საქართველოს პარალელური ნაციონალიზმები

სალომე კანდელაკი

ბოლო კვირების მანძილზე საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ეროვნული ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნით. ეს აქციები თავიანთი ფორმითა და შინაარსით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმცა ყველა მათგანი “ღირსებისთვის” ბრძოლას ემსახურებოდა. შესაბამისად, ქვემოთ განხილულია სამი სხვადასხვა საკითხის გარშემო შექმნილი საპროტესტო ტალღა და გამოვკვეთილია სხვადასხვა ტიპის ნაციონალისტური გამოვლინებები.

კერძოდ “დავით გარეჯი ჩვენია” და “დაიცავი გარეჯი”, რაც გარეჯში ქართული მონასტრის შესასვლელთან აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამოჩენამ და ტერიტორიაზე ქართველების გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა და “პატრიოტთა ალიანსმა” სხვადასხვა მესიჯებით გააპროტესტეს; მეორე მაგალითად მოყვანილია ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც ლევან ვასაძის, “ქართული მარშის” და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) მიერ იყო ერთობლივად ორგანიზებული; და ბოლოს, “სირცხვილია”, რომელიც მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დროს რუსი დეპუტატის, გავრილოვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან მომართვის გამო დაორგანიზდა, სადაც პირველ დღეს ტრიბუნა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიკავა. შემდეგი დღიდან კი აქციას “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” უწევდა ორგანიზებას.

საინტერესოა, რომ დღემდე მემარჯვენე ნაციონალისტურ ექსტრემისტებად აკადემიურ და ანალიტიკურ წრეებში “ქართულ მარშს”, მმკ-ის წევრებს და ვასაძის მომხრეებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც რელიგიურ გრძნობებზე, ტრადიციებსა და ქართველობის დაკარგვაზე აპელირებდნენ. რუსეთმა კი დღეს ექსტრემისტი ნაციონალისტები სწორედ ანტირუსული საპროტესტო აქციის მონაწილეებს უწოდა. ამიტომ გასაანალიზებელია, თუ რა განასხვავებს ამ საპროტესტო ტალღებს.  ვინ არიან სინამდვილეში ექსტრემისტი ნაციონალისტები?

საპროტესტო გამოსვლები “დავით გარეჯი ჩვენია” და “დაიცავი დავით გარეჯი”

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად ქართულმა მოსახლეობამ აქტიურად მობილიზება 25 აპრილის შემდეგ დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტეს.  ამ ინციდენტს წინ უძღვოდა თებერვალში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც საზღვრის საბოლოოდ დადგენის საჭიროებაზეც იყო პრეზიდენტ ალიევთან საუბარი. სალომე ზურაბიშვილი 20 აპრილს დავით გარეჯში მესაზღვრეებს შეხვდა და განაცხადა, რომ საზღვრის დადგენის საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რასაც ხუთ დღეში აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოყვა. საქართველო-აზერბაიჯანს შორის დაუდგენელი საზღვრის პრობლემა გასაბჭოებიდან მოყოლებული დგას და საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია დღემდე არსებობს, თუმცა მისი საქმიანობაც ფორმალური და უშედეგოა.

თავდაპირველად ამ საკითხის გარშემო უკმაყოფილება იქ მოღვაწე მღვდელმსახურებმა გამოთქვეს, რომელთაც არ მიეცათ მონასტრის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება. პროტესტის გამოსახატავად გარეჯში 9 ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი ჩავიდა ლოზუნგით “გარეჯი საქართველოს იერუსალიამია”, რაც მთლიანად რელიგიურ მოტივზე იყო აგებული. გარდა ამ პროტესტისა, გარეჯში განვითარებული მოვლენები ცალ-ცალკე გააპროტესტა ორმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა ჯგუფმა. დავით გარეჯი ჩვენია”, ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” წევრები, რომლებიც ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან, 2017 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფ ზოლთან ყოველდღიურად პატრულირებენ და ადგილზე რუსი ჯარისკაცების ნებისმიერი სახის აქტივობას აღრიცხავენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ახდენს ხალხის ინფორმირებას და უფრო მეტად ახალგაზრდების ყურადღებას იპყრობს. ამ ჯგუფის ამოსავალი წერტილია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და მოსახლეობის საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნისაგან დაცვა.

