საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

თინათინ ვახანია
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველო მიისწრაფვის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებისაკენ.ამის ერთ-ერთი მაგალითია 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და მასში გათვალისწინებული ენერგეტიკული დირექტივებისა თუ რეგულაციების განხორციელებაზე მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც  ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას ემსახურებოდა. 2016 წლის 14 ოქტომბერს კი საქართველომ ხელი მოაწერა “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმს.

news_7638ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გასაწევრიანებლად საქართველომ დიდი გზა განვლო. 2006 წლიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მხოლოდ 2016 წლის 14 ოქტომბერს მოხდა “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის ხელმოწერა. დროის ამ მონაკვეთში გამოიკვეთა ისეთი პერიოდები, როდესაც განსაკუთრებულად აქტიურ ფაზაში შედიოდა მოლაპარაკებები და, პირიქით, იყო პერიოდები, როცა სრულიად წყდებოდა ამ თემის განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველოს ენერგოუსაფთხოებისათვის.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს, რათა შექმნან ინტეგრირებული, პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზარი. ორგანიზაცია დაარსდა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით, რომელსაც 2005 წელს ათენში მოეწერა ხელი, ხოლო ძალაში შევიდა 2006 წლის ივლისიდან.[i] შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება განიხილება როგორც ევროპის სამეზობლოში ერთიანი, გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრისა და სტაბილური საინვესტიციო გარემოს დამკვიდრების ინსტრუმენტი.

საქართველოს მხრიდან ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ქართულ რეალობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების განხორციელება, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია ჩადებული. „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის ხელმოწერის შემდეგ კი განისაზღვრა ვადები დირექტივებისა და რეგულაციების შესრულებისათვის, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი ოქმში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დირექტივისა და რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა და დანერგვა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არსებული ენერგეტიკული სისტემიდან გამომდინარე. მაგალითად, 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/92/EC დირექტივა, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებლისათვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ენერგიაზე ფასების ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ერთიანი ევროპული პროცედურის შექმნის გზით. 2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009/72/EC დირექტივა „ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების შესახებ საერთო წესების შემოღებას. 2009/73/EC დირექტივა, რომელიც ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და დამარაგების სისტემებისთვის  ერთიან წესებს აყალიბებს.  რეგულაცია 715/2009, რომლის მიზანიც მესამე მხარის გაზსადენზე დაშვებაა ისე, რომ არ მოხდეს მისი შეფერხება.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ ის საკვანძო საკითხები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების გზაზე წლების განმავლობაში შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრებოდა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე კი აუცილებელი გახდა, ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან, სპეციფიკური მიდგომის შემუშავება და გარკვეული დეროგაციების დაშვება,[ii] რომლებიც “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმშია ასახული.

არსებობდა საფრთხე იმისა, რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან სატრანტიზო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოფციური და დამატებითი გაზი ვეღარ მიეღო, რაც საქართველოს ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ქვეყნისათვის სატრანზიტო ფუნქციების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოლაპარაკებების შედეგად „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველო გათავისუფლებულია ხელშეკრულების გამოყენებისაგან ბუნებრივი გაზის საზღვართშორისი ტრანსპორტირების (ტრანზიტის) სამართლებრივი და/ან მარეგულირებელი რეჟიმის და/ან ვადებსა და პირობებთან მიმართ, რაც ცხადყოფს იმას, რომ რეალურად ეს საფრთხე აღარ არსებობს.

პრობლემური იყო ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების განცალკევების საკითხი ელექტროენერგიისა და გაზის სექტორებში, იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობას ენერგოკომპანიებთან  გრძელვადიანი მემორანდუმები აქვს გაფორმებული, რაც გაერთიანების პრინციპებისათვის მიუღებელია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანია და, თავის მხრივ, იგი ქვეყნისათვის სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, რომ მასთან არ მოხდეს ურთიერთოებების დაძაბვა. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის აზერბაიჯანთან სტაბილური ურთიერთობების წარმოება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხიც. სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახდა ყველასათვის მისაღები მიდგომის შემუშავება, რაც  უპირველეს ყოვლისა, გაერთიანების მხრიდან ვადებთან  დაკავშირებით დეროგაციების მიღებას გულისხმობდა. 14 ოქტომბერს ხელმოწერილ ოქმში დირექტივისათვის, 2009/73/EC ბუნებრივი აირის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, და რეგულაციისთვის, 715/2009 ბუნებრივი აირის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ,  შესრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრია. ეს კი, იმის მაჩვენებელია, რომ გასატარებელი რეფორმები შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის როგორც მოსახლეობისათვის, ისე კომპანიებისათვის, რაც ხსენებული პრობლემის სიმწვავეს ამცირებს.

