სამხედრო წარმომადგენლობის შემცირება VS მომგებიანი ძალთა ბალანსი: ინაცვლებს თუ არა ამერიკული ფოკუსი ევროპის აღმოსავლეთით?

ნინო სამხარაძე[1]

აშშ-ის წამყვან ევროპულ მოთამაშეებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე დონალდ ტრამპმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. სხვადასხვა სპეკულაციების თანახმად, ეს, შესაძლოა, გერმანიაში რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული სამხედრო ძალების შემცირების ხარჯზე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და საბოლოო არ არის, მოვლენათა ამგვარი განვითარება ვნებათაღელვას იწვევს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ პოლიტიკურ წრეებში. კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ვითარებაში რას მოასწავებს ტრამპის განცხადება: ევროპულ უსაფრთხოებაზე ფოკუსის შემცირებას თუ სარგებლიან  ძალთა გადანაცვლებას? და როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, კონკრეტულად კი საქართველოსთვის?

პოლონეთი, როგორც ამერიკული გეგმის ლაკმუსის ქაღალდი?

უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და პოლონეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა არსებობს: პოლონურმა მხარემ 2018 წელს ტრამპს 2 მილიარდის ინვესტირება შესთავაზა პოლონეთში ახალი ამერიკული ბაზის აშენებისთვის. პროექტი საბოლოოდ არ განხორციელდა, თუმცა გასულ წელს ანჯეი დუდამ ტრამპისგან მიიღო დაპირება, რომ აშშ პოლონეთში 1000 ჯარისკაცს გაგზავნიდა. დუდას 2020 წლის ივნისის ვიზიტი თეთრ სახლში პანდემიის დროს გამართული პირველი საერთაშორისო მიღებაა. საგულისხმოა, რომ ამერიკული სამხედრო შენაერთების გერმანიიდან პოლონეთში შესაძლო გადაყვანის შესახებ განცხადება სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაჟღერდა. დონალდ ტრამპმა ამავე განცხადებაში დააზუსტა, რომ ამერიკული ჯარების პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსება ფინანსურად თავად პოლონეთმავე უნდა უზრუნველყოს

აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში ვარშავის ამგვარი ფუნქციით გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონის ინტერესი კონტინენტზე არ განელებულა. ის მხოლოდ ფორმას იცვლის, რაც გამოწვეულია ტრამპის მიდგომით, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი გაწიოს ქვეყნის ფარგლებს მიღმა უსაფრთხოების პოლიტიკაზე. პოლონეთის ამ სცენარში ჩაბმამ კი შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ, ერთი მხრივ, ამერიკული ბაზების ნაწილის აღმოსავლეთისკენ გადანაცვლება ამერიკული უსაფრთხოების პოლიტიკის რეორიენტირებაზე შეიძლება მიუთითებდეს და არა ევროპის სრულად დატოვების განზრახვაზე. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ პოლონურ მხარეს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან კონსულტაციები არ უწარმოებია, პოლიტიკური თვალსაზრისით გერმანიიდან პოლონეთში ჯარების გადაყვანა ევროპული უსაფრთხოებისთვის ნეგატიურ სიგნალად აღიქმება.

გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ, ბერლინს წამყვანი როლი უჭირავს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია 34 500 ამერიკელი სამხედრო; აქვე მდებარეობს რამშტეინის  საჰაერო ბაზა, რომელიც ყველაზე დიდია აშშ-ს ფარგლებს გარეთ იაპონიის შემდეგ. ამ მოცემულობაში ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთმა ევროპული უსაფრთხოების სცენარში გერმანიის ჩანაცვლება შეძლოს. რადოსლავ სიკორსკის სიტყვებით, გერმანულ-ამერიკული დაძაბულობების ფონზე პოლონეთს აშშ-გერმანიის დაპირისპირებაში პაიკის როლი აქვს და ნაკლებსავარაუდოა, რომ ის შეძლებს, გერმანიაში შემცირებული სამხედრო წარმომადგენლობის დანაკლისის საკუთარ თავზე აღებას.

