რას ნიშნავს რუსეთისა და ბელარუსის არშემდგარი ქორწინება საქართველოსთვის

ნინო სამხარაძე*

2019 წლის 8 დეკემბერს რუსეთსა და ბელარუსს შორის სახელმწიფო ერთობის ხელშეკრულების გაფორმების 20 წლისთავი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში ორ ტრადიციულად პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პერიოდულად იძაბებოდა, პერიოდულად კი უმჯობესდებოდა, თუმცა საიუბილეო წელს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გამართული ორრაუნდიანი მოლაპარაკების შედეგად მათ შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე უფრო შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიდრე კავშირის წარმატებულ გაღრმავებაზე. ლუკაშენკო პუტინს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ვერ აანალიზებს ბელარუსის მნიშვნელობას მოსკოვისთვის, პუტინი კი ნებისმიერ დათმობაზე მინსკთან საუბარს წყვეტს მანამ, სანამ 20 წლის წინ მიღწეული შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ პრაქტიკაში არ განხორციელდება. როგორი სურათი იკვეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი ათწლეულის შემდეგ ორი ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა საბოლოო მიზნები აქვთ მათ ამ ტურბულენტური ფლირტის კონტექსტში და ქმნის თუ არა ინტეგრაციის კონკრეტული დინამიკა სივრცეს საქართველოსთვის რეგიონის უსაფრთხოების ან მინსკთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით?

 

რუსეთი კარგავს ბელარუსს თუ ბელარუსი – სუვერენიტეტს?!

2019 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ლიდერი ორჯერ, 7 და 20 დეკემბერს, სოჭში და პეტერბურგში შეხვდნენ ერთმანეთს კავშირის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ბოლო წლებში რუსეთმა ბელარუსზე წნეხი გაზარდა: მოუმატა ბუნებრივი აირის საფასურს და შეამცირა სუბსიდიები. ამას ისიც დაემატა, რომ ბელარუსის მიერ დასავლური ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ რუსეთმა მასთან სასაზღვრო კონტროლი დააწესა, რასაც ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება მოყვა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში.

რა მიზანი აქვს პუტინს ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებში და კარგავს თუ არა ის ბელარუსს? ზოგიერთი მოსაზრებით პუტინისთვის ბელორუსთან საერთოინსტიტუციონალური კავშირის შექმნის საბოლოო სახემდე მიყვანა სწორედ ახლაა გადამწყვეტი მნიშვნელობის: 2024 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ახალი შესაძლებლობები დასჭირდება, რათა კონსტიტუციისთვის გვერდის ავლით სახელმწიფოს სათავეში დარჩეს. ამასთან, მანამდე დასავლეთ სამეზობლოში უკრაინაში დაკარგული უსაფრთხოების ცენტრის მიღმა ალტერნატიული მუდმივი და სტაბილური მოკავშირე სჭირდება. დღესდღეობით კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ კავშირს უშუალო სამეზობლოში სწორედ ბელარუსი წარმოადგენს.

ამის პარალელურად ადვილად საფიქრებელია, რომ ბელარუსი საკუთარ სუვერენიტეტს თმობს: ხელშეკრულება სახელმწიფო ერთობის შესახებ საერთო ვალუტას, ეკონომიკურ სივრცეს და ზეეროვნული ინსტიტუტების შექმნას ითვალისწინებს. დეკემბერში რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ განაცხადა, რომ შეიქმნება საერთო პარლამენტი და ინსტიტუტები, მაგრამ მოგვიანებით ბელარუსის საელჩომ ეს ფორმულირება უარყო და აღნიშნა, რომ სემაშკოს ეს განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ლუკაშენკოს თქმით, არავითარი საფრთხე მისი ქვეყნის სუვერენიტეტს არ ემუქრება. ამის დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მას 2015 წელს უარი აქვს ნათქვამი ბელარუსში რუსული საჰაერო ბაზების განთავსებაზე. ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალურად უარს აცხადებს ნებისმიერი ურთიერთობის გაღრმავებაზე კრემლთან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება.  უფრო  მეტიც, აშკარაა რომ მას დასავლეთის იმედიც აქვს იმ შემთხვევაში, თუკი კრემლი რაიმე მსგავსს გადაწყვეტს მინსკის წინააღმდეგ: „თუ რუსეთი შეეცდება დაარღვიოს ჩვენი სუვერენიტეტი, მან იცის, რომ ომი იქნება“ – განაცხადა მან პუტინთან შეხვედრების შემდეგ 24 დეკემბერს ეხო მასკვას მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

 

„ჩვენ დიდი ვართ, თქვენ-პატარა“ – რა აწუხებს მინსკს?

