საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა ყოველწლიურ კონფერენციას – “პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” GEODEM2019

მზარდი პოპულიზმი და პოლიტიკური პარტიებისა და მედიის პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე არსებული ორი ყველაზე პრობლემური საკითხია. აქტუალურობის მიუხედავად, შეიმჩნევა ამ საკითხის ირგვლივ საკმარისი ცოდნისა და აკადემიური დისკუსიების ნაკლებობა.

2019 წლის 3 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, გამართა რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია “პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” #GEOMED2019. კონფერენცია სამი სესიისგან შედგებოდა და პასუხობდა შემდეგ კითხვებს:  1) როგორ შეიძლება დადებითი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ქართულ პარტიულ პოლიტიკაში? როგორ უნდა შეიქმნას და შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ? 2) როგორ შეიძლება მედიაპოლარიზაციის პლურალიზმად გარდაქმნა? 3) როგორ ვუპასუხოთ რადიკალური პოპულიზმის გამოწვევებს და როგორ თავსდება საქართველოში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო კონტექსტში?

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირქტორი  #GEODEM2019
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით აფრასიძემ კონფერენცია საქართველოში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციაზე ხაზგასმით გახსნეს. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ რეფორმებს დრო სჭირდება. “რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სისწრაფეზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო დადებით ტრაექტორიაზეა. თუმცა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებით და 2020 წლის არჩევნები  იქნება გამოცდა”, აღნიშნა ჰარცელმა. მისივე თქმით, დემოკრატია მხოლოდ არჩევნები არ არის, თუმცა არჩევნები მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც დემოკრატიის ტრაექტორია იცვლება. ჰარცელმა ასევე ისაუბრა მედიის პოლარიზაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაცია მომავალ თვეში გეგმავს წამყვან მედიაპლატფორმებთან შეხვედრას ჟურნალისტურ ეთიკასა და მედიის, როგორც საზოგადოებისთვის ჟურნალისტიკური გამოძიებისა და ანალიზის მიმწოდებლის როლზე სასაუბროდ.

პირველი სესია #GEODEM2019
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

პირველ სესიაში მონაწილეობდნენ დოქტ. ალესანდრო ნაი (ამსტერდამის უნივერსიტეტი), არჩილ თალაკვაძე (პარტია „ქართული ოცნება“), გიორგი ბარამიძე (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სესიას უძღვებოდა ლორა თორნტონი – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. სესიის მონაწილეები ძირითადად განიხილავდნენ პოლიტიკური პარტიების მიერ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესებზე პოლიტიკური პარტიების უარყოფითი დისკურსის გავლენებს.

ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას და მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები კვალიფიციურები არიან.

დოქტ. ალესანდრო ნაიმ ისაუბრა, უარყოფითი გადმოცემის სხვადასხვა ფორმებსა და მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ნეგატიური დისკურსის გავლენაზე.

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა ქართული ოცნების მმართველი პარტიის პოზიტიურ დღის წესრიგს – ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და საქართველოს ნატოსთან და აშშ-სთან გაღრმავებულ პარტნიორობას. მან ქართული ოცნების სამი პრიორიტეტულ ციკლზე ისაუბრა: ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე 2012 წელს; ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე; დაბოლოს, განათლებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მიმდინარე რეფორმებზე.

გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა  ერთმანეთის მოსმენის მნიშვნელობას, იმის მიუხედავად თუ რამდენად პოლარიზებული შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკური სისტემა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შეიძლება ჩაერთოს პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავების შესახებ დისკუსიაში, მისი პრაქტიკაში დანერგვა მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა.

ხათუნა სამნიძემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღრმად ფესვგამჯდარ მცდარ წარმოდგენებზე, რომელიც კომუნისტური მენტალიტეტიდან მომდინარეობს. მაგალითად, ადამიანები პოლიტიკურ პარტიებში წევრიანდებიან დასაქმების მოლოდინის გამო და არა იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. მან ასევე აღნიშნა, რომ დამსაქმებლები, პროფესიონალიზმის მიუხედავად, სამსახურში არ იყვანენ ადამიანებს მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო. ხათუნა სამნიძემ ასევე ისაუბრა პოლიტიკურ სივრციდან ქალების გამორიცხვასა და მათ დისკრედიტაციაზე.

პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილმა გაანალიზა პოლარიზაციის საფუძვლები და მისი შედეგები და აღნიშნა, რომ 2012 წელს, პოლარიზაცია გამოყენებული იყო, როგორც ინსტრუმენტი – ტაქტიკური ნაბიჯი მთავრობის შესაცვლელად, რაც წარმატებული აღმოჩნდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ კლასსა და აკადემიას შორის არსებულ ნაპრალზე, რომელიც მისი აზრით პრობლემურია, რადგან პოლიტიკის კეთება კვლევისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. პოლარიზაციის შესამცირებლად, პროფესორი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ცხოვრებაში პლურალიზმის აღდგენის მნიშვნელობაზე.

მეორე სესია #GEODEM2019
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მეორე სესიაში მონაწილეობდნენ დოქტ. მარინა ვაშაყმაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზია), ლაშა ქავთარაძე (ჟურნალისტი, Media Checker), ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), დოქტ. ფერნანდო კასალ ბერტოა (ნოტინგემის უნივერსიტეტი) და ნინო რობაქიძე (IREX SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი). სესიას უძღვებოდა BBC News-ის კორესპონდენტი რაიჰან დემიტრი.

სესია გაიხსნა დოქტ. ფერნანდო კასალ ბერტოას პრეზენტაციით, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნებში პოლარიზაციის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა. პროფესორმა ბერტოამ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში,  პოლარიზაციის დონე გაზრდილია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაცია დემოკრატიის გაქრობას პირდაპირ არ იწვევს, მას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს დემოკრატიის ხარისხზე. საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით, პროფესორმა ბერტოამ პოლარიზაციის მაგალითად  ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა. პოლარიზაციის პრობლემასთან გასამკლავებლად, მან ისაუბრა გაზრდილი ინსტიტუციონალიზაციისა და პარტიული პოლიტიკის დეპერსონალიზაციის მნიშვნელობაზე.

ლაშა ქავთარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მედიაპოლარიზაციის სხვადასხვა მიზეზებზე და საკითხი ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილა. მისი თქმით, თუკი 2012 წლის შემდგომ ახლანდელი მთავრობა უშვებდა მედიის პლურალიზმის არსებობას, 2014 წლისთვის ის უკვე ცდილობდა მედიის გაკონტროლებას. ქავთარაძის თქმით, დღეს ქართული მედია ორ ბანაკადაა გაყოფილი. მან ასევე აღნიშნა, რომ მცირე და რეგიონული მედიაპლატფორმები ხშირად განსხვავებული მოპყრობის ობიექტები არიან, რაც უფრო მეტად უშლის ხელს მედიის პლურალიზმის მიღწევას. ქავთარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნამდვილი რეფორმა – რაც სრულად გაათავისუფლებდა მას მთავრობის კონტროლისგან – შესაძლებელს გახდიდა პოლარიზაციის ნეგატიური გავლენის თავიდან აცილებას.

დოქტ. მარინა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების მნიშვნელობას და საქართველოში დამოუკიდებელი მედიაპლატფორმების შექმნის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან პოლარიზაციის პრობლემა დაახასიათა, როგორც ციკლური ფენომენი: მედია ხშირად ექცევა საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ და ის ამ გამოწვევას საზოგადოებისთვის მისაღები და მოსალოდნელი პროდუქტის შეთავაზებით პასუხობს. თუმცა, მისი თქმით, მედიას უნდა ჰქონდეს მეთვალყურის და მონიტორის ფუნქცია.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაციის პრობლემა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება და მისი საფუძველი “ნახევრად მართალი და კონსესუსის არმქონე ფაქტების” გაშუქებაა. მისი თქმით, სუსტი ინსტიტუტები, მთავრობასა და ოპოზიციასა და სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის ნაკლებობასთან ერთად, კიდევ მეტად ართულებს ამ პრობლემას.

ნინო რობაქიძემ ისაუბრა, პოლარიზაციის მიზეზებზე და აღნიშნა,  მედიაპლატფორმებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კავშირების არსებობა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიის, როგორც საჯარო ფორუმის ფუნქციაზე, რომელმაც საზოგადოების ყველა წარმომადგენლისათვის დისკუსიის სივრცე უნდა შექმნას.

მესამე სესია #GEODEM2019
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მესამე სესიაში მონაწილეობდნენ დოქტ. დავით სიჭინავა (CRRC საქართველო), ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), გრიგოლ გეგელია (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი), ეკა ჭითანავა (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) და ზაზა ფირალიშვილი (ფილოსოფოსი). სესიას უძღვებოდა ფელიქს ჰეტი – ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი.

