პოლიტიკური კულტურის კრიზისი საქართველოში

მიხეილ სარჯველაძე
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი

„აბსოლუტური სიბნელე და ეს სიბნელე მთავრობაშიც, პარლამენტშიც და ხალხშიც… პრინციპში ხალხიდან გამომდინარე“ წერს ერთ-ერთი ახალგაზრდა, საკუთარი სიტყვებით პრო-დასავლური პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში არჩევნებში პირველივე ტურში დამარცხების შემდეგ.

ეს ერთი, კონკრეტული პოლიტიკოსი ქართული ელიტების ტრანსფორმაციის ტიპური პროდუქტია, რომელშიც შერწყმულია ფორმა – დემოკრატიული ფასადი და შინაგანი  მრწამსი –   Homo Sovieticus-ი. დამოუკიდებლობის 25 წელმაც ვერ განდევნა ადამიანთა თავებიდან საბჭოთა ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც ახალი, საბჭოთა ადამიანის შექმნას ითვალისწინებდა
ახალი, საბჭოთა ადამიანი უნდა ყოფილიყო მრავალმხრივ განვითარებული, მაგრამ სისტემის ბრმა და ყრუ ნაწილი, რომელიც უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა  სისტემას.როგორც ჩანს მენტალური კავშირი თანამედროვე ქართულ ელიტებს და საბჭოთა კავშირს შორის საკმარისად მჭიდროა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ ქართველი ხალხი  ელიტების ნაწილმა  კიდევ ერთხელ აღიქვას ბნელად და განუვითარებლად, რომელმაც  არ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი და საკუთარ სიბნელეს უნდა დააბრალოს რაც დაემართება.

f87de1210cfa5bd7ca3b1fd2648f6e73მიუხედავად ახლო წარსულში მიღებული ნეგატიური გამოცდილებისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არჩევნების შედეგად ერთი პარტიის ხელში მოექცა. ე.წ. პროდასავლური პარტიების წამყვანმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული პარტიების არჩევნების შედეგად განცდილი მარცხის შემდეგ დატოვეს. პოპულისტურმა პარტიამ, რომლის რიტორიკა ხშირ შემთხვავში ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის პროპაგანდას პარლამენტში შესვლა მოახერხა. არჩევნებადმდე ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს მეგობარი ქვეყნიდან საუბრობს რევოლუციურ სცენარზე და ქართული პოლიციის მხარში დგომაზე. რატომ ვერ მოხერხდა პოლიტიკური ელიტების, განსაკუთრებით კი პრო-დასავლური ძალების მიერ ორ პოლიტიკურ (და არა იდეოლოგიურ) პოლუსს შორის არსებული სივრცის შევსება?

 

ელიტები

ელიტები წარმოადგენენ საზოგადოების მცირერიცხოვან ნაწილს, გავლენიან წრეებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებს (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა) წარმართავენ. ბუნებრივია საზოგადოებასთან ერთად ელიტებიც განიცდიან ტრანსფორმაციას, რადგან ისინი საზოგადოების (მცირე) ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვნად მათზეა დამოკიდებული ტრანსფორმაციის პროცესის  მართვაც  და დინამიკაც. [1]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ იმ პოლიტიკური ძალების ნაწილის მიერ, რომლებმაც ვერ გადალახეს 5 %-იანი ბარიერი, წარუმატებლობის მიზეზად საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა როგორც ამომრჩევლის მცდარი გადაწყვეტილება. საინტერესოა რამდენად ან რატომ არის ამომრჩევლის, ანუ საზოგადოების ბრალი, თუკი. 5%-იანი ზღვარი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა და ამ სამიდან ერთმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. საიდან მოდის ელიტების, დიდწილად კი ქართველი პოლიტიკოსების მიერ ხალხისთვის საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალების სურვილი? და საზოგადოების რომელ ნაწილში უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე – მცირე ნაწილში, ანუ ელიტებში თუ უმრავლესობაში, ვინც მხოლოდ ირჩევს, მაგრამ არ მართავს?

