რა მოჩანს წითელ ხაზებს მიღმა ქართულ პოლიტიკაში: 5 მთავარი რისკი შეთანხმების ანულირების შემდეგ

ნინო სამხარაძე[1]

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხანგრძლივი მედიატორობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება 28 ივლისს გაუქმებულად გამოაცხადა და ამით ისედაც ტურბულენტურ და ღრმად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შუამავლობა საქართველოსთვის ერთგვარი პრივილეგია უნდა ყოფილიყო როგორც შიდაპოლიტიკური განვითარებისთვის, ისე საგარეო ურთიერთობების გამტკიცებისთვის, ქართული პოლიტიკური ელიტისთვის დოკუმენტის პირობების კეთილსინდისიერი შესრულება ადვილი არ აღმოჩნდა. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ კი, კიდევ უფრო გამოიკვეთა არაერთი რისკი, რომელთა წინაშეც საქართველოს დემოკრატიული განვითარება, უკვე დიდი ხანია, დგას.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს, შეიძლება, იყოს უფრო მეტად ნეგატიური და დაძაბული წინასაარჩევნო გარემო 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მრავალგზის იმედგაცრუებული ევროპული პოლიტიკური ელიტა და ქვეყნის, როგორც არასტაბილური პარტნიორის იმიჯი დასავლეთის თვალში. თუკი საფრთხეების შედარებით გრძელვადიან კონტექსტს შევხედავთ, მიშელის შეთანხმების გაუქმების ფონზე, საქართველოს დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს დავინახავთ. ამ ფონზე, საინტერესოა, რა საფრთხეებს წარმოშობს ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება და რა მოჩანს მმართველი პარტიის წითელ ხაზებს მიღმა ქართულ პოლიტიკაში?

რისკები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში

ქვეყნის შიგნით რისკებს შორის ორი ძირითადი საფრთხე შეიძლება გამოიყოს. პირველი, ეს შეეხება 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებს: აღნიშნული არჩევნების მნიშვნელობას განსაზღვრავდა შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ მმართველი პარტია 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა, ის დათანხმდებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ოცნების საარჩევნო მაჩვენებელს სხვადასხვა პოლიტიკური თუ პანდემიური ფაქტორი აყენებს საფრთხის ქვეშ. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მმართველმა პარტიამ მიშელის დოკუმენტის აღსრულებისგან პასუხისმგებლობის მოხსნა გადაწყვიტა და, ამასთან, 43%-იანი პირობაც „საკუთარ კეთილ ნებას“ დაუქვემდებარა.

შესაბამისად, შეთანხმების ანულირება წინასაარჩევნო გარემოს და, უშუალოდ, არჩევნებსაც ბევრად უფრო დაძაბულს და აგრესიულს გახდის, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების რეალისტურობას ამცირებს. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, საფრთხე შეექმნას არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასაც და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში კვლავ დიდხანს გაგრძელდეს, რაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და სხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე მუშაობას კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს.

მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების მხრიდან, არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით მმართველი „ქართული ოცნების“ მხრიდან იზრდება რეფორმებთან დაკავშირებული პროცესების მონოპოლიზების საფრთხე. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი, დოკუმენტის მიღმაც აგრძელებენ აღნიშნულ რეფორმებს. თუმცა ამ პროცესში პარტიათაშორისი დიალოგის, ადგილობრივი და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, საფუძვლიანი კითხვის ნიშნები ჩნდება.

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ დოკუმენტის მოქმედების ფარგლებშიც კი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა სასამართლო და საარჩევნო რეფორმებსა და 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა, კითხვის ნიშნები არსებობს პარლამენტში პარტიებს შორის ძალაუფლების გადანაწილების თაობაზე. ამჯერად, მმართველი პარტია, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას იხსნის ბრიუსელის წინაშე აღნიშნული რეფორმების სრულად დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით გატარებაზე. შედეგად, ქართულ ოცნებას შეთანხმებიდან გასვლით უჩნდება მეტი სივრცე პოლიტიკურ პროცესებზე ერთპარტიული დომინაციისთვის.

საერთაშორისო რისკები საქართველოსთვის

საშინაო საფრთხეებთან ერთად, საქართველოს საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ემუქრება უკუსვლა. პირველი, ეს არის მრავალგზის იმედგაცრუებული ბრიუსელი. ევროპიდან გაკეთებული სხვადასხვა კრიტიკული განცხადების ფონზე, გაჟღერდა შეფასება აშშ-დანაც, რომ ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებში დრო დაკარგა.

ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის, სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური მშენებლობისთვის მას არაერთი შესაძლებლობის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის, და ამ გზაზე იმდენ ხანს იდგება ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. შარლ მიშელი კვლავ განაგრძობს კონსულტაციებს საქართველოს პოლიტიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოებში წარმართვის მიზნით, თუმცა, საქართველოს, როგორც არასტაბილური პარტნიორის, იმიჯი დასავლელი პარტნიორების თვალში ცხადად იკვეთება. ეს პროცესი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, იქცევა მყარ არგუმენტად ევროკავშირის შიგნით კავშირში საქართველოს ინსტიტუციური ინტეგრაციის წინააღმდეგ. მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული ამბიცია, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადი წარმატებით მოამზადოს, უფრო და უფრო შორი პერსპექტივა ხდება.

მეორე რისკი არის საერთაშორისო კონტექსტი ბრიუსელს მიღმა. ვაშინგტონში ინტენსიურად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე ტურბულენტურ პოლიტიკურ პროცესებს და საკმაოდ მწვავე რეაგირებასაც ახდენენ. შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმების მიღწევა და განხორციელება ნატოსთვისაც. იმ ფონზე, რომ საქართველოს წინაშე, ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, არაერთი ახალი გამოწვევა დგას, განსაკუთრებით სახიფათოა ახლა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით საფრთხეს ვერ ხედავს, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების დარღვევა, შესაძლოა, ერთგვარი სიგნალი იყოს სხვა დომინანტი ძალების, მაგალითად, რუსეთის გასააქტიურებლად ქვეყანაში.

კიდევ ერთი საფრთხის სახით, კვლავ არსებობს დასავლეთის მხრიდან პრაქტიკულ სარგებელთან დაკავშირებული რისკები. პირველ რიგში, ეს შეიძლება შეეხოს იმ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს. 19 აპრილის შეთანხმების აღსრულების პერიოდში ევროკომისიის ფარგლებში ერთხელ უკვე დადგა იმის შესაძლო საფრთხე, რომ მიკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანში საქართველოს ვერ მიეღო. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება კიდევ მეტ წითელ ხაზს გადაკვეთს რეფორმებისა და პროგრესის თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ ბრიუსელმა პირობითობის პრინციპი სწორედ ამ მიმართულებით აამოქმედოს, რადგან ევროკავშირის დახმარება არ არის უპირობო.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა, შესაძლოა, ლოგიკური, თუმცა ცალსახად სარისკო ნაბიჯი აღმოჩნდეს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მმართველი პარტია ვერ აჩვენებს თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკისთვის მზაობას და გამოსავალს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლაში ხედავს. ამასთან, საფრთხე ემუქრება გადამწყვეტი მნიშვნელობის თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალე და სტაბილურ გარემოში ჩატარებას, და ბრიუსელთან და სხვა დასავლელ აქტორებთან საიმედო პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, უფრო და უფრო იზრდება დემოკრატიული და ევროინტეგრაციული უკუსვლის საფრთხე.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts