„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები“ – GIP-ის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

დოკუმენტი პარლამენტის წევრებს, დარგის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა და დოკუმენტის თანაავტორმა, ელენე ფანჩულიძემ წარუდგინა. მისი თქმით, პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ევროპული და ქართული პერსპექტივების დაახლოება. პოლიტიკის დოკუმენტი გამოჰყოფს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, განიხილავს არაწევრი სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციის საუკეთესო გამოცდილებას და აღწერს პრობლემის გადაჭრის ორივე მხარისთვის მისაღებ გზებს. „მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი აქცენტს საქართველოზე აკეთებს, კვლევის მიგნებები შესაძლოა მიესადაგოს, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, ისე ევროკავშირის სამეზობლოს სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც ახლო მომავალში ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა არ აქვთ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტაციის პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო ალტერნატიული თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატები, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გარდა დღესდღეობით გააჩნია. ასევე, სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც დოკუმენტის თანახმად, როგორც მოკლევადიან ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია საქართველოსთვის მომგებიანი იყოს.

დოკუმენტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ბიძინა ლებანიძე და ელენე ფანჩულიძე.


ფოტოები: 

 

Related Posts