რატომ უნდა ადარდებდეს საქართველოს მარი ლე პენი

მარიამ ტაბატაძე
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
საერთაშორისო ურთიერთობები
სეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი) და საიენს პო ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

იმ დროს, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გართულნი არიან რუსულ პროპაგანდასთან და მზარდი მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებთან ბრძოლაში, საქართველოს სახელმწიფო  დაუღალავად იღწვის  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის. ამ კვირას,  ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყნის წამრომადგენლებმა, საქართველოს პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია საბოლოოდ დაამტკიცეს, რომელიც სავარაუდოდ  ამა წლის მარტის ბოლოს ძალაში შევა.

მარი ლე პენი, წყარი: CNN

ვიზალიბერალიზაცია უდავოდ პოზიტიური მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. თუმცა, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში მიმდინარე  რთული შიდა პროცესები,  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებს საფრთხეს უქმნის. დაბრკოლებები,რასაც  ქმნის ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების შიდა პოლიტიკა, ნაკლებად არის გააზრებული ქართული საზოგადოების მიერ,  მეტწილად ადგილობრივი მედიის გამო,   რომლებიც ნაკლებად აშუქებენ აღნიშნულ თემას. შესაბამისად, საქართველოს ბევრი მოქალაქე არასწორადაა ინფორმირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მათი საზოგადოების შეხედულებების შესახებ ჩვენთვის საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე მიმდინარე მოვლენების უფრო ღრმა ანალიზი, დაგვეხმარება სწორად გავიაზროთ და შესაბამისად სკურპულოზურად დავგეგმოთ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არსებული რეალიების გათვალისწინებით, რათა ევროპასთან ინტეგრაციის არსებული მიღწევების ფონზე საზოგადოებაში არ შეიქმნას  ცრუ მოლოდინები, რომელთა მართვაც შესაძლოა შემდგომში უფრო გაჭირდეს.   

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე მნიშვნელოვანია რამდენიმე წევრ სახელმწიფოში მიმდინარე არჩევნების რეტროსპექტივა და ამ არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა საქართველოსთვის. ამ კუთხით საინტერესოა საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები. საფრანგეთი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა კავშირი არსებობს ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას შორის. მემარჯვენე ნაციონალისტური ფრთის ქარიზმატული და პოპულისტი წარმომადგენელი მარი ლე პენი, აპრილის თვეში დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი კანდიდატია. ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირსა და ნატოს. მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები შესაძლოა გარკვეული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ის ცობილია როგორ პუტინის რუსეთთან საფრანგეთის დაახლოების ერთ-ერთი ინიციატორი.

ლე პენი რუსი პროპაგანდისტების უდავო ფავორიტია, მაშ შორისაა მარინა კაცონოვა, რომელმაც ამ წელს მარი ლე პენის მიმართ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ევროსკეპტიკოსი, ის მხარს უჭერს რუსეთს და შესაბამისად იდეალური კანდიდატია… ძნელია არ გიყვარდეს“. პროპაგანდის ძალა სათანადოდ უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა რომ   2016 წლის 26 ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მხრიდან მომავალი დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას,  რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროპაგანდა, ევროკავშირის დესტაბილიზაციისა და შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით,  კვლავაც  გრძელდება  და გავლენას ახდენს  ევროკავშირის ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით საფრანგეთის შემთხვევაში.

საფრანგეთი რუსეთის პროპაგანდის უმთავრესი სამიზნეა მისი მნიშვნელობისა და მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. არჩევნების პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი, რომელსაც მაისში არჩევნების მეორე ტური მოსდევს. რუსული პროპაგანდის ევროპაზე გავლენის ინდიკატორი სწორედ აღნიშნული არჩევნები იქნება. ოთხი ძირითადი კანდიდატიდან- მარი ლე პენი,  რესპუბლიკელი ფრანსუა ფილონი, დამოუკიდებელი კანდიდატი – ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, და სოცალისტი ბენუა ამონი ,  ორი კანდიდატი  რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის ხელსაყრელია.

ლე პენი რუსეთის ყველაზე მეგობრული სახეა. თუმცა ფილონის განცხადებებშიც შეიმჩნევა პრო-რუსული განწყობები. კერძოდ,  2016 წლის ნოემბერს, ის მიესალმა რუსეთთან ახალი ალიანსის ჩამოყალიბებას, მიუთითა რა, რომ ნაციონალური ინტერესების არსებობის შემთხვევაში, საფრანგეთმა უნდა ითანამშრომლოს ნებისმიერ შესაძლო ძალებთან იქნება ეს „დემოკრატიული თუ არა“; მანვე მიუთითა, რომ „ დე გოლი სტალინთან გაერთიანდა ნაციზმის დამარცხების მიზნით“.  

