პოლიტიკის კოლოქვიუმი – წინასაარჩევნო დისკუსია

17 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა პოლიტიკის კოლოქვიუმს – წინასაარჩევნო დისკუსიას. Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ეს იყო GIP-ის მიერ ორგანიზებული პირველი ლაივ ღონისძიება, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა. დისკუსია მიზნად  ისახავდა პარტიული პროგრამების განხილვასა და  პოლიტიკურ დისკუსიაში მოქალაქეთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის, ჩართულობის წახალისებას.

ღონისძიება ორი პანელისგან შედგებოდა: 1. საქართველოში არსებული ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის სტრუქტურირებული დისკუსია, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ; 2. ახალგაზრდული მანიფესტის წარდგენა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მისი შეფასება.

ღონისძიება გაიმართა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისა (NED) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

კოლოქვიუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა GIP-ის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ. მან მოკლედ მიმოიხილა ის ორი პროექტი, რომლის ფარგლებშიც იყო ღონისძიება ორგანიზებული. პროფ. კაკაჩიამ ასევე, ხაზი გაუსვა პოლიტიკის კოლოქვიუმის ძირითად მიზნებს და ღონისძიების დღის წესრიგი გააცნო აუდიტორიას. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა პეტრას აუშტრევიჭუსის –  ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი – ვიდეო მოხსენება. მან საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები და არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესი საფუძვლიანად იქნება გაანალიზებული ევროკავშირის მიერ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR) ერთად. 

პირველ პანელს, რომელიც სტრუქტურირებული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, მოდერაციას პროფ. დავით აფრასიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი  უწევდა. საქართველოში არსებულ ექვს ძირითად პარტიას შემდეგი მომხსენებლები წარმოადგენდნენ: 

  • ხატია დეკანოიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი 
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო 
  • გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი
  • გრიგოლ გეგელია, ლელო საქართველოსთვის
  • ლაშა ჩხარტიშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია.

 

თითოეულ მომხსენებელს, დისკუსიის თითო რაუნდში, 2 წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ პარტიის ხედვა წარმოედგინა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:  

  • საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა; ტერიტორიული მთლიანობა
  • ეკონომიკური განვითარება / ბიუჯეტი / ბიზნესი და ინვესტიციები / რეგიონული განვითარება / ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა 
  • განათლება, სპორტი და მეცნიერება 
  • ეკოლოგია და ტურიზმი, ტრანსპორტი და გზის უსაფრთხოება 
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა (მასმედია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, კორუფცია).

 

პანელის დასასრულს, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის საინტერესო შეკითხვები პოლიტიკური პარტიის ლიდერებისთვის დაესვა. 

პოლიტიკის კოლოქვიუმის მეორე პანელი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხს შეეხებოდა. მისი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდული მანიფესტის წარდგენა, რომელიც 150 ახალგაზრდის იდეებზე დაყრდნობით მომზადდა მთელი საქართველოს მასშტაბით; მეორე პანელის მიზანი ასევე იყო დისკუსიის წახალისება ახალგაზრდების მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის  გზების გარშემო. 

ახალგაზრდული მანიფესტი მომზადდა პროექტის #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ ფარგლებში,  რომელიც განხორციელდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია  Polis180-თან   თანამშრომლობითა   და   გერმანიის    საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

მეორე პანელი გახსნა GIP-ის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ჯანსაღი დემოკრატიული განვითარებისთვის. აუდიტორიას ასევე მიესალმნენ: ბარბარა დე ჩაშელი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი კულტურის, პოლიტიკისა და პრესის საქმეთა მიმართულებით; ფრაუკე ზიბასი და ანა კიკნაძე, პროექტის გუნდის წევრები POLIS180-დან, რომლებმაც პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. 

ახალგაზრდული მანიფესტი, რომელიც GIP-ის პროექტის გუნდის წევრებმა – ნინო ჯიბუტმა და გვანცა იჩქითმა წარადგინეს, ასახავს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით და გვთავაზობს ახალგაზრდების რეკომენდაციებს ამ გამოწვევების დასაძლევად. 

სულ 9 ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს: 

  1. ადამიანური და ეკონომიკური რესურსების ნაკლებობა და ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობა
  2. გენდერული და ეთნიკური სტერეოტიპები
  3. განათლების დაბალი დონე სხვადასხვა საფეხურზე: სკოლა, უნივერსიტეტი და არაფორმალური განათლება
  4. ინიციატივებისა და პლატფორმების ნაკლებობა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვის
  5. ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები
  6. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის დაბალი დონე/ნიჰილიზმი
  7. პარტიების სტრუქტურაში ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და ახალგაზრდა ამომრჩეველზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა
  8. პოლარიზებული/ჩაკეტილი პოლიტიკური გარემო
  9. ნეპოტიზმი.

მანიფესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და კარგი საშუალებაა პოლიტიკური პარტიებისთვის ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გასაცნობად და შემდეგ წინასაარჩევნო პროგრამებში გასათვალისწინებლად. 

მანიფესტის წარდგენის შემდეგ, პანელის მონაწილე ექვსი ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ორი წუთის განმავლობაში შეეფასებინათ მანიფესტი და  პარტიის ხედვა გაეზიარებინათ მასში ასახული გამოწვევების შესახებ. 

ღონისძების სრული ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>

Related Posts