30/05/2018 GIP

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის

Author

ლილი ლეჟავა

ლილი ლეჟავა*

ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე,  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო. მისი განცხადებები რუსეთსა და ვლადიმერ პუტინზე,  არაერთ კითხვას ბადებდა. 2016 წლის მარტის გამოსვლაში, ტრამპმა ირანს „მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის ყველაზე დიდი დამფინანსებელი“ უწოდა და პირობა დადო გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი შეაჩერებდა ირანის „ტერორისტულ ქსელს“ და წინ აღუდგებოდა მის „აგრესიულ ზეწოლას რეგიონში დესტაბილიზაციისა და დომინანტობითსვის“, ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა 2018 წლის 8 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მხრიდან ჩრდ.კორეის და მისი ლიდერის კიმ ჩენ ინის მისამართით გაკეთებული არათანმიმდევრული განცხადებების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრის მომსწრენი გავხდით და ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის პირველი პირების შეხვედრა ვიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომ 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი სამიტი რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ოფიციალურად გააუქმა.

არანაკლებ ხმაურიანი იყო შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულის და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საინტერესოა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გაანალიზება, რადგან დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს სხვა სტრატეგიული დოკუმენტებისა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირებისათვის.

 

რას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია?

ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ ეფუძნება პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად, საჭიროა შემდეგი ოთხი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესის დაცვა:

სვეტი I: ამერიკელი ხალხის, სამშობლოსა და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის უპირველეს მიზნად ამერიკელი ხალხის, სამშობლოსა და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვაა დასახული.

სვეტი საუბრობს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა მიგრაცია და სასაზღვრო კონტროლი, კიბერუსაფრთხოება, ტრანსნაციონალური კრიმინალური და ჯიჰადისტი ტერორისტული ორგანიზაციები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარების კონტექსტში, არაერთხელაა ნახსენები ჩრდ.კორეიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები.

სვეტი II: ამერიკულ კეთილდღეობაზე ზრუნვა 

მეორე სვეტის მთავარ გზავნილს ამერიკის ეკონომიკური სიძლიერის უზრუნველყოფა, თავისუფალ და სამართლიან ეკონომიკურ ურთიერთობებზე დამყარებული თანამშრომლობა წარმოადგენს. აქცენტი კეთდება საშინაო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდაზე, კვლევის და ინოვაციების წახალისებასა და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაზე.

სტრატეგიის მიხედვით, ეკონომიკური სიძლიერე და უსაფრთხოება ამერიკის ძლიერების საფუძველია და შეერთებული შტატები დარღვევებზე,  თუ ეკონომიკურ აგრესიაზე თვალს აღარ დახუჭავს.

მეორე სვეტის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური განაცხადი ამერიკის მიერ ენერგო-დომინანტი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაა. „ამერიკის წამყვანი პოზიცია გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში, როგორც ძირითადი მწარმოებელი, მომხმარებელი და ინოვატორი – უზრუნველყოფს ბაზრების თავისუფლებას და ამასთან, აშშ-ს ინფრასტრუქტურის მედეგობასა და უსაფრთხოებას,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

სვეტი III: ძალის მეშვეობით მშვიდობის შენარჩუნება

სტრატეგიის აღნიშნულ ნაწილში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ისტორიის მუდმივადაა აღქმული და თანამედროვე ეპოქაში შეერთებული შტატებისათვის მთავარ გამოწვევათა სამ ჯგუფს გამოყოფს:

პირველ ჯგუფში ორი რევიზიონისტი სახელმწიფო – რუსეთი და ჩინეთია განხილული.. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქმება.დოკუმენტის შეფასებით, რუსეთი ცდილობს აღიდგინოს დიდი სახელმწიფოს/ძალის (Great Power) სტატუსი და საზღვრების სიახლოვეს საკუთარი გავლენის სფეროები შექმნას; მის მიზანს ამერიკის გავლენის შესუსტება და მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩამოცილება წარმოადგენს; რუსეთის ამბიციებისა და მზარდი სამხედრო ძალის კომბინაცია, კი ევრაზიაში არასტაბილურ გარემოს ქმნის და კონფლიქტების რისკს ზრდის.

ჩინეთიდან მომდინარე საფრთხედ აღიქმება ბირთვული არსენალისა და სამხედრო ძლიერების ზრდა, ასევე აშშ-ის ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონებიდან გაძევების სურვილი, რეგიონში წესრიგის ცვლილებისა და სასურველი ეკონომიკური წესების დამყარების მცდელობა; დოკუმენტის მიხედვით, აშშ ხელს უწყობდა ჩინეთს ომისშემდგომ საერთაშორისო წესრიგში ინტეგრაციასა და ლიბერალური ღირებულებების გაზიარებაში, საპირისპიროდ კი – ჩინეთმა საკუთარი ძალაუფლების სხვათა სუვერენიტეტის ხარჯზე გაზრდა დაიწყო.  

მეორე ჯგუფი ირანსა და ჩრდ.კორეას აერთიანებს, რომელთაგანაც ბალისტიკური რაკეტების გაზრდილი შესაძლებლობებისა და ბირთვული იარაღის ამერიკის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე მომდინარეობს (ირანის შემთხვევაში, დამატებით – ტერორიზმის დაფინანსება და ხელშეწყობა).

გამოწვევათა მესამე ჯგუფი  ყურადღებას  ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით, ჯიჰადისტ ტორორისტულ დაჯგუფებებზე (როგორებიცაა დაეში და ალ-ქაიდა) და მათგან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს.  