დავით გარეჯი
ფოტო (c) ანა ტანდარიანი

მეორე ინიციატორი, რომელმაც აზერბაიჯანელთა მოქმედება თბილისში გააპროტესტა ლოზუნგით “დაიცავი გარეჯი”, “პატრიოტთა ალიანსი” და მათი მომხრეებია. აქვე უნდა ითქვას, რომ მათ არასდროს გაუმართავთ დემონსტრაცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ ემხრობიან ღიად  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და სამხედრო მიუმხრომლობის ინიციატივით გამოდიან. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის მსგავსად საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, რუსეთისნაირ ოკუპანტად მოიხსენიებს. ამ პოლიტიკური ძალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ოკუპაციის თემაზე “პატრიოტთა ალიანსის” ორაზროვანი დამოკიდებულება, რუსეთში მათი ხშირი ვიზიტები, რუს დეპუტატებთან მოლაპარაკება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე, ასევე მათი მხრიდან საუბარი არარსებული დიალოგის წამოწყებაზე საქართველო-ნატო-რუსეთს შორის, საზოგადოებაში ეჭვებს იწვევს. ეს ძალა რელიგიაზე იმდენად არ აკეთებს აქცენტს, რამდენადაც ქართულ ტრადიციებზე და საუბრობს გარყვნილების პროპაგანდის საფრთხეზე,  რითიც ახერხებენ გაბრაზებული ამომრჩევლის მობილიზებას. ყურადსაღებია, რომ მათ მოუწოდეს საპატრიარქოს არ დაეჭირათ მხარი უკრაინის ავტოკეფალიისთვის, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მათი უპირატესობაა ის გარემოება, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია საკუთარი ტელეკომპანია “ობიექტივის” საშუალებით გააჩნიათ, რომელსაც მეტწილად ასაკოვანი მსმენელი ჰყავს, ვისათვისაც ამ პარტიის რიტორიკა უფრო მისაღები და გასაგებია. გარდა ამისა, მათ ახასიათებთ პოპულისტური განცხადებები სოციალურ თემატიკაზე,  მოწყვლად მოსახლეობაზე, შიმშილის პრობლემაზე, რითიც ადვილად იყოლიებენ ხალხს. შესაბამისად, “პატრიოტთა ალიანსი” ახერხებს ათასობით მოქალაქის მობილიზებას ტელეკომუნიკაციის და კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეების ჯავრის გამოყენების გზით.

ანტი ლგბტ პრაიდ მოძრაობა

2013 წლის 17 მაისის დაპირისპირების შემდეგ ლგბტ თემის ნაწილმა პირველად გადაწყვიტა საჯაროდ “ღირსების მარშის” გამართვა (Tbilisi Pride). მათი ერთ-ერთი მთავარი მესიჯია “ჩვენ ვართ თქვენ”. მათი თქმით, ამ ქმედებით მიზნად ისახავენ ხალხს დაანახონ, რომ ისინიც საზოგადოების ნაწილი არიან, ეხებათ და აწუხებთ ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა. ამავე დროს, ამით ისინი პროტესტს გამოხატავენ ქვიარ თემის ჩაგვრისა და საზოგადოებრივ სივრცეში მათი შევიწროვების ფაქტებზე.

18-23 ივნისს დაგეგმილ ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარების წინააღმდეგ ბოლო კვირებში რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდა, რომლებსაც ქსენოფობიურ-ჰომოფობიური განწყობები ახასიათებთ. კერძოდ, “ქართული მარში” და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელთაც ამჯერად “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ლევან ვასაძე ჩაუდგა სათავეში. ერთად აღებული ეს ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რელიგიურ გრძნობებზე, ოჯახის სიწმინდეზე, პატრიოტიზმზე, ეროვნულ ტრადიციებზე და მათი ზოგიერთი წევრი თავს რაინდადაც მიიჩნევს.  საზოგადოების ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი ლგბტ თემისთვის,  სასულიერო პირების გარკვეული ნაწილისა და  ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდებისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეებისთვის აღნიშნული ჯგუფები დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ კონსერვატიული საზოგადოების ნაწილის რელიგიურ გრძნობებზე აპელირებით აყოლიება. ისინი დიდი სიმპატიით არ არიან განმსჭვალულნი პროდასავლური დისკურსის მიმართ. მეტიც, მათმა ერთ-ერთმა წევრმა ვერის ბაღში შეკრებისას ელჩების ნაწილს მეორეხარისხოვანი უწოდა და საქართველოსთვის თავის დანებება ურჩია. აღნიშნული ჯგუფები ხშირად იყენებენ რელიგიურ სიმბოლიკას, როგორც საჯარო, ისე სოციალურ სივრცეში და ცდილობენ საზოგადოებაში ანტილიბერალურ  დისკურსის გაძლიერებას.

