საჯარო დისკუსია „საქართველო ევროპულ დისკურსში: ტენდენციები და გამოწვევები“

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დამოუკიდებულია მისი ევროპელი პარტნიორების პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე, ისევე, როგორც საქართველოს მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებზე. საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის და ნატოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს დეტალური შესწავლა მნიშვნელოვანი და ღირებულია. 2017 წლის 10 აპრილს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერითა და კონრად ადენაუერის ფონდთან პარტნიორობით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას, სახელწოდებით „საქართველო ევროპულ დისკურსში: ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს.

მოწვეულმა მომხსენებლებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებსა და მათ შესაძლო გავლენაზე საქართველოზე. მოწვეული მომხსენებლები იყვნენ: დევიდ კადიე, ასოცირებული მკვლევარი, LSE IDEAS, ლონდონის ეკონომიკის სკოლა; თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარე; რეჟის ჟანტე, თბილისში დაფუძნებული ფრანგი ჟურნალისტი; და მამუკა კუდავა, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი. 

დავიდ კადიემ ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნების პრიორიტეტებს და მათ მნიშვნელობას ევროკავშირის პოლიტიკების ფორმირებაში, წარმოებასა და მათ შედეგებზე, რამდენადაც, როგორც მან აღნიშნა სწორედ “წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს, ხოლო მათ ევროკომისია ახორციელებს“. ასევე, კადიემ განაცხადა, რომ რამდენადაც საფრანგეთი არის ევროკავშირის წამყვანი სამხედრო და დიპლომატიური ძალა, შესაბამისად, ამ ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმართვაში დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, საფრანგეთს სურს, რომ ნატო უფრო მეტად მოქნილი იყოს და რუსეთის დასავლეთ ფლანგზე მყოფი ბლოკი, თავდაცვით მდგომარეობაში არ ჩაიკეტოს. სწორედ ეს პრიორიტეტი განაწყობს საფრანგეთს სკეპტიკურად ნატოს გაფართოებასა და იმ ინიციატივების მიმართ, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვითი ძალების გაძლიერებას შეეხება.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა. უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობის ნაკლებ რეალისტური პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ მაშინ შეეძლება ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მიღწევა,თუკი ევროკავშირიც სანაცვლოდ, ამისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. 

რეჟის ჟანტემ ისაუბრა საფრანგეთის პერსპექტივაზე საქართველოსთან მიმართებაში. მან  უკმაყოფილებით აღნიშნა, რომ საფრანგეთს ჯერ კიდევ არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რადგან მას რუსეთთან მიმართებაშიც არ აქვს მსგავსი ტიპის პოლიტიკა. მისი აზრით, აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ერთიანი პოლიტიკის არარსებობას, შესაძლოა, საზიანო შედეგები მოჰყვეს, რისი ერთერთი მაგალითიც უკრაინის კრიზია. 

მამუკა კუდავამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მომზადებამდე,  საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი შიდა დონეზე. მისი განცხადებით საქართველო უნდა „მოიქცეს როგორც კარგი მოსწავლე“ და ბეჯითად და გულმოდგინედ გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. კუდავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა დაელოდოს საფრანგეთსა და გერმანიაში მოახლოებულ არჩევნებს, სანამ ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციაზე გააკეთებს საჯარო განცხადებებს.


პირდაპირი ტრანსლაცია ღონისძიებიდან: 

 

ფოტოები ღონისძიებიდან: 


Related Posts