შესაბამისად,  რუსეთს მისთვის სასურველი ორი კანდიდატი ჰყავს,  „მოსკოვი კმაყოფილი ჩანს ლე პენით და ფრანსუა ფილონით, რომლებიც  შეიძლება ითქვას რომ კრემლის მეგობარი პოლიტიკოსები არიან“  განაცხადა ანტონ  შევხოვცოვმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რუსეთის საქმეთა მკვლევარმა, EUobserver-თან ინტერვიუს დროს.

რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი საქართველოსათვის?

არჩევნების შედეგი საფრანგეთისათვის შესაძლოა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი  აღმოჩნდეს. ეს არჩევნები ასევე იმსახურებს ქართული მედიის და აკადემიური წრის ყურადღებას, ორი  მნიშვნელოვანი მიზეზის გამო : არჩევნების შედეგებმა შესაძლოა არა მხოლოდ იმოქმედოს საქართველოს ევროტლანტიკურ არცევანზე, არამედ შესაძლოა შეცვალოს საფრანგეთის   გრძელვადიანი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბოლოდროინდელ ფაქტორებს უგულებელყოფა არ შეიძლება. ქართულ-ფრანგულ ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას,  რომელიც თბილისში  2014 წლის 31 მაისში ჩატარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას , მის განვითარებას და  ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.იგივე განცხადება მან  2016 წლის  21 აპრილს  გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს  საფრანგეთში. უფრო შორსაც რომ გავიხედოთ, 2008 წელს, სწორედ ნიკოლა სარკოზიმ აიღო ინიციატივა  ევროპის სახელით მიეღწია 6 პუნქტიანი შეთანხმებისთვის  საქართველოსა და რუსეთს შორის, 2008 აგვისტოს ომის დროს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საფრანგეთის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

როგორც ჩანს ლე პენი აღნიშნული კურსის რადიკალურ  შეცვლას აპირებს.იმის გათვალისწინებით რომ მისი გამარჯვების რეალური შესაძლებლობა არსებობს, ქართველები უნდა დაინტერესდნენ მისი შეხედულებებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და ასევე მის მნიშვნელობაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. მან ღიად გამოხატა  მხარდაჭერა  რუსეთის მიერ ყირიმის  ანექსიაზე 2017 წელს, CNN- ზე ქრისტიანე ამანპურთან   ინტერვიუში განაცხადა  „ უკრაინაში იყო სახელმწიფო გადატრიალება და არა  ყირიმის ანექსია,  ყირიმი ყოველთვის რუსეთი იყო.“ მისი  გადმოსახედიდან, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას რადგან „ ეს დიდი სისულელეა“.

მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში ლე პენის შეხედულება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ლეგიტიმურს ხდის, შეიძლება საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია გახდეს. აღნიშნული პოზიცია  შეასუსტებს  საფრანგეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, რომელმაც ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს ძალისხმევაზე  აღადგინოს სუვერენიტეტი თავის ტერიტორიებზე რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ევროპელი  პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე  საქართველოს არაღიარების პოლიტიკა ნაკლებად სავარაუდოა რომ შედეგი გამოიღოს.

ამასთანავე, ლე პენმა უკვე გაუსვა ხაზი  საქართველოს  ღრმა ევროინტეგრაციის  ძალისხმევას. 2 თებერვალს, როდესაც ევროპარლამენტმა ხმა მისცა უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისათვის, „ევროპულ ერთა და ევროპის თავისუფლების ჯგუფის წარმომადგენლებმა,“(ENF)  რომლის თანათავჯდომარე ლე პენია, მის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ნაციონალური ფრონტის ლიდერმა პირობა დადო ასევე რომ თავის ქვეყანას ევროკავშირიდან გამოიყვანს, რაც ასევე ცალსახად  ემუქრება ევროინტერგაციის  პროექტს. “Frexit”-მა შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირისადმი იმედგაცრუება. ევროსკეპტიკურ განწყობას ასევე აძლიერებს რუსული პროპაგანდა რომელიც  ქვეყნის შიგნითაც მოქმედებს.

ევროპასთან შედარებით მეგობრული დამოკიდებულებით კანდიდატი ემანუელ მაკრონია. ეკონომისტი და სოციალ ლიბერალი, რომელიც კენჭს იყრის როგორც  დამოუკიდებელი ,ცენტრისტი კანდიდატი. მისი შეხედულებები ევროკავშირისადმი და ნატოსადმი  დიდად არ განსხავვდება ფრანსუა ოლანდის შეხედულებისგან. მაკრონის გამარჯვებამ შესაძლოა  ახალი ენერგია მისცეს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას და  გააძლიეროს ევროკავშირი.

სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო სურთ რუსს  პროპაგანდისტებს მაკრონის საარჩევნო კამპანიის კრახი. ცოტა ხნის წინ, მაკრონმა  რუსეთს „მისი სარჩევნო კამპანიის კომპიუტერული სიტემის შეღწევაში  და დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.  აღნიშნული ბრალდებების შემდეგ,  Sputnik News -მა ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც მაკრონს „გეი-ლობი“- ს მიერ მდარდაჭერილად და ამერიკის საბანკო სისტემის მიერ დაფინანსებულ აგენტად  მოიხსენია.

რუსული პროპაგანდის გავლენა უხილავად არ რჩება. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დღიანმა  განაცხადა Le Journal Du Dimanche-თან საუბარში: „გულულბრყვილოები არ უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, რომ ჩვენი დემოკრატია რისკის ქვეშ არაა“

რა უნდა გაკეთდეს?

ორი რამ ცხადია. პირველი, ორ თვეზე ნაკლები რჩება არჩევნებამდე და მაკრონის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება. ამავდროულად კრემლის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტები ლე პენს ემხრობიან. ქართულ ენოვანი მედია- საშუალებები კი აღნიშნულ საკითხს ხშირად გვერდს უვლიან ან ხმაღლა არ საუბრობენ, რაც ქართულ საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას მიიღოს მეტნაკლებად დაბალანსებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ხელისიფლებამ აღნიშნულ ხარვეზს ყურადღება მიაქციოს. იმისათვის რომ მოქალაქეები კარგად იყვნენ ინფორმირებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე  და  შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს  სტრატეგიული კომუნიაკაციის გეგმა რადგან ასეთი გეგმის არსებობა და  მოსახლეობის  ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის დისკუსიებში ჩართულობა დიდად დაეხმარება აღნიშნული პრობლების აღმოფხვრას.

მეორე ,  საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს კონკრეტული საგარეო პოლიტიკის სცენარი რომელიც ლე პენის ან ფილონის გამარჯვების შემთხვევაში გამოადგება. გაუთვალისწინებელ მოვლენებისათვის მომზადება  დაეხმარება საქართველოს  შეამციროს ნეგატიური შედეგები მის მომავალ ევროინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რომ, მან  დაამყაროს განსაკუთრებული ურთიერთობები ევროკავშირის წევრ  ქვეყნების მთავრობებთან,  მაგალითად   ისეთ წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია და იტალია. ასევე, უნდა იმუშაოს საქართველოს ფარგლებს გარეთ  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა დაანახოს მათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტერგაციის სარგებელი როგორც საქართველოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის.

აღნიშნული მიდგომის საჭიროება უფრო ნათელია უახლოესი გამოკითხვების გამოქვეყნების შემდეგ,  რომელიც  Ipsos SopraSteria  მიერ  FRANCE 24 -სათვის ჩატარდა. გამოკითხვა  ცხადად აჩვენებს რომ  ლე პენი   პირველი ტურის ლიდერი იქნება. მაგრამ  გამოკითხვის შედეგებმა ასევე  აჩვენა,რომ მეორე ტურში ლე პენი  შეიძლება დამარცხდეს მაკრონთან და  ფილონთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, აღნიშნული გამოკითხვები ჩატარდა ფილონის წინააღმდეგ გამოძიების დაიწყებამდე,  საჯარო თანხების არამიზნობრივად ხარჯის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს მის მხარდამჭერთა რიცხვი.

ბუნებრივია რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს 23 აპრილამდე და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, ხშირად საჯარო გამოკითხვები, ყოველთვის ბოლომდე არ ასახავენ არსებულ რეალობებს. მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, და მედია მოუმზადებელი არ უნდა იყოს ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ მათ გააძლიერონ   ურთიერთობები ევროკავშირის გავლენიან წევრ  სახელმწიფოებთან, პოლიტიკურ კლასთან, აკადემიურ და ანალიტიკურ ორგანიზაციებთან რათა უფრო ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა მივიღოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის საქმეში.  ეს ასევე გულისხმობს რომ ხელისუფლებამ, ქვეყნის შიგნითაც უნდა გააძლიეროს ძალისხმევა იმისათვის, რომ რუსულმა პროპაგანდამ საქართველოში წარმატებებს ვერ მიაღწიოს.

 

Related Posts