საქართველოს დემოკრატიული დილემა

ბიძინა ლებანიძე

მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად შეაფასა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც დემოკრატიულ სტანდარტებთან დიდწილად მიახლოებული და წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მიუხედავად ამისა, არჩევნებმა ასევე ნათლად წარმოაჩინა მნიშვნელოვანი პრობლემები. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობა ადეკვატურად არ ასახავს ელექტორატის გუნება-განწყობას. მეორეს მხრივ, პრობლემად რჩება დაბალი პოლიტიკური კულტურა, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ამომრჩეველთა შორის. ამ და სხვა პრობლემების გამო, ერთი შეხედვით უწყინარი და დაბალანსებული არჩევნები შესაძლოა ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებით დასრულდეს.

საქართველოში დღეს არსებული საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით პარლამენტის დეპუტატთა ნახევარი ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით ირჩევა. თუმცა, ცნობილი ფაქტია, რომ მაჟორიტარული სისტემა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში გამართულად ვერ მუშაობს. ეს ეხება განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეს, სადაც მაჟორიტარული მანდატები ხშირად გამოიყენება მთავრობის მიერ არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

საქართველოში მაჟორიტარული სისტემა ეფექტურად გამოიყენა ყოფილმა მთავრობებმა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვებინათ. ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიცია ქართული ოცნება აცხადებდა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათი პოლიტიკური მიზანი იყო. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საეჭვოდ გადადეს აღნიშნული რეფორმა მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის. მაჟორიტარული სისტემა განსაკუთრებით ეფექტური ლეგალური ინსტრუმენტია, როდესაც არჩევნებში დაბალი აქტივობა ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას დიდი უპირატესობით გამარჯვება თითქმის გარანტირებული აქვს. დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელზეც ამომრჩევლის მხოლოდ 51 % მივიდა. პროპორციულ ნაწილში ქართულ ოცნებას ამომრჩეველთა 48%-მა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს რომ მმართველმა ძალამ მთელი მოსახლეობის 25%-ზე ცოტა მეტი ხმა მიიღო. თუმცა, მაჟორიტარული სისტემით 25%-იანი მხარდაჭერა შეიძლება ადვილად იქცეს საკონსტიტუციო უმრავლესობად, თუკი ქართული ოცნება მეორე ტურში დარჩენილი 50 ოლქიდან 46-ში გამარჯვებას მოიპოვებს.

ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები აქტიურ კამპანიას ატარებენ მეორე ტურში აბსოლუტური გამარჯვებისთვის და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, თუკი მათ მიიღებენ, მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ თვით სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთაც წესით უნდა ესმოდეთ კვალიფიციური უმრავლესობის საფრთხე, არ ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მეტი მანდატის მიცემას მორალურ დილემად წარმოგვიდგენენ. აპელირება ხდება იმ ფაქტზე, რომ გასულ ოთხ წელიწადში ქართული ოცნების მმართველობა იყო ბევრად უფრო პლურალისტური და დემოკრატიული, ვიდრე მანამდე ნაციონალური მოძრაობისა, და რომ ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ავტორიტარული მმართველობის საფრთხე, მათ მიერ საკნოსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში.

თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებული ღია და უფრო პლურალისტური პოლიტიკური პროცესების მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებად მიჩნევა, ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია. სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შედეგი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა ნაციონალურ მოძრაობასა ქართულ ოცნებას შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავლენა კვლავ ვრცელდებოდა მთელ რიგ მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებში, მაგალითად, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების პლურალისტური და ღია მმართველობა შედეგი იყო, არა მაინცდამაინც ქართული ოცნების დემოკრატიული ბუნებისა, არამედ ძალთა ბალანსისა ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პარტიას შორის.

ამჟამად, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია სამი მიზეზის გამო. უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ ქართული ოცნება ნაკლებად ჰეტეროგენულია, ვიდრე ოთხი წლის წინ. ორი ყველაზე პროდასავლური პოლიტიკური პარტია – რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები – იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კოალიცია. შიდა ერთიანობის თვალსაზრისით, 2016 წლის ქართული ოცნება ბევრად უფრო შეკრული და მონოლითურია. ამასთან, ლიბერალური პარტიების მიერ კოალიციის დატოვება სავარაუდოდ უფრო გააძლიერებს ცდუნებას ოცნების შიგნით, უგულვებელყონ დემოკრატიული მართვის მექანიზმები თუკი ამის საჭიროება დადგება.

