ცენტრისტული საფრანგეთის დაბადება? რას ნიშნავს მაკრონი საქართველოსთვის

შოთა გელოვანი*

7 მაისს, ევროინტეგრაციის, თავისუფალი ბაზრისა და ღია საზღვრების მხარდამჭერებმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის გამარჯვება იზეიმეს. 39 წლის დამოუკიდებელ კანდიდატს დაახლოებით 20-მა მილიონმა ფრანგმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამით, საფრანგეთმა უარი თქვა ულტრამემარჯვენე ალტერნატივაზე  – მარინ ლე პენის ეროვნულ ფრონტზე.

 ტალღის დაძლევ 

მარტში გამართულ ნიდერლანდების საერთო არჩევნებზე ჰოლანდიური თავისუფლების პარტიის (PVV) მიერ 150 საპარლამენტო მანდატიდან მხოლოდ 20-ის მოპოვებისა და გამოკითხვების შედეგად ანგელა მერკელის მიერ გერმანიის კანცლერის პოზიციის შენარჩუნების მაღალი ალბათობის ფონზე, მაკრონის გამარჯვება ნიშნავს, რომ ევროპაში ე.წ. პოპულიზმის და ევროსკეპტიციზმის ტალღა (დროებით მაინც) გადაიდო. 

Emmanuel Macron
Photo credit: Gouvernement Français

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდისათვის, აწ უკვე პრეზიდენტმა მაკრონმა გამარჯვების საკმაოდ მაღალი მარჟა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენზე უფრო დიდი სხვაობით მხოლოდ მის მამას, ჟან-მარი ლე პენს აქვს საპრეზიდენტო არჩევნები წაგებული. თუმცა, მაინც შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ათმა მილიონმა ფრანგმა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 16%, ხმა მისცა ულტრამემარჯვენე კანდიდატს, რომელიც საფრანგეთის ევროკავშირის წევრობას ეჭვქვეშ აყენებს და რომელმაც პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ლეგალურ იმიგრაციას საფრანგეთში სრულად შეაჩერებდა. თანაც, ეს ყველაფერი მოხდა ქვეყანაში, რომლის ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი ალჟირელი იმიგრანტების ოჯახშია დაბადებული.

ევროპისთვის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე უკვე ბევრი დაიწერა. რაც შეეხება საქართველოს, ლე პენის გამარჯვება მასზე უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებდა, რადგანაც: ეროვნული ფრონტის ლიდერი ამართლებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, განთქმულია კრემლთან არაოფიციალური კავშირებითა და ევროინტეგრაციისადმი წინააღმდეგობით. ამდენად, ლე პენის პრეზიდენტობა იქნებოდა კატასტროფა არა მხოლოდ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გადმოსახედიდან, არამედ თავად ევრო-ატლანტიკური სივრცისთვისაც. 

საბედნიეროდ, მაკრონმა გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კი, საქართველო კავშირების დასამყარებლად ემზადება  ახალ პრეზიდენტთან, რომელსაც ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ქვედა პალატაში, რომელიც ივნისშია დაგეგმილი. საქართველოს ნამდვილად არ ძალუძს რაიმე გადამწყვეტი ცვლილების შეტანა არსებლ სიტუაციაში, თუმცა, მას შეუძლია და ვალდებულიცაა, დარჩეს ევროინტეგრაციის და დასავლური ორიენტაციის, ისევე, როგორც თავისუფალი ვაჭრობის, ერთგული. ეს როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს გრძელვადიან ინტერესებშია. ჯერჯერობით, ახალმა პრეზიდენტმა სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო საზოგადოება კი, საქართველოს ჩათვლით, დაელოდება მაკრონის პრეზიდენტობის დროს ქვეყნიდან მომდინარე საგარეო პოლიტიკურ სიგნალებს. 

ამასობაში, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საფრანგეთის ახალ მთავრობასთან საერთო ენის გამონახვაზე, განსაკუთრებით კი ისეთ სასიცოცხლო საკითხებზე, როგორიცაა: ევროპის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა და ევროკავშირის წევრობის პოტენციური დიალოგი. ამ მხრივ, მაკრონის პრო-ევროპული პოზიცია იმედისმომცემია. თუმცა, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა  ცხადყო, პრო-ევროპულობის მოცემულობად მიჩნევა შეცდომაა, დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებშიც კი. 

 

ახალი კაბინეტი 

დღეისთვის, მაკრონის უმთავრესი თავსატკივარია, თუ როგორ დაძლევს მისი კაბინეტი, პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის მეთაურობით, პარტიათაშორის შუღლს. ახლადდაკომპლექტებული კაბინეტი ეკლექტურია და აერთიანებს ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის სამ მინისტრს იმ პარტიიდან (რესპუბლიკური პარტია), რომელიც პრეზიდენტ მაკრონის გამარჯვებაში საკუთარ წვლილს უსვამს ხაზს და ასევე, ნიკოლა იულოს, ეკოლოგს და ბირთვული ენერგიის მკაცრ კრიტიკოსს, რომელმაც ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პრესტიჟული პორტფელის მიღებისას დაადასტურა თავისი მტკიცე პოზიცია გარემოსდაცვით საკითხებზე: „ჩვენ გონებათა ბრძოლას ვუდგავართ სათავეში … გარემო ადამიანის ღირსების ქვაკუთხედია.“ 

საფრანგეთში ფრაგმენტირებული მთავრობის არსებობა არასასურველი, მაგრამ, ამ დროისთვის, რეალისტური სცენარია. პოლიტიკურ სპექტრზე სრულიად სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი მინისტრების შერჩევით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ახლადაღმოცენებული პოლიტიკური ფუნდამენტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის პროფკავშირებთან მის მომავალ დაპირისპირებაში მაკრონს არ შეეძლება მისი მთავრობის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ის დაპირისპირებაა, რომელმაც საფრანგეთის წინა პრეზიდენტის – ფრანსუა ოლანდის – მმართველობას დაღი დაასვა. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონის ამომრჩევლებისთვის გასაგებია, რომ მას მაღალ პოლიტიკურ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება ნაკლებად აქვს, ისინი მაინც ელიან მისგან ეფექტური გუნდის შექმნას, რომელსაც აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების გატარება შეეძლება. სავარადოა, რომ დროთა განმავლობაში, ამომრჩევლების მხრიდან ამგვარი ზეწოლა არათუ შემცირდება, არამედ,  გაიზრდება კიდეც. 