14.06.2019 – ,,სახელმწიფო, სად ხარ?!”
ფოტო (c) ვახო ქარელი

ამ ჯგუფის ერთობას ახასიათებს ძალადობრივი მესიჯები და ქმედებები,  რაც ქართველობის, ღირსებისა და ტრადიციების დასაცავად “სახალხო ლეგიონის” ჩამოყალიბებაშიც გამოიხატებოდა, რისი ძირითადი ატრიბუტები გამოთლილი კომბლები და ქამრებია. აღნიშნული ჯგუფები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პრაიდის ჩატარების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია არ გაიცა. ამის საპასუხოდ კი თბილისი პრაიდის წევრებმა სახელმწიფოს კანცელარიის წინ მოთხოვეს მათი  შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ლოზუნგითგამოდი. ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, შსს-მ შეძლო, ორ ჯგუფს შორის პოლიციის კორდონის გაკეთება, ლგბტ თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, თბილისი პრაიდის წევრებმა დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის 22 ივნისს დაგეგმილი “ღირსების მარში” არ გააუქმეს. თუმცა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი – სერგეი გავრილოვის ხილვით გამოწვეული ვნებათაღელვისა და ტრაგიკული ღამის გამო ღირსების მარში გადაიდო. საგულისხმოა, რომ ვასაძის “ლეგიონმა” ვერის ბაღში განაგრძო შეკრება და ლოცვა, ხოლო ანტირუსულ აქციას არ შეერთებია.

საპროტესტო აქცია “სირცხვილია”

20 ივნისს საქართველომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უმასპინძლა, რაშიც რუსი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავჯდომარის მიერ დამოწმებული დღის წესრიგის მიხედვით, სხდომა ბერძნული დელეგაციის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა, მოულოდნელად საქართველომ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი იხილა, რომელიც სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა. ამ ფაქტს ოპოზიციური და მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის აღშფოთება და ასევე მოქალაქეების განრისხება მოჰყვა. საბოლოოდ, ასამბლეა ჩაიშალა და გავრილოვს გაძლიერებული დაცვის კორიდორისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან კვერცხების სროლის ფონზე, საქართველო სასწრაფოდ დატოვა. აღნიშნულს რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა და ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრება მოჰყვა.

განურჩევლად იმისა, ეს წინდაუხედაობის შედეგი იყო, თუ გამიზნული არეულობისთვის დაგეგმილი ქმედება, აშკარაა, რომ ამან პირველ დღეს სავალალო შედეგებამდე მიიყვანა თბილისი და ამ ფაქტს საბოლოოდ პარლამენტის თავჯდომარის – ირაკლი კობახიძისა და ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილის თანამდებობები შეეწირა. აღშფოთებულ მოქალაქეთა დემონსტრაცია სახელად “სირცხვილია” მრავალთა აზრით, პირველ დღეს ბოროტად იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მოზრდილი ნაწილი იქ მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დასაცავად იდგა, მეორე ნაწილი იქვე ე.წ. “მომენტუმის” ხელში ჩაგდებას და ტრიბუნის პარტიულ-პოლიტიკურად გამოყენებას განიზრახავდა. პარლამენტში შეჭრის მოწოდებას მოჰყვა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რის გამოც, საბოლოოდ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს უფლებამოსილება შეუჩერდა, დაკარგა იმუნიტეტი და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა . ასევე აშკარა იყო შსს-ს მხრიდან ძალის გადამეტება, რაც აქციაზე მდგომი  ახალგაზრდების ფიზიკური დაზიანებით, თვალის დაკარგვითა და 305 ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა, რომელთა უმეტესობასაც “კონვეინური” წესით გამოუტანეს განაჩენი და უმრავლესობა მალევე  გაათავისუფლეს.