ტოტალიტარიზმის ბორკილები

სტალინიზმის ეპოქაში რეპრესიებმა, რეპრესიებზე მიბმულმა დასმენებმა, ღია სასამართლო განხილვებმა, ინტელექტუალური ელიტის გადასახლება-დახვრეტამ საზოგადოების დემორალიზაცია მოახდინა, რაც სტალინის უმთავრესი ინსტრუმენტით – შიშით იყო განპირობებული. გერმანელი ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წიგნში – „ტოტალიტარული მმართველობის ელემენტები და წარმოშობის საფუძვლები“ წერს: ,,ტოტალიტარული მმართველობის ძირითადი მახასიათებელი არ არის ის, რომ ის ადამიანებს გარკვეულ თავისუფლებას ართმევს, ან მათი გულებიდან თავისუფლებისადმი სიყვარულს ძირფესვიანად აქრობს. არამედ ის, რომ ის იმდენად დიდი ძალის გამოყენებით ადებს ადამიანებს ტერორის რკინის ბორკილებს, რომ მათ არ უტოვებს სივრცეს ქმედებისთვის, რაც თავისუფლების ერთადერთი სინამდვილეა.[2]

ცივი ომის შემდეგ ბორკილები დაიმსხვრა, მაგრამ თავისუფლების გააზრება და რაც მთავარია მისი ეფექტურად გამოყენება თავად თავისუფლების განსამტკიცებლად პრობლემად იქცა. მაგალითისთვის საკმარისია დავაკვირდეთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში განვითარებულ პროცესებს. ვარშავის ხელშეკრულების აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა მოახერხეს განვითარებულიყვნენ დემოკრატიულად, რადგან მათი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია დასავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი გერმანიისთვის, რომელიც აღნიშნული სივრცის გაფართოების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იმ სივრცეებში, რომლებიც ამ წრის მიღმა დარჩნენ კონფლიქტები და ომები ტრანსფორმაციის თანმდევი მოვლენა გახდა, რადგან არ არსებობდა ბალანსის დაცვის მექანიზმი რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესების პოლარიზაციის პირობებში.

ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენამდე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სამწლიანი გამოცდილება ჰქონდა 1918 წლის დამოუკიდებლობამდე საუკუნეზე მეტი რუსეთის იმპერიის პერიფერიაში გაატარა. 1921 წლიდან კი 3/4 საუკუნე ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში. საბჭოთა სისტემა ახალი ადამიანის შექმნაში ინდივიდის მნიშვნელობის შეუზღუდვას  და უფერული მასის, კოლექტივის ნაწილად ქცევას გულისხმობდა. განსხვავებული აზრის და კრიტიკული დამოკიდებულების არმქონე საზოგაოდება ესაჭიროება ტოტალიტარულ სისტემას, რათა უპრობლემოდ მართოს ის და მყარად ჰყავდეს მოქცეული ბორკილებში. ამ პროცესმა რათქმუნდა მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლისა ზეგავლენა მოახდინა მათ შორის ქართული საზოგადოების და ელიტების განვითარებაზე. სწორედ საბჭოთა, მახინჯი მენტალიტეტი განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ ელიტები პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში    დანარჩენ საზოგადოებას არ აღიქვამენ როგორც სახელმწიფოს ღირებულ ნაწილს, არამედ როგორც თავად ელიტების ძალაუფლების საყრდენს და ლეგიტიმაციის წყაროს.

ვისი ბრალია?

საქართველოში პოლიტიკური ელიტები დიდწილად ორი სხვადასხვა სათვალით აღიქვამენ არჩევნების შედეგებს: ელიტების იმ ნაწილს ვინც ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას ან ცდილობს  არსებული პოზიცია გაიმყაროს,საკონსტიტუციო უმრავლესობა ეგოისტური მიზეზებიდან გამომდინარე პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით. ელიტების მეორე ნაწილი, რომელმაც არჩევნების შედეგად ვერ მოიპოვა სახელისუფლებო ძალაუფლება, აცხადებს, რომ საკონსტუტიციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში საშიშია და რომ პრო-დასავლური კურსი საფრთხის ქვეშ დგას. პირდაპირ თუ ირიბად ხდება მინიშნება, რომ ეს საფრთხე ამომრჩევლის „დამსახურებაა“, რომელმაც ვერ გიაზრა მომენტის მნიშვნელობა. ანუ ამ ლოგიკით ხალხი ბნელია.

საინტერესოა როგორ უნდა მოქცეულიყო ხალხი ელიტების პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ არ მიეღო ბნელის და რეფლექსიის უნარს მოკლებულის იარლიყი:

  1.  ხალხის ბრალია თუ არა, თუკი  წარმატებული მომღერალი გადაწყვეტს გახდეს  პოლიტიკოსი გახდეს, ჩამოაყალიბოს გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე პარტია, რომელმაც პომპეზური სტარტის შემდეგ, ასევე პომპეზური მარცხი განიცადა?

არ არის ხალხის ბრალი, რადგან ამ კონკრეტული პარტიის შემთხვევაში, ისევე როგორც ეს დამახასიათებელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, საქმე გვქონდა არა იდეოლოგიურ საფუძველზე შექმნილ გაერთიანებასთან, რომელსაც იდეალები ამოძრავებს, არამედ ცალკეული პიროვნებების პირად ინტერესებთან და პოპულისტურ ლოზუნგებთან:

აღნიშნული პარტიის მხრიდან გაკეთდა დაპირება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზრდებოდა და რაც მთავარია ისინი გარანტირებულ დახმარებას მიიღებდნენ 4 წლის მანძილზე. რეალურად სოციალური სახელმწიფოს იდეის მიხედვით, თუკი ოჯახს გაეზარდა შემოსავალი იმ დონემდე, რომ აღარ ესაჭიროება დახმარება, რათქმაუნდა მიუღებელია სახელმწიფომ გააგრძელოს მისთვის სოციალური დახმარების გაცემა, რადგან გამოთავისუფლებული თანხის გამოყენება იმ ადამიანებისთვის უნდა მოხდეს, ვისაც ესაჭიროება. სწორედ ესაა სოციალური დახმარების იდეა, რომ სახელმწიფომ ხელოვნური ჩარევით შექმნას საარსებო მინიმუმი საზოგადოების იმ წევრებისთვის, ვინც კარგავს შანსს ისევე მიიღოს მონაწილეობა საზოგაოდებრივ ცხოვრებაში და არ მოკვდეს მშიერი, როგორც მეორე, რომელსაც არ აქვს იგივე პრობლემები.

ეს არის სოციალური სახელმწიფოს იდეა და ამორალურია დაჰპირდე მოსახლეობას, რომელიც სოციალურად არ იმყოფება სახარბიელო მდგომარეობაში, რომ უპირობოდ 4 წლის მანძილზე დაუნიშნავ სოციალურ დახმარებას

  1. ხალხის ბრალია თუ არა,  რომ პროდასავლური პარტიების ნაწილი პარლამენტში ვერ მოხვდა?

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არ არის ხალხის ბრალი, თუკი მაგ. ორმა პრო-დასავლურმა, მართალია კვალიფიციური ადამიანებისგან დაკომპლექტებულმა, მაგრამ დაბალრეიტინგულმა პარტიამ ერთმანეთთან საერთო ენა ვერ გამონახა, რომ ერთობლივად შესულიყვნენ პარლამენტში.

ეს მაგალითი, ისევე როგორც პირველ პუნქტში განხილული მაგალითი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ქართული პოლიტიკური კულტურის კრიზისს. სამწუხაროდ ქართული პარტიების დიდმა ნაწილმა ვერ გაიაზრა, რომ პრო-დასავლურობა არ ნიშნავს იდეოლოგიას, არამედ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, რომელიც ოდესმე შესაძლოა გარეპირობების ცვლილებებთან ერთად შეიცვალოს. შესაბამისად საგარეო პოლიტიკური მიმართულება ვერ გახდება ღირებულებების და იდეალების საყრდენი პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან იდეოლოგია უფრო მეტია ვიდრე საგარეო პოლიტიკა. ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტია, რომელიც ადამიანების პოლიტიკურად ანგაჟირებულ ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფისგან გამოარჩევს მათი განსხვავებული ხედვების საფუძველზე

  1. ხალხის ბრალია და ტრაგედია, რომ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვდა?

არ არის ხალხის ბრალი, რადგან პატრიოტთა ალიანსის მიერ საპარლამენტო მანდატების მოპოვება ისევე ლოგიკურია, როგორც მაგ. თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების მიერ ცალ-ცალკე  5% ზღვარის ვერგადალახვა.  ლოგიკურია იმიტომ, რომ რუსეთი რბილი ძალის გამოყენებით აქტიურად ცდილობს შექმნას ანტი-დასავლური განწყობა მოსახლეობაში, რაც ცალკეული მედიასაშუალებების, პარტიების თუ ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. თუკი გავიხსენებთ ამ ჯგუფების, მაგ. ევრაზიის ინსტიტუტის, ნინო ბურჯანაძის ან პატრიოტთა ალიანსის მთავარ ლოზუნგებს და თემებს (დასავლეთი რყვნის, ქართველობას გვართმევს, მალე საქართველოში ქართველები აღარ იცხოვრებენ, ნატოში და ევროკავშირში მაინც არავინ მიგვიღებს, საქართველოს გაერთიანების გასაღები კრემლშია და ა.შ.) შესაძლოა გაგვახსენდეს ევროპაში მოღვაწე მემარჯვენე პოპულისტური პარტიები, რომლებიც მსგავსი თემებით ცდილობენ ლტოლვილთა კრიზისის ფონზე ხმების მოპოვებას. მათ შორის ბევრს კრემლთან ძალაინ მეგობრული ურთიერთობები აქვს, მაგ. ლე პენის „ეროვნულ ფრონტს“ ან გერმანულ „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

მაშინ, როცა ქართველი პრო-დასავლური პოლიტიკოსები პროაქტიულ რიტორიკას ეწევიან ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში ტელევიზიების ეთერში, მათ ავიწყდებათ, რომ იმავდროულად საჭიროა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობის მოსახლეობამდე მიტანა და მათთვის უფრო ინტენსიურად, გასაგებ ენაზე მდგომაროების ახსნა. მათ ასევე ავიწყდებათ, რომ განათლების და ინფორმირებულობის დონე განსაკუთრებით კი რეგიონებში ხშირ შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად ლოგიკურია თუკი თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის პარტია წარმატებით აღვივებს იმედგაცრუებას დასავლეთთან მიმართებაში და საკმაოდ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების ფონზე  პოულობს საყრდენს ელექტორატში. ერთმნიშვნელოვნად ცუდი ტენდენციაა, მაგრამ კარგად წაროაჩენს არსებულ პრობლემას, პოლიტიკური კულტურის კრიზისის ჭრილში. ეს კრიზისი ე.წ. პრო-დასავლურ პარტიებს პრაგმატული, პარტიული პერსპექტივიდან გამომდინარე ახლო მომავალში აიძულებს ამომრჩეველთან უფრო გასაგებ ენაზე ისაუბროს დასავლეთთან ინტეგრაციის რეალურ სიკეთეებზე და ნაკლები დრო დაუთმოს პოპულისტურ რიტორიკას.

პოლიტიკური ელიტების კრიზისი

პოლიტიკური ელიტების კრიზისის სათავე ელიტებში უნდა ვეძებოთ, რადგან ისინი არიან ქვეყნის და საზოგადოების მესაჭეები.  აღნიშნული კრიზისი საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარების პროცესის ლოგიკური შედეგია, რომელიც თავის მხრივ მიბმულია ელიტების ტრანსფორმაციასთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საბჭოთა მენტალიტეტის მეორე სიცოცხლესთან. იმ ფაქტმა, რომ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოკლეხნიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ისევ კომუნისტური ელიტები დაუბრუნდნენ მართვის სადავეებს, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პროცესი რათქმაუნდა შესაბამისად შეანელა. შესაბამისად საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებით,  მცირე ნაწილს – ელიტებს ჰქონდათ შესაძლებლობა რკინის ფარდის დაშვების შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიურად გაცნობოდნენ ფარდის მიღმა მდებარე განვითარებული სამყაროს მიღწევებს და მოეხდინათ მათი ექსპორტი საქართველოში.

 თუმცა დამოუკიდებლობიდან 1/4 საუკუნის გასვლის შემედეგაც კი ვერ მოხერხდა საქართველოში, რომ განათლება იყოს უმთავრესი პრიორიტეტი, რომ არ არსებობდეს განათლების მხრივ სოციალური უთანასწორობა და სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებს არ აქვთ რეპეტიტორისთვის გადასახდელი თანხა, არ მოესპოთ მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება. პირველ რიგში რადგან სკოლა ვერ აძლევს საკმარის განათლება და რეპეტიტორის დახმარების გარეშე ვერ ხერხდება თანაბარი კონკურენციის პირობებში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად სრული სახელმწიფო გრანტის მიღება. ზედმეტია იმ ფაქტზე საუბარი, რომ კვლევითი ცენტრების არარსებეობა სპობს მეცნიერების განვითარების შანსს.

პოლიტიკური ელიტების კრიზისი პირველ რიგში გამოიხატება მათ მიერ იდეების და ხალხისთვის გააგებ ენაზე საუბრის უნარის არქონაში. გამომდინარე საბჭოთა მენტალიტეტიდან ელიტების ნაწილი ამ 25 წლის მანძილზე არ გრძნობდა მორალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე იმ სიკეთეების გამო, რომელსაც თავად იღებდნენ, მაგრამ არ სურდათ გაენაწილებინათ ისინი ხალხისთვის. განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტებს, თუკი გადავხედავთ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც გადმოცემულია რეალურად განხორციელებად, პრაგმატულ და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ პროგრამაში. საზოგაოდება კი ამ დროს ინდიფერენტული ხდება პოლიტიკოსებთან და ზოგადად პოლიტიკასთან მიმართებაში.

დასკვნა

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გასაჯანსაღებლად  ესაჭიროება ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკური ჯგუფები და არა კონფორმისტული, მატერიალურ სიკეთეებზე ორიენტირებული დაჯგუფებები, რომლებსაც ყველაფერი ამოძრავებთ იდეალიზმის გარდა. რადგან დემოკრატია პროცესია, ამიტომ  აღნიშნული კრიზისი დიდი ალბათობით პოზიტიურად წაადგება დემოკრატიციზაციის პროცესს. რადგან ყველა კრიზისს თან ახლავს გამოსავლის ძიების ინტენსიური პროცესიც და სწორად ამიტომ სავარაუდოდ თავად საზოგადოება იპოვის საკუთარ თავში ძალას, რომ წარმოშვას ახალი ტიპის პოლიტიკოსები, პარტიები და შეცვალოს პოლიტიკური კულტურა.

[1] Bundeszentrale für politische Bildung: Elite, in: http://www.bpb.de/apuz/28476/elite?p=all, 02.11.16.

[2] Arendt, Hannah: Elemente und Ursprünge totaler Herrschaft; 1986, S. 958.

Related Posts