ. ნონა მიხელიძე, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IAI). დოქტ. მიხელიძემ განიხილა ევროპული პერსპექტივები რეგიონში თურქეთის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის როლზე რეგიონში და იმსჯელა, თუ როგორ შეუძლია თურქეთს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. დოქტ. მიხელიძემ აღნიშნა, რომ თურქეთის მიდგომის მასტიმულირებელი ფაქტორები უკავშირდება თურქეთის ურთიერთობებს ნატოსთან, აშშ-სთან, ევროკავშირსა და რუსეთთან. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან „ცივ შხაპს“, როგორც მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს.

მეორე მომხსენებელმა, დოქტ. მიტატ ცელიკპალამ, სტამბულის კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორმა, მიმოიხილა რეგიონის მიმართ თურქეთის მიდგომის საკითხი და გააანალიზა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივები და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის პოტენციალი. დოქტ. ცელიკპალამ ხაზი გაუსვა, ბოლო წლებში, თურქეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომპლექსურ და ექსპანსიურ ხასიათს. მან წამოაყენა არგუმენტები, რომ ბოლოდროინდელი გარკვეული მერყეობების მიუხედავად, თურქეთს მაინც აქვს დასავლური „მსოფლმხედველობა“, თუმცა უფრო დაბალანსებული. როგორც ნატოს წევრი-ქვეყანა, თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანსა და საქართველოს მათი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში. ამასთან, დოქტ. ცელიკპალამ, აღნიშნა, რომ  თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივები შეზღუდულია, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხები წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას.  

დისკუსიის მესამე მომხსენებელი გახლდათ დოქტ. თეონა აქუბარდია, საქართველოს ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მან განიხილა, თუ რა გავლენას ახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე რუსეთთან თურქეთის პრაგმატული ურთიერთობა. დოქტ. აქუბარდიამ აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის პრაგმატული ურთიერთობების ახალი ეტაპი  2015 წელს, სირიის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო. თუმცა, რეგიონის მიმართ თურქეთის მიდგომის მასტიმულირებელი ფაქტორები, ანუ ენერგო-ინტერესები იგივე რჩება. დოქტ. აქუბარდიამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური სწრაფვისთვის თურქეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ონლაინ დისკუსიის მეოთხე და ბოლო მომხსენებელი გახლდათ დამოუკიდებელი სამხედრო ჟურნალისტი, ალექსანდრე გოლცი. თავის მოხსენებაში, მან ყურადღება  შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა და განიხილა თურქეთის, საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენა. ალექსანდრე გოლცმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების არსებობას, წარმოადგენს რუსეთის შიში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და რუმინეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის ბაზის მიმართ. მომხსენებლის აზრით, ის რასაც აკეთებს რუსეთი, არის ნატოსა და აშშ-სთან დიდი კონფრონტაციისთვის მზადება. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს, ალექსანდრე გოლცმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია გახდება რუსეთისთვის კოშმარი, რადგან ეს აიძულებს რუსეთს მხარი დაუჭიროს ერთ ქვეყანას და ეს ეწინააღმდეგება მის დღევანდელ პოლიტიკას.

 

 

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ პანელისტებისთვის შეკითხვები ჯერ წერილობით, ხოლო შემდეგ მიკროფონის გამოყენებით დაესვათ. მათი შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მამოძრავებელ ძალებს, თურქეთის როლს აფხაზეთში, საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში, რეგიონული პროექტებიდან სომხეთის გამორიცხვას და სხვა.

ონლაინ დისკუსია პირდაპირ ეთერში, GIP -ის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებითაც გადაიცემოდა.

ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ აქ >>

Related Posts