მეორე, ბიძინა ივანიშვილის გავლენა შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს მმართველ კოალიციაზე არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები არ იყვნენ ცნობილნი თავიანთი მეამბოხე ხასიათით, მათი ყოფნა კოალიციაში ხელს უწყობდა პლურალიზმისა და შიდა კოალიციურ კონკურენციას. ამასთანავე, ქართული ოცნება დღემდე აგრძელებს იყოს ფინანსურად დამოკიდებული ივანიშვილზე. მაგალითად, არჩევნებამდე ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი ისესხა.

მესამე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბევრად უფრო სუსტია დღეს, ვიდრე 2012 წელს. ყოფილმა მმართველმა პარტიამ დაკარგა გავლენა რიგ სახელმწიფო უწყებებში- ეროვნულ ბანკში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ადგილობრივ ორგანოებში. ნაციონალური მოძრაობის გავლენა ასევე შესუსტდა ახალ პარლამენტში, სადაც ყოფილმა მმართველმა პარტიამ ძლივს მოახერხა ერთი მეექვსედი მანდატების მოპოვება. აქედან გამომდინარე, პლურალისტური მმართველობა, რომელიც ბოლო საპარლამენტო ვადაში აღინიშნებოდა, სავარაუდოდ, შეიცვლება ქართული ოცნების დომინანტური ერთპარტიული მმართველობით.

ერთპარტიული მმართველობა კონსტიტუციური უმრავლესობით აპრიორი არ უნდა აღვიქვათ კატასტროფული შედეგის მომტანად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დემოკრატიული კონტროლის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები მტკიცედ არის ჩამოყალიბებული და თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში, მთავრობის კონტროლის ფორმალური მექანიზმები მოიცავს ძლიერ მართლმსაჯულების სისტემას და დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოს, დამოუკიდებელ პრეზიდენტს, ძლიერ ოპოზიციას პარლამენტის შიგნით და მის გარეთ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ და სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფო ბიუროკრატიას. არაფორმალური მექანიზმები კი შეიძლება მოიცავდეს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, კრიტიკულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ძლიერ საშუალო კლასს, რომელიც ფინანსურად დამოუკიდებელია მთავრობისგან და მზად არის დაიცვას სახელმწიფოს დემოკრატიული ღირებულებები. საქართველოს შემთხვევაში, დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები ფორმალურად არსებობს, თუმცა თითქმის ვერცერთი მათგანი საკუთარ ფუნქციას ბოლომდე ვერ ასრულებს: მართლმსაჯულების სისტემა კვლავ მგრძნობიარეა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური გავლენისადმი; ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ოთხი წლის წინ; სახელმწიფო ბიუროკრატიის პოლიტიკური ერთგულება კვლავ მმართველ პარტიას ეკუთვნის; სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ფინანსური დამოკიდებულების და პოლიტიკურ ინფანტილიზმის ფაზაში იმყოფება, ხოლო საშუალო კლასის დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოზე რჩება დამოკიდებული.

ამ პირობებში, ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება – როგორც თავად პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი მიზნად ისახავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგ სფეროებში. ერთ-ერთი, ცვლილება ეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას და სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტის მიერ დანიშვნას. ეს ცვლილება გაზრდის მმართველი პარტიის გავლენას და შეუზღუდავს ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ვადის დასრულების შემდეგ. თუმცა მთავარ გამოწვევებს რამდენიმე წელიწადში უნდა ველოდოთ, როდესაც ქართული ოცნების კოალიციის წინაშე ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი წამოიჭრება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის უკვე 8 წელი შეუსრულდება და მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გარღვევის გარეშე ძალიან გაუჭირდება ზედიზედ მესამედ არჩევნების მოგება. ამდენად, მომავლისათვის აქტუალური შეკითხვა, თუ რამდენად შეეგუება ქართული ოცნება არჩევნების წაგების პერსპექტივას და რას მოიმოქმედებს მის საწინააღმდეგოდ, სჯობს დღესვე თავიდან ავიცილოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან არიდების მეშვეობით.

Related Posts