სივრცე დისკუსიისთვის თბილისში: COVID-19 ის გავლენა სხვადასხვა სექტორზე

რიგით მეოთხე სივრცე დისკუსიისთვის, 11 მაისს თბილისში გაიმართა. სხვადასხვა სექტორზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგები, მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეებისთვის, შეაფასეს დისკუსიაში მოწვეულმა სტუმრებმა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან:

  • ლევან დარსალია, ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენელი
  • ქეთი გოგინაშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
  • გვანცა ხიზანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
  • რევაზ აფხაზავა, განათლების საკითხების მკვლევარი, კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ხელმძღვანელი. 

 

ეკონომიკის სამინისტროსთვის მთავარი ამოცანა პოსტ კრიზისის პერიოდში ახალი ინვესტიციების მოზიდვა იქნება. ამასობაში, ინვესტორების მენტალიტეტიც შეიცვალა და ახლა ისინი ისეთ ტურისტულ ზონებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაცულია და ეფექტურად უმკლავდებიან COVID-19-ის გამოწვევას. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად ახალი პაკეტების შემქნაზე მუშაობს, რომ ქყვეყანა კონკურენტული გახდეს  საერთაშორისო ბაზარზე. პარალელურად, სახელმწიფო ცდილობს, მოახდინოს ფულადი რესურსის მობილიზება მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურად ამუშავებისთვის; ამისათვის უკვე მოიხსნა საშემოსავლო და ქონების გადასახადი ასეთი ტიპის ბიზნესებისთვის. დაგეგმილია, სესხის სუბსიდირების პროცენტის გაზრდაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

„პანდემიამ დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას. პირბადეებისა და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოებით, მაქსიმალურად დიდხანს შევძელით ეპიდემიის პრევენცია ქვეყანაში. სოფლის მეურნეობის სფეროშიც გამოიკვეთა, რომ როცა არ ხარ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, უკეთესად შეგიძლია თავი გაართვა არამარტო ამ ვირუსს, არამედ ყველა შოკს, რაც კი შეიძლება ეკონომიკამ მიიღოს… ახლა შეგვიძლია საექსპორტოდაც გავიტანოთ სხვადსხვა ადგილობრივი  პროდუქცია“, – თქვა ლევან დარსალიამ. 

„გამოწვევებმა ასევე გვაჩვენა, რა გვჭირდება, რომ ასეთ პანდემიებთან ბრძოლა შევძლოთ.  ინვესტიციის დიდი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს განმტკიცებას მოხმარდება, თუმცა კერძო სექტორის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქეთი გოგინაშვილიმა. 

ჯანდაცვის სექტორის პერსპექტივიდან, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გამოწვევას საქართველომ თავი კარგად გაართვა, სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კორდინირებული მუშაობა იყო. აქ რამდენიმე ეტაპი შეგვიძლია გამოვყოთ: საზღვრების ჩაკეტვა, ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების საკარანტინე ზონებში განთავსება,  პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება სტაციონარებში პაციენტების  ნაკადის  შესამცირებლად და საავადმყოფოების ორ ნაწილად დაყოფა: ე.წ. ცხელების ცენტრებად, სადაც ხდება პაციენტების პირველადი დიაგნოსტირება და კოვიდ-კლინიკებად, სადაც კოვიდინფიცირებულთა მკურნალობა ხდება. ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანი იყო სასტუმროებში საკარანტინე ზონების მოწყობაც.

„ძალიან სწრფად მოხდა ყველაფრის ადაპტირება. 6 იანვრიდან 28 იანვრამდე შევეცადეთ მოგვემზადებინა გამოწვევებზე რეაგირების გეგმა. იმაზე უფრო ადრე ვიღებდით ზომებს, ვიდრე ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვკარნახობდა და შეიძლება ერთი-ორი ნაბიჯითაც წინ ვასწარებდით. ამან საშუალება მოგვცა, მოგვემზადებინა ჰოსპიტალური სექტორი, პირველადი ჯანდაცვა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ამ პრობლემების გასამკლავებლად. 4 თებერვალს, უკვე შეგვეძლო შემთხვევების დიაგნოსტირება მოგვეხდინა, რაც ევროპისა თუ აზიის ბევრმა განვითარებულმა ქყვეყანამ ვერ შეძლო“თქვა ქეთევან გოგინაშვილმა.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ თვითიზოლაციაში ყოფნას? – გვანცა ხიზანიშვილმა რამდენიმე რეკომენდაცია გაგვიზიარა:

„მნიშვნელოვანია ღიად ვისაუბროთ ამ თემაზე და იმ პრობლემებზე რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან ასეთ დროს; შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და სიმშივიდე, აქცენტრი პოზიტიურ მესიჯებსა და მათ გავრცელებაზე გადავიტანოთ. ახალგაზრდების აქტიურობა ამხრივ მნიშვნელოვანია. ისინი უნდა გაეცნონ სანდო საინფორმაციო წყაროებს როგორებიცაა გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს ჯანდაცვის სმინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვ. რაც შეეხება პოსტ-კრიზისის პერიოდს, მნიშვნელოვნად წინ წამოიწევს მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“,თქვა გვანცა ხიზანიშვილმა.

სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხისმგებლობებს განათლების სისტემა ყველაზე კარგად წარმოაჩენს, – გვითხრა რევაზ აფხაზავამ. ამ თვალსაზრისით, ახალი კორონავირუსის გავლენამ განათლების სექტორზე  მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა: 

„თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ მოსწავლეთა ნაწილს ჰქონდა განათლებაზე ხელმისწვდომობის პრობლემა, ახლა დავდექით იმ გამოწვევის წინაშე , რომ 600  000 მდე სტუდენტი, მოსწავლე თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი – ყველა აი ამ უფლების რეალიზების გარეშე დარჩა, არათუ ხარისხიანი განათლების გარეშე. ამხრივ მნიშვნელოვანი იყო ძალების კონსოლიდირება. რა გვაჩვენა ამ მდგომარეობამ? – მოხდა პასუხისმგებლობების გადანაცვლება. თუ ადრე მასწავლებლების პასუხისმგებლობა დაკავშირებული იყო სკოლის, დირექტორის თუ განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობასთან, დღეს ამ პასუხისმგებლობის კონცენტრირება  მასწავლებლელზე მოხდა, ანუ მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. „ფორსმაჟორული თავისუფლება“ მიენიჭათ მათ“, თქვა რევაზ აფხაზავამ.  

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ მასწავლებლების  ნაწილმა მოახერხა გაემართა დისტანციური სწავლების სისტემა და შეექმნა ასეთი ტიპის სწავლებაზე მორგებული რესურსები; ხოლო ნაწილს ჰქონდა ამის სურვილი და შესაძლებლობა, თუმცა არ ჰქონდა ტექნიკური საშუალებები; არსებობს მასწავლებელთა ის ნაწილიც, რომელსაც სურვილის მიუხედავად, არ გააჩნიათ უნარები, ამიტომ ისინი ითხოვდნენ ინსტრუქციებს თუ როგორ გამოეყენებინათ შესაბამისი პროგრამები.

„გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რას ნიშნავს მშობლის ჩართულობა სწავლის პროცესში და ის, რომ თანამედროვე განათლების სისტემა წარმოუდგენელია მშობლის, მასწავლებლისა და სკოლის კოლაბორაციისა და ერთ მიზანზე ორიენტირებულობის გარეშე. დაგვანახა ისიც, რომ არ გვაქვს ციფრული სწავლა/სწავლების მართვის გამართული ინფრასტრუქტურა და რომ ამ მიმართულებით სამუშაოა“,აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.

დისკუსიას, რომელიც ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, მოდერაციას უწევდა პროექტის კოორდინატორი გვანცა იჩქითი.

სივრცე დისკუსიისთვის შეხვედრების ახალი სერიაარომელიც საქართველოს პოლიტიკის ნსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესთავაზაროგორც დამატებითი შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ. 

პროექტი ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

Related Posts