ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი შესაძლებლობები და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის პროცესში მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევები

საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა
პროექტის მიგნებები და რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებისთვის

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია, ძალაში 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა და საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე შეთანხმებას წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის სხვა ფორმატებთან – მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან – შედარებით DCFTA-ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ბიზნესის ზომა განაპირობებს იმას, თუ რა სისწრაფით შეუძლია მას სავაჭრო შეთანხმებით სარგებლობა. მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs), რომელიც პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – სამიზნე ჯგუფია, საქართველოში მოქმედი ბიზნესის 90%-ზე მეტს წარმოადგენს, თუმცა მათზე მთლიანი წარმოების მეხუთედზე ნაკლები მოდის და საკმაოდ სუსტი საექსპორტო პოტენციალით ხასიათდებიან. DCFTA-ისგან სარგებლის მისაღებად, მათმა პროდუქციამ, პირველ რიგში, ევროკავშირის ხარისხის სტანდარტები და უსაფრთხოების რეგულაციები უნდა დააკმაყოფილოს. ამის შემდეგ, მათ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლის საუკეთესო გზა უნდა მოიძიონ.

პროექტის მიმდინარეობისას, ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც DCFTA-ით განსაზღვრული შესაძლებლობების გამოყენებას ეხება. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს ინტერესი იმ შესაძლებლობების მიმართ, რომლებსაც სავაჭრო ხელშეკრულება იძლევა და როგორც საკუთარი პროდუქციის ხარისხის, ისე ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვეს. მათ ასევე დაინტერესება გამოხატეს საკუთარი წარმოების რეგიონის ფარგლებს გარეთ – მაგალითად თბილისში, სადაც ფასები მაღალია -გაყიდვასა და პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმეების უმრავლესობას ევროკავშირის ერთიანი ბაზარი არა მოკლე ვადაში მისაღწევ მიზნად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივად ესახებათ.

ამასთან, მონაწილეები, რომლებიც ბიზნესში ჩართულნი არ იყვნენ, ვერ აცნობიერებდნენ DCFTA-ის გავლენას საკუთარ ცხოვრებაზე მანამ, სანამ არ განემარტათ, რომ DCFTA მხოლოდ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას არ ისახავს მიზნად. ზოგადად, იგი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის, მათ შორის პროდუქტის, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, მაგალითად სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების დანერგვას, რაც პროდუქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პირდაპირი და დადებითი გავლენა აქვს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ადგილობრივმა მთავრობებმა და მუნიციპალიტეტებმა რეგიონებში მეტი ინფორმაცია მიიღონ არამხოლოდ DCFTA-იზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის თავდაპირველი მიზანი DCFTA/SME სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრა იყო,საქართველოს რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებით, გაირკვა, რომ ადგილობრივი მთავრობები და მუნიციპალიტეტებიც საჭიროებენ მეტ ინფორმაციას.

წარმოდგენილი კვლევა პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტია. დოკუმენტი მიმოიხილავს განხორციელებულ ღონისძიებებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს, პროექტის იმ შედეგის გაზომვაზე, რაც  ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს DCFTA/SME სტრატეგიის იმპლემენტაციის მიმართულებით. კვლევაში შედარებულია, პროექტში ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების მზადყოფნის დონე ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განსახორციელებლად პროექტის დასაწყისში (2017 წლის აპრილი) და პროექტის დასრულების შემდეგ (2019 წლის ივლისი).

დაბოლოს, კვლევაში წარმოდგენილია პროექტის განმახორციელებლების ძირითადი მიგნებები. ეს და მსგავსი პროექტები დაეხმარნენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს DCFTA-ისთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაოდ საჭირო უნარების განვითარებაში. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო, ევროკავშირში ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და არსებული მხრდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის ზრდას ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. თუმცა, ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან, ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. პროექტის განმახორციელებლები იმედოვნებენ, რომ წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები სასარგებლო იქნება სამომავლოდ აღნიშნულ სფეროში მუშაობის პროცესში.


ნახვა გადმოწერა

წინამდებარე პუბლიკაცია პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – ფარგლებში შეიქმნა, რომელიც 2017 წლის აპრილი-2019 ივლისი პერიოდში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა, ინფორმირებულობის დონის ამაღლებას იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება იძლევა. ამას გარდა, პროექტის მიზანი იყო, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/მცირე და საშუალო საწარმოების (SME) შესახებ მიმდინარე საკომუნიკაციო კამპანიებში; მათი შესაძლებლობების გაძლიერება,მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზადყოფნის ხელშესაწყობად, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის.

პროექტი განხორცილდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან პროექტის პარტნიორები და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის პოზიციას.

Related Posts