რატომ არის მნიშვნელოვანი სამართალდაცვითი სფერო საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის

თეონა სურმავა*

28 მარტს საქართველომ მოიპოვა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებელი პრაქტიკული სამუშაო, რომელმაც ოთხ წელს გასტანა, დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც 2013 წელს საქართველოს მთავრობას წარედგინა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP).

მას შემდეგ, რაც საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, ევროკავშირმა შეასრულა საქართველოსთვის მიცემული დაპირება უვიზოდ მიმოსვლის შესახებ.  ისტორიული დღის აღნიშვნა კვლავ მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან ის არამარტო ტექნიკური მოთხოვნების სისრულეში მოყვანას ნიშნავს, არამედ საქართველოს  ევროპულ ოჯახში ადგილის დამოწმებასაც.   

წინა კვირას საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: ეტაპს, რომელიც ნაკლებად გახმაურებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია. 4 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპოლთან, ევროპის საპოლიციო ოფისთან,  ხელი მოაწერა შეთანხმებას ოპერატიულ და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

ევროპოლის წევრი ქვეყნების რუკა

რას წარმოადგენს ევროპოლი და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?

ევროპოლი არის ევროკავშირის მთავარი სამართალდამცავი ორგანო. მისი შტაბბინა ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს და ეხმარება ევროკავშირის ყველა – 28 წევრ – ქვეყანას საერთაშორისო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლაში. ევროპოლი დანაშაულს ებრძვის არა დაკავება/დაპატიმრების მეთოდებით, არამედ ინფორმაციის გაზიარებითა და ქვეყნის საზღვრების მიღმა დამნაშავეების მუდმივი მეთვალყურეობით. ევროპოლის დახმარებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეროვნულ დონეზე საშუალება აქვთ, გამოავლინონ და აღმოფხვრან ევროპის ყველაზე საშიში დანაშაულებრივი ქსელები.

ევროპოლთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სხვა სამართალდამცავი უწყებებისთვის.ევროპოლის დირექტორმა, რობერტ მარკ ვაინვრაიტმა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ევროპოლი მზად არის გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან და აღიარებს, რომ სამართალდაცვით სფეროში ეფექტური თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად“.

კერძოდ, აღნიშნული შეთანხმება ფარავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მაშინ, როდესაც ორივე ტიპის შეთანხმება მიზნად ისახავს ევროპოლსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მაინც არის ძირითადი განსხვავება მათ შორის, კერძოდ:  სტრატეგიული თანამშრომლობა ორიენტირებულია ზოგადი ოპერატიული ინფორმაციის გაზიარებაზე, ოპერატიული შეთანხმება კი მოიცავს პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასაც.

ევროპოლთან მოწერილი შეთანხმება ფარავს  ორივე ტიპის თანამშრომლობას და მოიცავს შემდეგს: ანალიზზე დაფუძნებული და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, ექსპერტულ ცოდნას, სტრატეგიულ ანალიზსა და ევროპოლის ფარგლებში საერთო საგამოძიებო ჯგუფებში მონაწილეობას.

დამატებით, საქართველო წარგზავნის მეკავშირე ოფიცერს ევროპოლის შტაბბინაში, ნიდერლანდებში, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო და ეფექტური  თანამშრომლობის დამყარებას ორ მხარეს შორის.

შეჯამებისთვის, ზემოაღნიშნული მოვლენა ისტორიული იყო რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ევოპოლთან შეთანხმების გაფორმება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებასთან მძიმე საერთაშორისო დანაშაულის წინააღდეგ საბრძოლველად. აღნიშნული მოვლენა ასახავს საქართველოს მიზანს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს სამართალდაცვით სფეროშიც. შეთანხმების ხელმოწერა არ უნდა აღვიქვათ, როგორც ცალკე მდგომი მოვლენა, არამედ, როგორც დიდი სურათის ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
  • საერთაშორისო დანაშაულითა და ტერორიზმით გამოწვეულ პრობლემებზე საპასუხოდ, აღნიშნული შეთანხმება საშუალებას აძლევს საქართველოს, დაგეგმოს ოპერატიული მოქმედებები ევროპოლთან ერთად და გააძლიეროს არსებული ეფექტური თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
  • საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას სამართალდაცვით სფეროში, აღიარებს წამყვანი ევროპული ორგანო. აღნიშნული ინტეგრაცია მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღება და ხელშეკრულების დადება ევროპოლთან არის ერთი, ფართო პროცესის  – საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ინსტიტუციური განვითარების  ნაწილი.

 საქართველოს პოლიციის რეფორმა

საქართველოს ევროინტეგრაცია მრავალმხრივი  პროცესია, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა ინსტიტუტის თავდაუზოგავ მუშაობას. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება კომპლექსური პროცესი იყო, რომელშიც ჩაერთო ყველა სამთავრობო უწყება. ამის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითამაშა მთავარი როლი სამოქმედო გეგმის 60%-ზე მეტი მოთხოვნის უშუალოდ განხორციელებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელი იყო შემდეგი მიმართულებების იმპლემენტაციაზე:

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა
  • არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
  • ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა
  • ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა
  • სამართალდაცვითი საქმიანობების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება  არ წარმოადგენს განცალკევებულ მოვლენას. ის არის გრძელვადიანი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული პოლიციის რეფორმას. ამ პროცესის შედეგად, ადგილი ჰქონდა ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პოზიტიურად შეფასდა  ევროკავშირის მიერ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომლის პრაქტიკაში განხორციელება, მეტწილად, გახდა ევროპოლთან წარმატებული თანამშრომლობის საწინდარი.

სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა საქართველოს ევროპასთან აახლოებს

გარეშე თვალი უმეტესწილად სენსაციურ მომენტებს აპყრობს ყურადღებას, ისეთებს, მაგალითად, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო მიმოსვლის შემოღება. თუმცა, ინტეგრაციის ნაკლებად გახმაურებული ასპექტებიც არანაკლებმნიშვნელოვანია. საქართველოს ევროპული მისწრაფებები არ დაწყებულა და, რა თქმა უნდა, არ მთავრდება უვიზო რეჟიმით.

სამართალდაცვით სფეროში სასიკეთო რეფორმების განხორციელებით საქართველო გახდა ევროპოლის პარტნიორი და ნიშანდობლივად დაწინაურდა ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების კუთხით. უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში  რვა ახალი პოლიციის ატაშეს წარგზავნა, ევროკავშირთან გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, შეუზღუდავად გადაადგილდნენ შენგენის სივრცეში. ევროპოლთან თანამშრომლობა კი უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  


*თეონა სურმავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

*პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის”,  ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.

 

Related Posts