პანდემიის ეფექტი: ახალი გამოწვევები საპარლამენტო არჩევნების წინ

ნინო სამხარაძე[1]

კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია მრავალგვარი დისკუსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების შესახებ. პანდემიასთან საბრძოლველად დაწესებული მკაცრი შეზღუდვების და ვირუსის ბოლო ხანებში შერბილებული ფაზის შემდეგ საკითხი აქტუალობას იძენს საქართველოშიც: საარჩევნო სისტემის შესახებ ინტენსიური პოლიტიკური დებატების ფონზე ამომრჩეველს 2020 წლის ოქტომბერში ხმის მიცემა ისედაც შეცვლილ საარჩევნო გარემოში მოუწევს, პანდემიით წარმოქმნილი განსაკუთრებული პირობები კი მოახლოებული არჩევნების უნიკალურობას კიდევ უფრო ამძაფრებს. 

კორონავირუსის კრიზისის სწრაფადცვალებადი გარემოს მიუხედავად თანდათან იკვეთება ძირითადი გამოწვევები, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება წარმოიქმნას: სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ კომენტარებს არჩევნების გამჭვირვალობასთან და დემოკრატიულობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სავარაუდოდ, სიძნელეები გაჩნდება ადმინისტრაციული თვალსაზრისითაც, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ამომრჩევლის ქცევაზეც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების ფონზე, გამორიცხული არაა, აქტიური განხილვის საგანი გახდეს არჩევნების გადადება, როგორც პასუხი პანდემიით წარმოქნილ სირთულეებზე. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, კონკრეტულად რა გამოწვევები ელის წინ საარჩევნო პროცესს საქართველოში და რამდენად შესაძლებელია არჩევნების გადადება ამ გამოწვევების პასუხად.

 

გართულებული გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის

პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ახალ გარემოში მთელ რიგ გამოწვევებს აწყდებიან პოლიტიკური პარტიები. საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ ეტაპზე ჯერ ისევ უცნობია, რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში და რა სისტემით ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში. ამის ფონზე პოლიტიკურ პარტიებს დამატებით გამოწვევას უქმნის პანდემიის პირობებში გართულებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ოფიციალურად არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაიწყება: ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს სოციალური დისტანცირების სხვადასხვა ზომების დაცვას, რაც პარტიებს უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიის „კარდაკარ“ პრინციპის გამოყენებას, მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს, მასობრივ შეკრებებს და ა.შ. კომუნიკაციის ამ საშუალების შეზღუდვა მათთვის გაართულებს საკუთარი პროგრამის, გზავნილების მასებისთვის უშუალოდ წარდგენას, ამომრჩევლის ზოგად განწყობებთან და საჭიროებებთან წვდომას.

ამასთან, კამპანიის ეს ნაწილი მნიშვნელოვანწილად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში, რაც პირდაპირი კომუნიკაციის შემცირებასთან ერთად წარმოშობს პროცესის გაუმჭვირვალობის საფრთხეებსაც: პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ გააძლიერონ საკუთარი კამპანია სოციალურ მედიაში. თუმცა ეს საკითხი შეიცავს რისკებს წინასაარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს ქართულ პარტიებთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების სისტემასთან ბრძოლაში რამდენჯერმე Facebook-ის ადმინისტრაციის ჩართვა გახდა საჭირო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ონლაინ სივრცეში პოლიტიკური კონკურენცია შეიძლება ზიანისმომტან ფაქტორად იქცეს სამართლიანი და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოსთვის.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიებს სიძნელეებს შეუქმნის, არის მმართველი ძალის ხელში თავმოყრილი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები, რომლებიც პანდემიის პირობებში ჩვეულებრივზე აქტუალური ხდება ამომრჩევლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის გეგმების წარდგენა აქტიურად ხდება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ, მმართველი პარტია ამ მხრივ უპირატესობას ფლობს, რადგან მას წინასაარჩევნოდ ამ რესურსის პრაქტიკაში გამოყენებაც შეუძლია. საარჩევნო გარემო კი ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო უთანასწორო ხდება.

ამგვარად, კორონავირუსის საფრთხეების შედეგად წარმოქმნილი ახალი წინასაარჩევნო რეალობა აჩენს შეზღუდვებს ოპოზიციური პარტიებისთვის, თანაბარ პირობებში აწარმოონ საარჩევნო კამპანია. ამ კონტექსტში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუ რამდენად მოხერხდება ასეთ გარემოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

 

ადმინისტრაციული გამოწვევები და ამომრჩეველი

ამგვარად, არჩევნის გაკეთება საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გამძაფრებული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში მოუწევთ, რასაც ემატება ვირუსის შედეგად გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ყველაფერი კომბინაციაში კიდევ უფრო მარტივს გახდის ამომრჩევლის ეკონომიკური თუ ემოციური ფონით მანიპულირებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის დაბალანსებული და მშვიდი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხისშემქმნელ რისკებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გავლენისმომხდენ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს ამომრჩევლისთვის, არის მმართველი პარტიის ხელში მოქცეული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბერკეტები, რომელთა გამოყენების რისკებიც არსებობს წინასწაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა შეზღუდვების, აკრძალვების თუ საკარანტინო პირობების სამართავად პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს მოაწერა ხელი და რომლის თანახმად მთავრობას 15 ივლისამდე ექნება უფლება, შეზღუდვები გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე. 