26.06.2019 – “სირცხვილია”
ფოტო (c) ვახო ქარელი

თავისუფლებისთვისა და სუვერენიტეტისთვის მებრძოლი უფრო მეტი გაბრაზებული ახალგაზრდა გამოვიდა მეორე დღიდან ქუჩებში ლოზუნგით “ნუ მაბრმავებ”, რომელთათვისაც ღირსების საკითხი წყდება დღეს “მენტალური რევოლუციის გზით. მათი უმრავლესობა მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ და საქართველოს რუსული ზეგავლენისგან სრულად გათავისუფლებისკენ. შესაბამისად, მათთვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა პატრიოტობის ტოლფასია. აქციები ქართული, უკრაინული და ევროკავშირის დროშების ფონზე იმართება.  აღნიშნულმა აქციამ იდეოლოგიური ფაქტორიც გადაწონა, თუმცა ფაქტია, რომ პროტესტის მართვის სადავეები მემარჯვენეებმა აიღეს. მათ შორის ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან ირიბად აფილირებულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც კრიტიკული მასის მობილიზება წარმატებულად მოახერხეს. მართალია რუსეთის მთავრობის მიერ წოდებულმა “ექსტრემისტ-ნაციონალისტებმა” საპასუხოდ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა და ტურიზმზე სერიოზული დარტყმა მიიღო, ღვინის ხარისხის შემოწმების გამკაცრებაზე მწვავე სიგნალი და ასევე მუქარები მეზობელი ჩეჩნეთიდან, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რუსეთს ამით მანიპულირების საშუალება ჯერჯერობით არ მისცა. თვითორგანიზებულმა ჯგუფებმა შექმნეს გვერდი “Spend Your Summer in Georgia”, (გაატარე ზაფხული საქართველოში), რუსმა მოქალაქეებმა შეადგინეს პეტიცია ფრენების აღდგენის მოთხოვნით, რომელსაც 2 დღეში 4000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. რუსულ პრესაში კი ამოქმედდა ანტიქართული პროპაგანდა და გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ქართველები რუს ტურისტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აქ ყოფნა საშიშია. უცხოელი პარტნიორები, მეგობრები და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ  ქართული ტურიზმის ხელშეწყობაში ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. პანკისელმა ქალებმა რამზან კადიროვის მუქარანარევი განცხადების საპასუხო მიმართვაც გაავრცელეს, სადაც კადიროვს შეახსენეს “რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის”. ერთმორწმუნეობის საკითხი რომ ცალსახად გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი არ არის იმ პოლარობაშიც გამოიხატა, რომ მართლმადიდებელმა ერთმორწმუნე ბულგარეთის პატრიარქმა მის მრევლს საქართველოში ზაფხულის გატარებისკენ მოუწოდა, ერთ-ერთმა რუსმა ეპისკოპოსმა კი ქართველები დემონებს შეადარა და დაწყევლა.

ეს არ არის მხოლოდ ანტირუსული პროტესტი. ეს პროტესტი არის ხელისუფლების მუშაობით  უკმაყოფილო საზოგადოების გამოხატულება, რომელთაც ამ საპროტესტო მუხტით ნაწილობრივ შედეგს მიაღწიეს “ქართული ოცნების” მხრიდან 2020-ისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დათმობაზე წამოსვლით, რომელსაც 3%-იანი ბარიერის ნაცვლად პარტიებს ნულოვანი ბარიერს სთავაზობს.  ეს იმას ნიშნავს, რომ სუსტ პარტიებსაც ექნებათ შანსი პარლამენტში შესვლის და ახალ ძალებს მიეცემათ მოტივაცია პოლიტიკურად ორგანიზების. ეს ნაწილობრივ კარგია ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალის გასაჩენად, ხოლო ნაწილობრივ ცუდია რადგან დესტრუქციულ ძალებსაც კი ექნებათ შანსი პარლამენტში მოხვედრის, რაც მათი მოთხოვნების ლეგიტიმაციას გაზრდის. აქციის დარჩენილი მოთხოვნებია აქციის დაშლის პროცესში მონაწილე ყველა იმ სპეცრაზმელის დასჯა ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადაყენება და ყველა დაჭერილი აქციის მონაწილის გათავისუფლება.

როგორ მოხდა ბოლო პროტესტის დროს ზემოთ ჩამოთვლილი ძალების გადაჯგუფება და რა ტენდენციები გამოიკვეთა?