ამასთან, არც პოლონური ინფრასტრუქტურა და არც ვარშავის პოლიტიკური წონა არ იქნება საკმარისი გერმანიის როლის სრულფასოვნად ჩასანაცვლებლად. შესაბამისად, ჯარების პოლონეთში გადანაცვლება ევროპული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველ მოვლენად შეიძლება აღვიქვათ.

გერმანიისა და რუსეთის კონტექსტი აშშის ევროპული უსაფრთხოების სცენარში

თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაშინგტონი თავისი ევროპული უსაფრთხოების ჰაბის – გერმანული სამხედრო წარმომადგენლობის მესამედით შემცირებას აპირებს, საინტერესო იქნება, როგორ გადანაწილდება ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა ევროპის ტერიტორიაზე. გერმანიაში განთავსებული ჯარების შემცირების ხარჯზე პოლონეთში სამხედროების გაზრდა, არაერთი მოსაზრებით, ტრამპის ანგელა მერკელთან დაძაბული ურთიერთობით არის გამოწვეული. ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი არის ნატოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის თანასწორი ფინანსური წვლილი: დღეის მდგომარეობით გერმანია ალიანსის იმ წევრ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც თავდაცვის ხარჯების 2%-იან ზღვარს ვერ აკმაყოფილებენ. ნატოს ფარგლებში გერმანული ფინანსური კონტრიბუცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი დავის საგანი, ტრამპმა წამოჭრა დუდასთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზეც. გერმანიასთან დავის კონტურები კიდევ უფრო გამოკვეთა შემთხვევამ, როცა ტრამპმა მერკელისგან ვაშინგტონში 7 ლიდერის სამიტის იდეაზე უარი მიიღო პანდემიური რისკების გამო.

სცენარის ამგვარი განვითარება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია არა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის მათემატიკური შემცირება, არამედ ის, რომ დაითანხმოს გერმანია საკუთარი თამაშის წესებით მოქმედებაზე. ამ პროცესში კი პოლონეთი სიმბოლური პარტნიორია როგორც გეოპოლიტიკურად, ისე პირადი პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით.

თუმცა, აშშ-ს ქცევის ანალიზისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რუსეთის კონტექსტიც: კომენტატორები ტრამპის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს სამხედროები გერმანიის ტერიტორიიდან, პუტინისთვის მირთმეულ საჩუქრად მოიხსენიებენ. თუმცა ვაშინგტონი, ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, მოსკოვის მიმართაც მომთხოვნია, როცა საქმე საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას ეხება. მიუხედავად საკმაოდ ბუნდოვანი და ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი გზავნილებისა, ამ შეხვედრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ევროპაში რუსულ პროექტებთან და ამბიციებთან დაპირისპირება კვლავ ტრამპის დღის წესრიგში დგას. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი დიპლომატიის წარმოება დაიწყო პუტინთან ამერიკულ-რუსული ურთიერთობების მოსაგვარებლად, ტრამპი დუდასთან ერთად სინქრონულად მკაცრად აკრიტიკებს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პროექტს, რომელიც გაზრდის რუსული ენერგიის ევროპისთვის მიწოდებას. ტრამპი ამ პროექტის გამო ბერლინს კრიტიკით უყურებს. ამ ფონზე, მისი განცხადებით, სამხედრო შეთანხმება პოლონეთთან იქნება მესიჯი რუსეთისთვის.

მოვლენათა ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს ევროპის აღმოსავლეთით გააქტიურება მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება, რაც არც ევროპულ უსაფრთხოებაზე და არც აშშ-სთან ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება. იმის ფონზე, რომ ვლადიმერ პუტინმა ახლახანს მიიღო გახანგრძლივებული კონსტიტუციური ლეგიტიმაცია ხელისუფლებაში დარჩენისთვის, მან შეიძლება მეტი გამბედაობა გამოიჩინოს ხისტ ურთიერთობაში დასავლეთთან.