ლუკაშენკოს აზრით, სუვერენიტეტისთვის ერთადერთი საფრთხისშემქმნელი განზომილება უსამართლო ეკონომიკური თანამშრომლობაა. მისი თქმით, არავინ მოითხოვს დაბალ ფასებს რუსეთისგან, მაგრამ აუცილებელია, რომ ბელარუსი და რუსი მოქალაქეები თანაბარ პირობებში ჩადგნენ, თუ რუსეთს ბელარუსთან უფრო ინტენსიური ინტეგრაცია სურს. ბელორუსიის პრეზიდენტის რიტორიკას რუსეთთან თანასწორი თანამშრომლობის შესახებ გარკვეული ხანია იმედგაცრუების ელფერი დაკრავს: „რუსეთის იმპორტი 1999 წლიდან 11%-იდან 5.5%-მდე დაეცა. რა ტიპის ერთობაა ეს?“-კითხულობს ლუკაშენკო. ხელშეკრულების ხელმოწერის წლიდან იმპორტის ორჯერ შემცირება, ბელარუსის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მიერ ვაჭრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ნიშნავს. მინსკის განწყობებზე ისიც ბევრს ამბობს, რომ ლუკაშენკო მეტისმეტად იშვიათად აფიქსირებს თავის პოზიციას სახელმწიფო კავშირის შესახებ. მართლაც, მას ამ საკითხზე კომენტარი დსთ-ს ლიდერებთან, მათ შორის, რუსეთთან გამართულ შეხვედრაზეც კი არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, 2014 წლის ყირიმის ანექსიამ მინსკი, ერთი მხრივ, რეგიონში მშვიდობისმყოფელ მხარედ აქცია, მეორე მხრივ, გაზარდა ლუკაშენკოს შიში, რომ რუსეთისთვის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ნადირობა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ ამან განაპირობა ბელარუსის მხრიდან კავშირში ინტეგრაციის გზაზე უკან დახევის ნაბიჯები. „რუსეთი ამბობს: ჩვენ დიდი ვართ, თქვენ პატარა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეები ისე გაკეთდება, როგორც რუსეთში“ – ამბობს ლუკაშენკო. ამგვარად, ის ხვდება, რომ უკრაინის გამოცდილება შორს მისი ქვეყნისგანაც არ არის, უფრო მეტიც, უკრაინისგან განსხვავებით, იგივე პროცესი ბელარუსს სრულად შეეხება, სწორედ ამიტომ ის მუდმივად კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს კიევთან და საკუთარ თავს მშვიდობისმყოფელ მოთამაშედ წარმოაჩენს.

 

რას ნიშნავს ბელარუსისა და რუსეთის გამწვავებული ურთიერთობები საქართველოსთვის?

ბელარუს საზოგადოებაში უკრაინის გამოცდილება რომ საკმაოდ რეაქციულადაა აღქმული. ამაზე მეტყველებს მინსკში გამართული ანტი-ინტეგრაციული დემონსტრაციების პათოსიც: შეხვედრები ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მასობრივი გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა, სადაც შეიმჩნეოდა ბანერები წარწერით „ჯერ ყირიმი, შემდეგ ბელარუსი“, ან „შეწყდეს ანექსია“. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო დემონსტრანტთა წარმომადგენლობას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ პრეზიდენტია ის ადამიანი, რომელიც სინამდვილეში ბელარუსის ნამდვილ დამოუკიდებლობას იცავს.

გარდა ამისა, როგორც უკვე ვნახეთ, მინსკსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს განვითარებული არც ისე სტაბილური ურთიერთობები მათი პარტნიორობის უკუსვლაზე მეტყველებს. ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ ომისთვის მზადყოფნაც კი დააფიქსირა, საქართველოსთვის შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ალტერნატიული ვერსიების გაჩენის საშუალებასაც იძლევა. თანაც ბელარუსის პრეზიდენტი უკვე ალაპარაკდა ეკონომიკური ალტერნატივების ძიების და  რუსეთისთვის ნავთობის ტრანზიტში ხელის შეშლის შესახებ, თუკი მოსკოვთან ბუნებრივი აირის თანასწორ ფასებზე მოლაპარაკება ვერ შედგება.

ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ უკრაინასთან ერთად შეძლოს ბელარუსთან სტრატეგიული თანამშრომლობა? იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი დიდწილად ჯერ კიდევ რუსეთის ენერგორესურსებზე და მის ეკონომიკაზეა დამოკიდებული, ამაზე საუბარი რთულია. თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე უკვე იყო შემთხვევა, როდესაც ბელარუსმა რუსეთის პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან მიმართებით და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება დასავლური სანქციების მუქარის გამო გადაიფიქრა. მიუხედავად იმისა, რამდენად გადამწყვეტი როლი ითამაშა დასავლური სანქიცების მუქარამ მინსკის ამ გადაწყვეტილებაზე, ასეთი პრეცედენტი საშუალებას აძლევს ქართულ დიპლომატიას, რომ თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს ბელარუსის ინტერესები და რუსეთის მხრიდან მის მიმართ არსებული საფრთხეები და მინსკთან ურთიერთობაში გაავლოს საერთო ხაზები თანამშრომლობისთვის.

ამგვარად, ორივე მხარის მიზნებსა და მოლოდინებს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის კავშირის შექმნიდან 20 წლისთავზე დაგეგმილი ორივე შეხვედრა ჩავარდა. რუსეთი აქტიურად ცდილობს, რომ, ერთი მხრივ, ბელარუსის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, თავისი დომინანტი როლი არ დაკარგოს ამ მოლაპარაკებებში. ბელარუსისთვის რუსეთთან ურთიერთობებში საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რომ მას პუტინი თანასწორ მხარედ აღიქვამდეს და კავშირის პირობებიც, შესაბამისად, თანასწორი იყოს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ლუკაშენკოსთვის ექცევა ბალანსს ეროვნულ და ეკონომიკურ სუვერენიტეტს შორის. ამ ტურბულენტურ ურთიერთობებში კი საქართველოს უკრაინასთან კოლაბორაციით აქვს შანსი დაიყოლიოს მინსკი რეგიონულ თანამშრომლობაზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საერთო საფრთხეებისთვის თავის გართმევის მიზნით.

 


*ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი

Related Posts