რუს დეპუტატ გავრილოვის მასპინძლობით გამოწვეულმა სკანდალმა ყველა ზემოთ ნახსენები ჯგუფის პოზიცია და შეხედულებები ზედაპირზე ამოატივტივა. თითქმის ყველა მათგანმა გაიარა გარკვეული სახის ლუსტრაცია, თუ ვინ ვის მხარეს დგას. გამოიკვეთა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” ლევან ვასაძის ქმედებას სიმბოლური უწოდა. თქვა, რომ ის არ აპირებდა ძალის გამოყენებას და რომ ის ზნეობისთვის ბრძოლას მხარდაჭერას უცხადებდა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა აღნიშნა, რომ არ იყო საჭირო გავრილოვის პარლამენტში მოპატიჟება, თუმცა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ გავრილოვი იქ დაჯდა, სადაც მიუთითეს და ეს სპექტაკლი დადგმული იყო ივანიშვილის, ბოკერიას და ნაცების მიერ. საგულისხმოა მისი სიტყვები: “ახლა ვნახავთ, გაერთიანებულ მასშტაბში ოცნებას, ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფს და სხვა პარტიებს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს” და აქციას სახელად “სირცხვილია” არ შეერთებია. მსგავსად, “ქართული მარში”, მმკ და ვასაძე თვლიან რომ ეხლა ამის გაპროტესტების დრო არ არის და აღნიშნეს, რომ ეს პროცესები წინასწარ დადგმულია. შესაბამისად გამოიკვეთა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” და დანარჩენი “ნაციონალისტ ექსტრემისტებად” წოდებული ჯგუფები ძირითად საკითხებს იზიარებენ და თითქმის ერთ პოლუსზე დგანან. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფები გამოირჩევიან ნეგატიური დღის წესრიგით, რომლებიც რეალურად მხოლოდ დაპირისპირების რეჟიმში ჩნდებიან ფართო საზოგადოებრივ არეალში.

რაც შეეხება ანტისაოკუპაციო მოძრაობას, “ძალა ერთობაშია” პირველივე დღიდანვე შეუერთდა აქციას სახელად “სირცხვილია” და აქციის პათოსი მთლიანად გაიზიარეს “ევროპულმა საქართველომ”, “რესპუბლიკელებმა” და სხვა პოლიტიკურმა, თუ დამოუკიდებელმა ჯგუფებმა. განსხვავებით ზემოთ ხსენებული ჯგუფებისა, პარლამენტის წინ მდგომი ახალგაზრდების ჯგუფის ნაწილს აქვთ იმის პოტენციალი, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გაატარონ. თუმცა, ამჯერად ეს მუხტიც, რის გარშემოც ისინი გაერთიანდნენ რეაქციული ხასიათისაა, მოუმწიფებელია და ძირითადად წინააღმდეგობრიობაზეა აგებული. პოზიტიური დისკურსის გასატარებლად, საპროტესტო აქციების მიღმა მეტი მუშაობა და ძალისხმევის გაწევა მოუწევს ამ ჯგუფს იმისათვის, რომ მუხტი არ დააგდონ და ქუჩის აქციები რეალურ პოლიტიკად გარდაქმნან.

ჯამში იკვეთება ორი ტიპის “ნაციონალიზმი” სხვადასხვა მესიჯებითა და პოლიტიკური ლექსიკონით, რომელსაც ისევ “ნათლებისა და ბნელების” დიქოტომიამდე დაყავს საკითხი, რაც თავისთავად არასწორია. ამ ჯგუფებს შორის პატრიოტიზმის სხვადასხვა განმარტება არსებობს და თითოეული მათგანის კონცეფცია განსხვავებულ ღირებულებებს მოიცავს.

პირველი, ეს არა ე.წ. “ექსტრემისტი ნაციონალისტები”, არამედ  ჰომოფობიურ-ქსენოფიბიური ჯგუფები, რომლებიც რელიგიას, ტრადიციებს, ოჯახის სიწმინდეს ფარად იყენებენ კონსერვატიულ საზოგადოებასთან სასაუბროდ. მეორე ჯგუფი აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც სახელმწიფოს სუვერენულობა და თავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ტრადიციები. ამ ჯგუფების მისწრაფებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკური პრეფერენციების თვალსაზრისით, რაც მათ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფებაში გამოიხატება. თუმცა საგულისხმოა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მეორე ჯგუფთან უფრო ანტირუსული და ანტისაოკუპაციო მიზნები აერთიანებს, ვიდრე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრციისკენ მისწრაფება. ერთი ჯგუფი წარმატებით პოულობს ენას იმ მოქალაქეებთან, რომელთათვისაც სტაბილურობა და ტრადიციებია ამოსავალი; ხოლო მეორე ჯგუფი მისაღებია ე.წ. პროგრესისტებისთვის, რომელთათვისაც ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული ინტეგრაცია არის ამოსავალი წერტილი.

ფაქტია, რომ ორივე ტიპის ჯგუფი ახერხებს გარკვეულ დონეზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მაგრამ მათი სამიზნე აუდიტორია ასაკობრივად სხვადასხვაა. ერთ ჯგუფს აქვს სერიოზული პრობლემა ახალგაზრდებთან კომუნიკაციის, ხოლო მეორე ჯგუფს სჭირდება სწორი სასაუბრო ენის გამონახვა ასაკოვან ხალხთან.


სალომე კანდელაკი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.

Related Posts