დოქტ. დავით სიჭინავამ პოპულიზმის რამდენიმე მახასიათებელი დაასახელა, მათ შორის ეკონომიკური სიდუხჭირე, მორალური დაპირისპირება და კორუფციული ელიტები. მან ყურადღება გაამახვილა პოპულიზმის საფუძვლებზე, განსაკუთრებით ნაციონალისტურ მიდგომებზე, ისეთზე, როგორიცაა ქართული რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ყურადღებას ლგბტ საკითხებზე, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და ანტიმუსლიმურ/თურქულ სენტიმენტებზე ამახვილებენ.

დოქტ. ლაშა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რადიკალი ულტრამემარჯვენე ჯგუფები ხაზს უსვამენ რელიგიურ სენტიმენტებს, რაც არ ახასიათებთ მემარცხენე ჯგუფებს, რომლებიც უფრო ინკლუზიურ მიდგომას იყენებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ პოპულისტური დისკურსის კუთხით, საქართველო უნიკალური არაა. ბაქრაძემ მსოფლიოს ამჟამინდელ მდგომარეობას “პოსტ-დემოკრატიული ერა” უწოდა.

გრიგოლ გეგელიამ პოპულიზმის ნებისმიერი განმარტების შემადგენელ ნაწილად “ხალხი ელიტის წინააღმდეგ” ფენომენი დაასახელა. მან ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც  ხშირად პოპულისტის იარლიყის მიწებებასა და პოპულიზმის არსებითად უარყოფით ფენომენად დანახვას მოსდევს. გეგელიამ ასევე განასხვავა ერთმანეთისგან ექსკლუზიური (გამრიყავი) და ინკლუზიური პოპულიზმი. ექსკლუზიური პოპულიზმი მემარჯვენე პოპულიზმსა და ხალხის გარიყვას გულისხმობს, მაშინ როდესაც ინკლუზიური პოპულიზმი ჩართულობის/მიღების იდეაზე დგას. მისი თქმით, პოპულიზმი საქართველოში არსებობს იმიტომ, რომ “პოლიტიკური ელიტები საქართველოში ხალხს არ ესაუბრებიან”. გეგელიამ მიმოიხილა სხვადასხვა პოპულისტური ჯგუფები და პირები საქართველოში, რომლებიც პოპულიზმის სხვადასხვა კატეგორიაში ხვდებიან, მაგალითად ისტაბლიშმენტის პოპულისტები, ნაციონალისტები და ნეო-ნაცისტები. მან ასევე ისაუბრა, პოპულისტის იარლიყის გამოყენების საფრთხეებზე საზოგადოების ლეგიტიმური წუხილების დელეგიტიმაციის კუთხით.

ეკა ჭითანავამ მიმოიხილა ულტრანაციონალისტი აქტორები და მოძრაობები საქართველოში და ისაუბრა ამ ჯგუფების მიერ გამოყენებულ დისკურსებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოში პოპულისტური ჯგუფების საერთო ანტილიბერალურ იდენტობაზე და ხაზი გაუსვა, ამ ჯგუფების პრორუსულობასთან თუ ანტიდასავლურობასთან დაკავშირებით არსებული კითხვები. ჭითანავას თქმით, ულტრანაციონალისტები ხშირად იყენებენ ისტორიულ პირებს საკუთარი ნაციონალისტური და ქსენოფობიური დისკურსის გასამართლებლად.

ზაზა ფირალიშვილმა  საქართველოში პოპულიზმის გამოწვევაზე ისაუბრა. მან გაიხსენა საქართველოს უახლესი ისტორია, როდესაც ნაციონალისტური დისკურსი, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებული, ასევე დომინირებდა პოლიტიკურ სფეროში. მისი თქმით, თანამშრომლობისა და დიალოგის არარსებობა – და სიმართლისა და საზრისის მონოპოლიზების მცდელობა – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული პოპულისტური გამოწვევის საფუძველია.

#GEODEM2019
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

სასარგებლო ბმულები

პოლიტიკის დოკუმენტების კრებული – აპრილი 2019

კონფერენციის განრიგი

მომხსენებლების შესახებ


მედია კონფერენციის შესახებ


ფოტოები კონფერენციიდან

Related Posts