საქართველო ბუნებრივი აირის სექტორში მომწოდებლების სიმცირით გამოირჩევა და შეიძლება დახასიათდეს როგორც იზოლირებული ბაზარი“, რაც გულისხმობს ერთი ან რამდენიმე მომწოდებლის არსებობას. საქართველოს შემთხვევაში აზერბაიჯანი განიხილება მონოპოლისტ მომწოდებლად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანების პრინციპს მომწოდებელთა დივერსიფიცირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ყოველწლიურად შაჰ დენიზის საბადოდან დაახლოებით 800 მლნ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს და ასევე, იგეგმება სხვადასხვა პროექტი, რომლითაც საქართველო გაზის დივერსიფიკაციას მოახდენს, ამ ეტაპზე რეალობა არის ის, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის 90%-ს  ღებულობს. დივერსიფიცირების პოლიტიკის მიხედვით კი, რუსეთი მოიაზრება ერთ-ერთ ალტერნატიულ მომწოდებელად. მოგეხსენებათ, რომ რუსეთს სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული აქვს საქართველოს დაახლოებით 20% და მათგან ბუნებრივი აირის იმპორტი პოლიტიკურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ოქმის დანართში, აღნიშნულია, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების IV თავის II ნაწილის (კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა) დებულებების ამოქმედებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ საქართველო ამჟამად არის იზოლირებული ბაზარი, რომელსაც არ გააჩნია პირდაპირი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები „ენერგეტიკული გაერთიანების“ რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ქსელთან. რაც იმას გულისხმობს, რომ გაერთიანების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ბუნებრივად იზოლირებული ბაზრის მქონე ქვეყანა, რომლისთვისაც მონოპოლიზმი ბუნებრივი აირის სექტორში არის არა როგორც რეგულირებული საქმიანობა, არამედ როგორც დე-ფაქტო მონოპოლია და დივერსიფიცირებისათვის რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების  გაძლიერებაზე დადებითად აისახება, რადგან ორგანიზაციის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან, ერთმანეთს დაეხმარონ კრიზისულ სიტუაციებში. კერძოდ, გაერთიანების ხელშეკრულება ადგენს ენერგეტიკული გაერთიანების SOS (მიწოდების უსაფრთხოების) მექანიზმს, რომლითაც წევრი ქვეყანა ვალდებულია, სარეზერვო მარაგი შეინახოს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების დროს ერთმანეთს გაუნაწილებენ.

სამწუხაროდ,  ამ პუნქტით საქართველო ვერ ისარგებლებს, რადგან მას არ გააჩნია საერთო საზღვარი თანამეგობრობასთან, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა, ამჟამად და მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაშიც, გაზის ნაკადების მხოლოდ ერთი მიმართულებით გატარებას ითვალისწინებს, რაც გამორიცხავს იმ სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც ერთიანი ქსელითა და ინტერკონექტორით დაკავშირებულ გაერთიანების სხვა წევრებს აქვთ.[iii] თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით,  სათანადო მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია საგანგებო სიტუაციებში სატრანზიტო ნაკადებიდან გარკვეული ნაწილის დატოვება, რასაც ეტაპობრივი, დიპლომატიური და სახელშეკრულებო მომზადება სჭირდება.

რა თქმა უნდა, ის დადებითი შედეგები, როგორებიცაა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, გამჭვირვალე და ლიბერალური ბაზრის ჩამოყალიბება, ხარისხიანი საკანონმდებლო გარემოს დამყარება, ევროპული ტექნიკური რეგლამენტების დანერგვა, გაუმჭვირვალე მემორანდუმების სისტემის ეტაპობრივი გაუქმება, კორუფციის შესაძლელობების აღმოფხვრა და ა.შ, რომლებსაც გაწევრიანების შემდეგ საქართველო მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ ყველა დებულების უპირობო შესრულება  არც თუ ისე გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. სწორედ ამიტომ, რაციონალურობიდან გამომდინარე,  შემუშავებულ იქნა დეროგაციები, რომლებიც გათვალისწინებულია “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ”  ოქმში.

დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ კვლევითი დოკუმენტი.

[i] Energy Community, What we do, ხელმისაწვდომია: https://www.energy-community.org/portal/page/portal/ENC_HOME/ENERGY_COMMUNITY/What_we_do ნანახია: 09.11.2016

[ii] ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გარკვეული გამონაკლისების დაშვება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

[iii]მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში, 2015, გვ. 18

Related Posts