ჟან მონეს პროგრამის გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში

2019 წლის 18 ნოემბერს, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ორგანიზებით, Erasmus + –ის ჟან მონეს პროგრამის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა შეხვედრა ჩატარდა ბრიუსელში. ღონისძიებაში მონაწილეობას ჟან მონეს პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაციები, ჟან მონეს აღმასრულებელი ორგანოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები იღებდნენ. 

საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც რამდენიმე სესიას მოიცავდა მიზნად ისახავდა ბენეფიციარების ინფორმირებას პროექტის ეფექტურად განსახორციელების, ანგარიშგებისა და ხილვადობის წესების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი, მონაწილეთა თემატურ ჯგუფებში გადანაწილებას დაეთმო დისკუსიის, იდეების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების წახალისებისთვის, როგორც ქვეყნებს შორის, ისე ქვეყნებს შიგნით. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას უწევს ჟან მონეს პროექტს „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ მონაწილეობდა დისკუსიაში თემაზე – ევროპა მსოფლიოში.

ღონისძიების მესამე ნაწილი კი ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების ერთმანეთთან შეხვედრას ითვალისწინებდა და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

19 ნოემბერს, ასევე გაიმართა ჟან მონეს პროგრამების საიუბილეო კონფერენცია „ჟან მონეს აქტივობების 30 წლისთავი – ევროკავშირის კვლევები ციფრულ ეპოქაში“, სადაც GIP-ის წარმომადგენელიც იყო მიწვეული. კონფერენცია, რომელსაც უნივერსიტეტების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებს მიეძღვნა. 

 

Related Posts