მეორე მხრივ, მაკრონის გადაწყვეტილებას –  შექმნას მრავალფეროვანი მთავრობა, შესაძლოა ჰქონდეს რაციონალური საფუძველი: ის კვლავაც გაურკვევლობაშია. იმ ადამიანთა უმეტესობას, ვისაც მაკრონი ენდობა და ვინც მას კამპანიის ორგანიზებაში დაეხმარა, არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ცივი გონებით ფიქრის და ტექნოკრატიული მიდგომის არსებობაა საჭირო – იმისათვის, რომ როგორც მემარცხენეების, ასევე მემარჯვენეების მხრიდან მომავალი ბარიერები დაიძლიოს და ეკონომიკური რეფორმებიც წარმატებით განხორციელდეს – მათზე ფსონის გაკეთება არ შეიძლება. შესაბამისად, ნახევრად ცენტრისტული მთავრობის დაკომპლექტებით, შესაძლოა, მაკრონი იტოვებდეს კაბინეტის გადაკომპლექტებისთვის აუცილებელ სივრცეს, რათა უკვე მეორე, „ნამდვილი“ კაბინეტი გამოცდილი, პროფესიონალი მინისტრებით დააკომპლექტოს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა კაბინეტის პერიოდული გადაკომპლექტების საშუალებას იძლევა, ფრიად სამწუხარო იქნება, თუკი მაკრონი მისი მთავრობის შიდა დაპირისპირებებს შეეწირება. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, მას პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, ვითარება არც იმ ფრონტზე გამოიყურება სახარბიელოდ.    

  

ტრიპოლარული პარლამენტი? 

თუკი მაკრონის პარტია – “რესპუბლიკა წინ!” (REM) საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი და შეკრული უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი ხმების მოპოვებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, მემარცხენე-მემარჯვენე დაყოფამ საფრანგეთის მომავალს ძირი მაინც გამოუთხაროს. სწორედ ასეთ შედეგს, რომ REM მიიღებს ხმების უმეტესობას, პროგნოზირებს უკანასკნელი გამოკითხვები. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭირო, რის მიღწევასაც, სავარაუდოდ, ახლადშექმნილი პარტია მარტო ვერ შეძლებს. თუმცა, თუკი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალისტურ პარტიის მაგალითს გადავხედავთ, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ 9 მანდატი დააკლდათ, დავინახავთ, რომ  ეს გადაუჭრელი პრობლემა არ აღმოჩნდა, რადგან სხვა მემარცხენე პარტიების ყოფნამ პარლამენტში კოალიციის შექმნა შედარებით გაამარტივა.  

ამდენად, შესაძლოა დანამდვილებით ითქვას, რომ მაკრონის პარტია სათავეში ჩაუდგება საპარლამენტო უმრავლესობას, თუმცა, უმრავლესობის დანარჩენი წევრების ვინაობა და პოლიტიკური პლატფორმა კვლავაც უცნობი რჩება. საფრანგეთის პარლამენტში კოალიციის ფორმირების პრაქტიკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება მიღებული – უმრავლესობა ჩამოყალიბდება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების გაერთიანებით (მათი პოლიტიკური პლატფორმის მხედველობაში მიღების გარეშე) და ამ გაერთიანებისთვის მთავარი მოთხოვნა პრო-ევროკავშირული პოზიცია და რეფორმებისადმი ღიაობა იქნება. შესაბამისად, დებატები საფრანგეთის  [მომავალ] ეროვნულ ასამბლეაში ზემოთხსენებულ ორ ელემენტზე იქნება ფოკუსირებული – საპრეზიდენტო უმრავლესობა მაკრონისთვის სასურველი და საფრანგეთის განბლოკვისთვის აუცილებელი რეფორმებისთვის ლეგიტიმაციის მოპოვებას შეეცდება, ხოლო ოპოზიცია (ძირითადად მემარჯვენე რესპუბლიკელებისგან შემდგარი), ასეთ „შოკურ პოლიტიკას“ დაუპირისპირდება. გარდა ამისა, ულტრამემარცხენეებისგან შემდგარი ოპოზიცია დაუპირისპირდება რეფორმებს, რომლებიც შრომის ბაზარისა და უმუშევრობის თემებს უკავშირდება, რაც, ასევე, განსაზღვრავს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ხასიათს. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ასამბლეის ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენე დაყოფა ჩანაცვლდება ცენტრისტი-მემარცხენე-მემარჯვენე დაყოფით.  

იმუშავებს თუ არა ახალი მანქანა უკეთ? რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. თუმცა, ერთი რამ ნათელია – უახლოეს პერსპექტივაში, როგორც ფრანგი ამომრჩეველი, ასევე საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის საქართველო, საფრანგეთის მთავრობიდან შერეული ხასიათის სიგნალებს მიიღებენ. 


* შოთა გელოვანი – პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი, მანჰაიმის უნივერსიტეტი

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

Related Posts