რეგიონული თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკულ სექტორში: საქართველოს გამოწვევები და შესაძლებლობები

მარიამ ჩაჩუა

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლობები ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა თანდათანობით ზრდის ქვეყნის დამოკიდებულებას იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე; შესაბამისად, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად. საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მცირე მოცულობა და რეგიონულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებზე შეზღუდული წვდომა სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულის გამო, ელექტროენერგეტიკულ სექტორში  ინვესტიციების წასახალისებლად საჭიროა სახელმწიფოს მიერ გარანტიების არსებობა და ასევე, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების (Energy Community Treaty (EnCT)) ხელშემკვრელი მხარის სტატუსი ქვეყანას საშუალებას აძლევს შეასრულოს სამხრეთ კავკასაისა და ევროკავშირს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლი. აღნიშნული მიზნის მიღწევაში, თურქეთთან ელექტროენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია. გარდა იმისა, რომ თურქეთი რეგიონის უმსხვილესი ენერგომომხმარებელია, ის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ელექტროსისტემის ევროკავშირთან დაკავშირების ერთადერთი შესაძლო ვარიანტია; შესაბამისად, შიდა ბაზრის რეფორმირებასთან ერთად, აუცილებელია საქართველომ უზრუნველყოს თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ფორმატის გაძლიერება და ამავდროულად, ხელი შეუწყოს დანარჩენ მეზობლებთან ელექტროენერგეტიკის სექტორში ორმხრივ თანამშრომლობას.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

 

Related Posts