რას შეცვლის ამერიკულევროპული დაძაბულობა საქართველოსთვის?

ამერიკული სამხედრო ძალების პოლონეთის ტერიტორიაზე მეტი რაოდენობით მობილიზება ნიშნავს, რომ ვაშინგტონის ყურადღება უსაფრთხოების თვალსაზრისით აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს, უფრო მეტიც, ის აღმოჩნდება რუსეთის უშუალო სამეზობლოში – პოლონეთი რუსეთს ესაზღვრება კალინინგრადის ტერიტორიით, რომელიც ღია ცის შეთანხმების ერთ-ერთი სადავო საკითხია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ამასთან, ამერიკული ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების სურვილი გამოთქვა ლიეტუვამაც. დიდი შანსია, ამგვარი რელოკაციის შედეგად ამერიკული სამხედრო ძალების აღმოსავლეთისკენ გადმონაცვლებამ საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების კონცეფციაში ხელშელსახებად გაზარდოს: ერთი მხრივ, ამერიკის ფოკუსი გეოგრაფიულად მიუახლოვდება აღმოსავლეთ სამეზობლოს, მეორე მხრივ, მას შედარებით ინტენსიური თანამშრომლობა მოუწევს საქართველოს გამოკვეთილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ლიეტუვა.

ამასთან, აშშ-ში პოლიტიკური წრეები სიმპათიით უყურებენ სამი ზღვის ინიციატივის იდეას, რომლის ფარგლებშიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების სარტყელში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ინიციატივის უშუალო მეზობლის რანგში საქართველომ ინტენსიურად უნდა მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც ამ სივრცის მომგებიანმა ნაწილმა და აქტიურად დაუჭიროს მხარი იმ ამერიკულ ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაზე აკეთებს რეფოკუსირებას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის და ევროპის მსხვილი მოთამაშეების დაძაბული ურთიერთობა არ არის ცალსახა გეოპოლიტიკური სარგებლის მომტანი, ვაშინგტონთან სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის დამატებითი დერეფნების წარმატებით გამოყენების შესაძლებლობები ჩნდება.

ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია გერმანიის და წამყვანი ევროპული ძალების პოზიციაც: მერკელს აქვს არჩევანი, გაზარდოს თავისი წვლილი ნატოში, რასაც ტრამპი მისგან მოითხოვს, ან შექმნას ევროპის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია აშშ-ს გარეშე, რაშიც კიდევ უფრო აქტიურად დასჭირდება აღმოსავლეთ სამეზობლოსთან და მათ შორის საქართველოსთან გაძლიერებული თანამშრომლობა.

თუ გავითვალისწინებთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მასის შესამჩნევად შეუვალ მიდგომას ამჟამინდელი ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობების მიმართ, ბერლინი აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სავარაუდოდ, არ აპირებს. უფრო მეტიც, გერმანული მხარე უკვე გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრობს ვაშინგტონთან ურთიერთობებში. 

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ფოკუსის გერმანიიდან პოლონეთში გადატანა აშშ-გერმანიის დაძაბული ურთიერთობების გამოძახილი იქნება, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის ინტერესები ევროპის აღმოსავლეთით ინაცვლებს. ერთი ცხადია, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, აშშ-სთან თანამშრომლობით თუ მის გარეშე, დიდ ევროპულ სახელმწიფოებს მოუწევთ, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების ორკესტრირებაზე, სადაც, არსებობს გარკვეული პოტენციალი, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოს როლი გაიზარდოს.

ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად იფიქროს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე: მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ტრამპი უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებას პრაგმატულ ინტერესებზე აფუძნებს და ამ სცენარში საკუთარი თავის მოაზრება თბილისისთვისაც რეალური შეიძლება გახდეს. ამგვარად, ქართული მხარე მუდმივად მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ტრამპს რეგიონში რუსეთის დაბალანსებაში, ხოლო მეორე მხრივ, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს ევროპული უსაფრთხოების სცენარში მეტად ხელშესახები თანამშრომლობა შესთავაზოს.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts