რას ნიშნავს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დადებული ვეტო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მისწრაფებებისთვის?

ექსპერტთა კომენტარი #9 | ნოემბერი 2019

15 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რომელსაც, შესაძლოა, მათი ევროკავშირში გაწევრიანება მოჰყოლოდა. მაშინ, როდესაც ალბანეთთან მოლაპარაკებების დაწყებას რამდენიმე ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხი მხოლოდ საფრანგეთმა დაბლოკა. შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთი ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მოლაპარაკებების დაწყება ორივე სახელმწიფოს მიმართ დაბლოკა. შეხვედრის მომდევნო დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემას „უცნაური“ უწოდა და აღნიშნული პროცედურის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს ამგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება შემდგომი გაფართოების მიმართ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე. ახალი აღმოსავლეთ ევროპის მინიმუმ სამი ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, ან სხვა ისეთი პერსპექტივისკენ, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის ფორმატს სცდება. თუმცა, ამ ქვეყნების ენთუზიაზმს ევროკავშირი ბოლომდე არ იზიარებს. ხსენებული ვეტო ბალკანეთის ორ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს იმ განსხვავებულ მოლოდინებს, რომელიც ერთი მხრივ, ევროკავშირს და მეორე მხრივ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის არსებობს ამ უკანასკნელთა ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და საქართველოდან უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  • რას ნიშნავს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დადებული ვეტო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მისწრაფებებისთვის და როგორ შეუძლია ევროკავშირს აღმოსავლეთ სამეზობლოში ნდობის შენარჩუნება?
  • ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებული გადაღლილობისა და ახალი ინიციატივების არარსებობის ფონზე, რა შეიძლება, გააკეთონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლებებმა, რათა არ შეფერხდეს რეფორმების პროცესი და შეინარჩუნონ პროევროპული განწყობა საზოგადოებაში?

 

ნახვა გადმოწერა

Related Posts