პანდემიის მასშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალური დისტანცირების ან შესაბამისი ჰიგიენის დაცვის საჭიროება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება არჩევნების ორგანიზების პროცესში. საჭირო გახდება საარჩევნო პროცესზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დაკვირვების ადეკვატური უზრუნველყოფა. ხმის მიცემის დღეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების გათვალისწინება მოუწევთ არა მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ერთეულებს, არამედ თავად ამომრჩეველს, რომლის არჩევნებზე მისვლის მაჩვენებელზეც, შესაძლოა, პანდემიის რისკებმა ხელშესახები გავლენა მოახდინოს. ხმის მიცემის პროცესში აქტიურობის დაბალი დონე თავისთავად პრობლემებს შექმნის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 

 

არჩევნების გადადების შესაძლებლობა საქართველოში და პრაქტიკა მსოფლიოში

განხილული პრობლემების ფონზე გარკვეულ საექსპერტო წრეებში დაიწყო არჩევნების გადადების სცენარზე საუბარი, თუმცა, მეორე მხრივ, არც ცესკო და არც პოლიტიკური სპექტრი თარიღის შეცვლაზე აქცენტს არ აკეთებს. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად არიან დაკავებული საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების მიღწევით და ოქტომბრისთვის პროგნოზების გაკეთებით.

საერთაშორისო გამოცდილება არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანია. საფრანგეთში 15 მარტს გამართული მერების არჩევნების პირველი ტურის წინაააღმდეგობრივი გარემოებების გამო მეორე ტური გადაიდო, თუმცა ამჟამინდელი გადაწყვეტილებით ის ივნისშია დაგეგმილი. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლა მხოლოდ მწვავე საშინაო და საერთაშორისო კრიტიკის შედეგად გადაწყდა.  მერების არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც და რამდენიმე სხვა ქვეყანამ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული შემთხვევები კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებით მწვავე  – მარტი-მაისის პერიოდში დანიშნულ კენჭისყრებს შეეხო. საქართველოს მსგავსად, უახლოეს თვეებში დაგეგმილი არჩევნები ისეთ ქვყნებში, როგორიცაა აშშ, ისლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლიეტუვა და ახალი ზელანდია, კვლავ დღის წესრიგში რჩება. ზოგიერთ ქვეყანაში განიხილება შესაძლო ალტერნატივები, რომელთა შორისაა არჩევნების დაგეგმილ დროს ჩატარება ელექტრონულად ან საფოსტო სისტემით, თუმცა მსგავსი სცენარი, როგორც წესი, ფართო დებატისა და სკეპტიციზმის საგანი ხდება.

დღეის მდგომარეობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნების გადადებაზე სერიოზული დისკუსია დაიწყოს საქართველოშიც. მაშინ, როცა საკანონმდებლო სივრცე არჩევნების თარიღის შეცვლას მნიშვნელოვნად არ ზღუდავს და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აკრძალვას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში აწესებს, არჩევნების გადადების რეალურობას ამცირებს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი.

პირველ რიგში, ამ ეტაპზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველო პანდემიის კრიზისს ჯერ-ჯერობით კარგად ართმევს თავს. ამ მაჩვენებლების სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში ხმის მიცმის გადადების სასიცოცხლო აუცილებლობა არ იქნება, თუმცა კენჭისყრის გამართულად ჩატარებისთვის ჩნდება დამატებითი ადმინისტრაციული გამოწვევები: არჩევნების დღეს უბნებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო გარემო არა მხოლოდ ამომრჩევლისთვის, არამედ კომისიის წევრებისთვის და დამკვირვებლებისთვის, რასაც დასჭირდება დამატებითი აღჭურვილობის – ნიღბების, სადეზინფექციო ხსნარების, თერმომეტრების – მობილიზება. ასევე, აუცილებელია ხმის მიცემის უფლების რეალიზება იმ დროისათვის ვირუსით ინფიცირებულებისთვის ან თვითიზოლაციაში მყოფთათვის. ყველაფერი ეს საკმაო რესურსს მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, როგორც ცესკო ამტკიცებს, სახელმწიფო მობილიზებულია, რომ პანდემიის გახანგრძლივების პირობებშიც კი არჩევნების 31 ოქტომბერს ჩატარებას ხელი არ შეეშალოს და ზედმიწევნით იქნას დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საჭირო პირობები.

ამასთან, ჯერ-ჯერობით ნაკლებად შეინიშნება არჩევნების გადადების მომხრე პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში. მიუხედავად პრობლემებისა, რომლებზე საუბარი სხვადასხვა აქტორებმა უკვე დაიწყეს, არჩევნების გადაწევა მმართველი ძალისთვის ხელისუფლების გახანგრძლივების დამატებით ბერკეტად აღიქმება. ამასთან, არჩევნების გადადება მაინცდამაინც არც მმართველი პარტიისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ამ დროის განმავლობაში მან შეიძლება დაკარგოს ის უპირატესობები, რისი მოპოვებაც პანდემიურ სიტუაციაში შეძლო. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ხმის მიცემის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში თანხმობის მიღწევა შესაძლებელი იყოს.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, კორონავირუსთან ბრძოლა უახლოესი თვეების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება, ეპიდსიტუაციის შესაძლო გართულება და საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღება ერთადერთი რეალური საფუძველია 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადებისთვის. ვირუსის უფრო ინტენსიური გავრცელების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს, თუმცა ამჟამინდელი პანდემიური მდგომარეობის რისკებისა და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ხმის მიცემის თარიღის ცვლილება ერთი მხრივ,  ნაკლებმოსალოდნელია, მეორე მხრივ კი, ნაკლებსაჭირო.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts