პოპულარული ოლიგარქია: რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ქართულ ოცნებას

ბიძინა ლებანიძე*

ბოლო დროს ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში გამოვლენილი პარადოქსული ტენდენცია:  მწვავე პრობლემების, პოლიტიკური შეცდომებისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული ოცნების მმართველი პარტია კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება საქართველოში.თითქმის ხუთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება სახელმწიფოს სათავეში მოვიდა და პარტიის მიღწევების ჩამონათვალი კვლავ საკმაოდ მცირეა. შენელდა ეკონომიკური ზრდა და რუსეთი განაგრძობს მის მიერ დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიწების დემარკაციას. საქართველოში არ მომხდარა მნიშნველოვანი გარღვევები დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების მიმართულებითაც. ნაცვლად ამისა, სადავო კონსტიტუციურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად შეარყია დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები. არც საქართველოს დემოკრატიის ინდექსი წაწეულა მნიშნველოვნად წინ წამყვანი დემოკრატიული ინდექსების რეიტინგებში.

ამ პირობებში, პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, დემოკრატიულ გარემოში მმართველი პარტიის პოპულარობა ოპოზიციის სასარგებლოდ უნდა შემცირებულიყო. თუმცა, ქართული ოცნება ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება  ქვეყანაში და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში  ქართული ოცნების პარტიის კანდიდატს თბილისის მერად არჩევის ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ ექვს მიზეზს, თუ რატომ ურჩევნია საზოგადოებას ქართული ოცნება და რატომ არის მზად მოითმინოს მისი ხელისუფლებაში ყოფნა არაერთი უკან გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად.

  • ქართულმა ოცნებამ მოახერხა მისი წინამორბედის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შემობრუნება და შექმნა მეტნაკლებად ფუნქციონირებადი სოციალური უსაფრთხოების ბადე. საყოველთაო სოციალური პროგრამები უდავოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს: პროგრამები წნეხის ქვეშ აქცევს ქვეყნის მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობას და სავარაუდოდ უარყოფოთი გავლენა ექნება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, ამომრჩევლთა უმრავლესობისთვის, ნაჩქარევი სოციალური რეფორმების გრძელვადიანი შედეგები ნაკლებად მნიშვნელოვანია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემისა და სხვა სოციალური პროგრამებისგან მიღებული მოკლევადიანი სარგებელის ფონზე. ამასთან, უსაფრთხოების ბადე მოსახლეობას ანიჭებსსოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის განცდას, რაც საზოგადოებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გატარებული ნეოლიბერალური საბაზრო-ეკონომიკური რეფორმების დროს აკლდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა რომ, ქართული ოცნების სოციალური პოლიტიკა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, იგი უდავოდ ხელს უწყობს მოკლევადიან პერიოდში მთავრობის დადებითი იმიჯის შექმნას.
  • ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა რომ არის პრაგმატული პოლიტიკური მოთამაშე. პარტიამ არ წამოიწყო ისეთი რეფორმები, რომლებიც მას დააპირისპირებდა ქართულ საზოგადოების გავლენიან ჯგუფებთან. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოცნებამ და მისმა მფარველმა ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა ფინანსური და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით გარშემო შემოიკრებეს ისეთი გავლენიანი სოციალური ჯგუფების, როგორიცაა მაგალითად საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართული ინტელიგენცია – სწორედ ის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის აზრით, “ჩარეცხვით“ უნდა მისცემოდა დავიწყებას. მტკივნეული რეფორმების თავიდან არიდება ქვეყნისთვის აუცილებლად კარგის მომტანი არ არის, თუმცა ხელს უწყობს ქართული ოცნების ისეთი სტატუს-კვო პოლიტიკური ძალის იმიჯის შექმნას, რომელიც საფრთხის ქვეშ არ აყენებს გავლენიანი ჯგუფების ინტერესებს მტკივნეული რეფორმების განხორციელებით ან მათთვის პრივილეგიების წართმევით.
  • ქართული ოცნება მოქალაქეებისთვის ნაკლებად სახიფათო ჩანს, ვიდრე მისი წინამორბედი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა ეფუძნება შესუსტებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოკლებით) და არაფორმალური მმართველობის ფორმებს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებით, ქართული ოცნება იშვიათად მიმართავს ძალადობის გზას პოლიტიკური ოპოზიციაზე ზეწოლისთვის  ან საჯარო უკმაყოფილების ჩასახშობად. შედეგად, სახელმწიფოს მოჩვენებითი  სისუსტისა და ძალადობრივი მექანიზმების არარსებობის კომბინაციით, ქართული ოცნება ნაკლებად სახიფათო და შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობისთვის უფრო მეტად მისაღები მოჩანს.
  • ქართულმა ოცნებამ მოახერხა შეენარჩუნებინა წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძირითადი რეფორმები. საქართველოში არ დაბრუნებულა წვრილმანი კორუფცია და „კანონიერი ქურდობის“ ინსტიტუტი. საქართველოს მიუკერძოებელი ინსტიტუტები საკმარისად მყარი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სახელმწიფო აპარატებზე მკაცრი კონტროლის გაქრობის შემდეგ ეფექტურად გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ეს ფაქტი საზოგადოებამ როგორც ჩანს ქართულ ოცნებას პოლიტიკურ მიღწევად ჩაუთვალა. მაგალითად, გაუმჯობესდა საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი 2012 წლის მთავრობის ცვლილების შემდეგ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას აკლია რეფორმებისადმი ის სწრაფვა, რაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა, მან მაინც ადვილად დააღწია თავი რეტროგრადული ან ანტირეფორმისტული პოლიტიკური ძალის რეპუტაციას. ქართული ოცნება არ აღიქმება სააკაშვილის პერიოდში წარმატებით განხორციელებული რეფორმების ხელისშემშლელ ძალად.
  • ქართულმა ოცნებამ წარმატებით დაძლია ოპოზიციის ბრალდებები პრო-რუსულ პოლიტიკურ ძალად ყოფნასთან დაკავშირებით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის კონფრონტაციული ტონი და საგრძნობლად გააუმჯობესა სავაჭრო კავშირი ორ ქვეყანას შორის. თუმცა, ქართულ ოცნებას არ მიუტოვებია პრო-დასავლული საგარეო პოლიტიკური კურსი. მართლაც, პარტიამ არაერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის ასოციაციის შეთანხმების რატიფიკაციასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დამყარებას. ალბათ სწორედ ამის გამოც, ქართულმა ოცნებამ ვერ შეაჩერა რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა და ვერ მოახდინა გარღვევა ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
  • ქართული ოცნების უწყვეტი პოპულარობის მთავარი მიზეზი ალბათ მაინც ოპოზიციის შიგნით არსებული სისუსტეა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორ დამოუკიდებელ პარტიად გაყოფა უარყოფითად აისახა საქართველოს პარტიული სისტემის განვითარებაზე. ნაციონალურ მოძრაობას გამოყოფილი ჯგუფი – მოძრაობა თვისუფლებისთვის-ევროპული საქართველო – წარმატებით იმეორებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის უარყოფით გამოცდილებას, ახდენს რა საკუთარი თავის მარგინალიზაციას, რაც მის დაბალ რეიტინგშიც აისახება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ძალა განიცდის კვალიფიციური კადრების გადინებას და კვლავ სააკაშვილის პოლიტიკური ჩრდილის ქვეშაა მოქცეული. სხვა ლიბერალურად განწყობილი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან. თითოეულ მათგანს აკლია პოლიტიკური სტაბილურობა, ნათელი ხედვა, და რაც ყველაზე მთავარია – საზოგადოების კეთილგანწყობა. ამ პარტიების უმრავლესობას სათავეში უდგანან ახალგაზრდა, ლიბერალი და პრო-დასავლელი პოლიტიკოსები. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ აქვს არც პოლიტიკური ქარიზმა და არც ფინანსური რესურსი, მოქალაქეების გულების და ხმების მოსაგებად. რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს სააკაშვილი იყო საქართველოს ერთადერთი ლიბერალი პრო-დასავლელი ლიდერი, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო ლიბერალური იდეების ხელშეწყობასა და მოსახლეობაში პოპულარობის შენარჩუნებას შორის ბალანსის დაცვით.  

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხუთი წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური მიღწევაა. ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური სისტემა, რომელიც იძულების ნაცვლად ეფუძნება სხვადასხვა მოთამაშეების გარშემო შემოკრების ტაქტიკას პოლიტიკური და მატერიალური წახალისების გზით. შესაბამისად, სახელმწიფო ნაკლებად საშიშად მოსჩანს და არ უქმნის საფრთხეს გავლენიანი საზოგადოებრივი მოთამაშეების ინტერესებს. ამრიგად, პრაგმატული და მაკიაველისტური პოლიტიკის წყალობით ივანიშვილმა მოახერხა წარმატებული ოლიგარქიული მმართველობის შექმნა , რომელიც დღემდე საკმაოდ პოპულარული რჩება.


*ბიძინა ლებანიძე – არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ლექტორი.

**პუბლიკაცია მომზადდა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

Related Posts