რას ნიშნავს სააკაშვილის გარშემო არსებული სიტუაცია საქართველოსა და უკრაინისთვის

შოთა გელოვანი*

საქართველოს ამჟამად „უმიწაწყლო“ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, France24-თან მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: „ყველა აცნობიერებს, რომ აქ რაღაც სისაძაგლესთან გვაქვს საქმე.“ მოქალაქეობის ჩამორთმევა სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის გაფუჭებული ურთიერთობების ლოგიკური დასასრულია. პოროშენკო უფრო საბჭოთა სტილის მმართველი აღმოჩნდა, ნაცვლად თავისი თავდაპირველი პრეტენზიისა ევროპელ დემოკრატობაზე (არაფორმალური შეხვედრები მალტაზე, ოლიგარქებისგან შემდგარი მრჩეველთა წრე, ოპონენტების დადანაშაულება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგენტობაში). თავის მხრივ, ბუნებით არაპროგნოზირებადმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს პოროშენკოს საწინააღმდეგო ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, ის საქართველოში ჯერ კიდევ იძებნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და, არის ვერსია, რომ საქართველოს მთავრობამ ლობირება გაუწია უკრაინიდან მის ექსტრადირებას. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ორი ურთიერთგადაჯაჭვული კუთხიდან შეიძლება განვიხილოთ: როგორც პოროშენკოს თამაში ძალაუფლებისთვის და როგორც საქართველოს მთავრობის შურისგების სურვილის შედეგი. თუმცა, ორივე სცენარის შემთხვევაში, სიტუაციას არცთუ კარგი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ორი ქვეყნისთვის, რომელთაც შრომით აღსავსე გრძელი გზა განვლეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხრივ.

სააკაშვილს სჯერა, რომ მას მოქალაქეობა საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ჩამოერთვა. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, ქართული ოცნების დამაარსებელმა საიდუმლო შეხვედრა გამართა პოროშენკოსთან თბილისში, თავის რეზიდენციაში. სააკაშვილის ბრალდებები მტკიცებულებებით არაა გამყარებული, თუმცა ის, რომ „აქ რაღაც სისაძაგლესთან გვაქვს საქმე“, ლოგიკისგან არცთუ შორსაა. უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, სააკაშვილმა 2015 წელს, მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას, არ მიუთითა, რომ მას საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულში ედებოდა ბრალი. რთული დასაჯერებელია, რომ მიგრაციის სამსახურმა მხოლოდ ახლა „შეიტყო“ იმ ბრალდებების შესახებ, რომლებიც 2014 წლიდან საჯარო იყო. ბოლო დროს საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის საქმეში არანაირი მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია, ანუ უკრაინა ძველ ბრალდებებზე საუბრობს.

ამ მთლიანმა საგამ გააძლიერა ხმები, რომ უკრაინა არაა მზად ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებისთვის. როგორც ჩანს, ევროკავშირის მიერ პოროშენკოს მთავრობის მიმართ გამოყენებული „მათრახისა და თაფლაკვერის“ სტრატეგია საკმარისზე მეტ თაფლაკვერს და ნაკლებ მათრახს მოიცავდა. უკრაინისთვის 2017 წლის მაისში მინიჭებული ვიზა ლიბერალიზაცია ომისგან და ეკონომიკური სიდუხჭირისგან გატანჯული ქვეყნის მიმართ დახმარების ძლიერი ჟესტი იყო. ასეთი დიდი მიღწევის შემდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იმედგაცრუება იქნება უკრაინისთვისაც და ევროკავშირისთვისაც.

კიდევ ერთი საეჭვო ფაქტორია ამ საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შესაძლო ჩართულობა. ორი რუსი სატელეფონო ხულიგნის – ზედმეტსახელით „ლექსუსის“ და „ვოვანის“ – მიერ გაკეთებული ზარის ამონაწერის მიხედვით, მინისტრი, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ, ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას. მღებრიშვილის თქმით, მოცემული სატელეფონო ზარი ფაბრიკაციაა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ სატელეფონო ხულიგნებს კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის ისტორია აქვთ.

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ მოცემული სატელეფონო ზარები ავთენტური არაა და რომ „ასეთი კავშირები არ მყარდება სატელეფონო ზარებით“. ამის მიუხედავად, სააკაშვილის ადვოკატმა მოუწოდა პროკურატურას გამოიკვლიოს ზარების ავთენტურობა. თუკი ქართველი თანამდებობის პირების ანდა ყოფილი პრემიერის მონაწილეობა დადასტურდება, შესაძლოა მივიღოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გაუარესება, განსაკუთრებით კი ნოემბერში ჩანიშნული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფონზე.

მღებრიშვილის მიერ ჯერ კიდევ ავთენტურობა-დაუდგენელი სატელეფონო ზარის დროს გამოთქმული სურვილის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო არ შეეწინააღმდეგება ექსტრადიციას, თუკი საქართველო ოფიციალურ მოთხოვნას გამოაგზავნიდა, რაც 18 აგვისტოს მოხდა კიდეც. მოთხოვნა, სავარაუდოდ, არის რეაქცია სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც მან „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა, რომ ის ჩავიდოდა ბორისპოლის აეროპორტში და თავშესაფარს იქ იპოვიდა, რამდენადაც უკრაინელ მესაზღვრეებს შორის ბევრი მეგობარი ჰყავს. ორმაგ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აპირებს აეროპორტის შესვლის პორტში ცხოვრებას, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, სანამ მას მესამე ქვეყანა თავშესაფარს ანდა მოქალაქეობას არ მიანიჭებს. სააკაშვილს წლის ბოლომდე აშშ-ს მოქმედი სამუშაო ვიზა აქვს. ის ამჟამად სწორედ აშშ-ში, ნათესავებთან ცხოვრობს.

სააკაშვილი-პოროშენკოს თამაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რუსეთი და (შესაძლოა) საქართველო ჩართულნი  არიან სიტუაციაში, ხოლო ევროპა სიტუაციას გარედან აკვირდება. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში – სააკაშვილი ჩავა უკრაინაში თუ არა და მოხდება მისი დეპორტაცია ან ექსტრადიცია თუ არა – საქართველოს მთავრობას, დიდი ალბათობით, წვლილი მიუძღვის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში.

ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებიდან ოთხი წლის თავზეც კი მის ჩრდილს გაურბის. თუკი ეს კონკრეტული შემთხვევა არაა საკმარისი, გავიხსენოთ ქართული ოცნების დეპუტატების ბრალდებები ოპოზიციის წევრების მიმართ სააკაშვილთან წარსულში თუ აწმყოში არსებული კავშირების გამო. „მიშას“ ჩრდილი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის გზაზე ეღობება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ქვეყანას კვლავინდებურად აზიანებს ინსტიტუციური რეფორმების ნაკლებობა, უზარმაზარი და საეჭვო ბიუროკრატიული დანახარჯები და მუდმივი არაფორმალური მმართველობა. ამის ფონზე კი საპარლამენტო დებატების უმრავლესობა სრულდება ურთიერთბრალდებებით და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის „სისხლიანი ცხრა წლის“ ხსენებით. იმის გადაწყვეტას, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია – საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი პრეზიდენტის დევნა თუ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან უფრო პირდაპირ კავშირში მყოფი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა – მკითხველს მივანდობთ.


*შოთა გელოვანი, მანჰაიმის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, გერმანია

 

 

Related Posts