„შეკავება დღეს გაცილებით უფრო რთული მისაღწევია, ვიდრე ცივი ომის დროს“ (ეუს, 2017)

სტრატეგიის მიხედვით, ამერიკის ეროვნული სიძლიერე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ელემენტების ინტეგრაციაში მდგომარეობს და მოცემულ კონტექსტში სამხედრო ხარჯების, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზისა და ეროვნული უსაფრთხოების ინოვაციური ბაზის როლის გაზრდას, ბირთვული ინფრასტრუქტურის განახლებას, დაზვერვის, ეკონომიკური და კონკურენტუნარიანი დიპლომატიის როლისა და მოკავშირეთა როლის ზრდას საჭიროებს.

სვეტი IV: ამერიკის გავლენის გაზრდა

მეოთხე სვეტში ორი მთავარი საკითხი იკვეთება: პარტნიორებთან კავშირები და ამერიკის გავლენის ზრდა საერთაშორისო ინსტიტუტებში.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“- საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატებული საზოგადოებების მშენებლობისათვის ამერიკის გავლენის გავრცელება წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ერთობლივი საერთაშორისო ქმედებისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, საერთაშორისო ინსტიტუტებში ამერიკის როლზე, გავლენასა და აქტიურ მონაწილეობაზე. „შეჯიბრებითობა გავლენებისთვის ამ ინსტიტუტების დონეზეც მიმდინარეობს… იმ შემთხვევაში, თუ არსებული ინსტიტუტები და წესები საჭიროებენ მოდერნიზებას, შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს ამ პროცესს,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

რით განსხვავდება ტრამპის სტრატეგია მისი წინამორბედებისგან?

  • ამერიკა უპირველეს ყოვლისა

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება პრინციპს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა (America First)“ – ნიშნავს ინტერნაციონალიზმს და არა – იზოლაციონიზმს. ამასთან, იგი უკუაგდებს ამერიკის ოკეანის გაღმა ინტერესების უარყოფის პოლიტიკას, რომელსაც დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებამდე ხშირად ახსენებდა. დოკუმენტი სწორხაზოვნად და ღიად ავითარებს აზრს, რომ ამერიკა უნდა დარჩეს ოკეანის გაღმა პოლიტიკის ერთგული და გაუმკლავდეს რუსეთთან და ჩინეთთან მეტოქეობას:

„ძლიერი ამერიკა, არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესია, არამედ მათიც, ვისაც სურს იყო ამერიკის პარტნიორი საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მიზნების მისაღწევად…აშშ უპასუხებს გაზრდილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მეტოქეობას…“ (ეუს, 2017)

  • თანაბარ მონაწილეობაზე დაფუძნებული მოკავშირეობა

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკა ნიშნავს ინტერნაციონალიზმს, თუმცა ამასთან, თანამონაწილეობაზე და პასუხისმგებლობის თანაბარ განაწილებაზე დაფუძნებულ მოკავშირეობას – საერთო გამოწვევების საპასუხოდ.

აღნიშნული ჩანაწერი, შესაძლოა, განსაკუთრებით საყურადღებო იყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრთა მხრიდან, რადგან ამერიკა მეტად მომთხოვნი გახდეს იმ ალიანსის წევრთა მიმართ, რომლებიც უკვე წლებია არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას და თავდაცვაზე მშპ-ს სულ მცირე 2%-ს მაინც არ ხარჯავენ. 

  • ფოკუსი ძლიერ სახელმწიფოებზე

თუ ამერიკის წინა ორი პრეზიდენტის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები“ მთავარ გამოწვევად ტერორისტებს ასახელებდა და ფოკუსი ტერორიზმთან გლობალური ომის წარმოება იყო, ახალი სტრატეგია აქცენტს ძლიერ სახელმწიფოებზე (Great Power) და მათ შორის კონკურენციაზე აკეთებს. ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მთავარ გამოწვევებად რუსეთსა და ჩინეთს ასახელებს.

„დიდი სახელმწიფოთა (Great Power) შეჯიბრი დაბრუნდა. ჩინეთმა და რუსეთმა გავლენების აღდგენა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე დაიწყეს… და  საერთაშორისო წესრიგის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლას ცდილობენ.“ (ეუს, 2017)

  • რეალიზმი იდეალიზმის ნაცვლად

ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაციის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“იდეალიზმიდან რეალიზმისკენ შემობრუნების ნათელი მაგალითია და საერთაშორისო პოლიტიკაში ძალას და ძალაუფლებას ანიჭებს მთავარ როლს. ამასთან, მოწინააღმდეგეთა ინტეგრაციამ და ჩართულობამ ვაჭრობასა თუ საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათი მტრული ბუნება ვერ შეცვალა.

„შეჯიბრებითობის პრინციპი აშშ-სგან მოითხოვს გადააფასოს გასული ორი ათწლეულის პოლიტიკა – პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგეებთან ერთად საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ ვაჭრობაში ჩართვა, მათ კეთილგანწყობილ აქტორებად და სანდო პარტნიორებად გადააქცევდა; რაც უმეტესწილად, მცდარი მიდგომა აღმოჩნდა.“(ეუს, 2017) 

  • ამერიკის ძლიერების საფუძველი ეკონომიკაა

ტრამპი ამერიკულ ეკონომიკას აკავშირებს ძალასთან/სიძლიერესთან, რადგან ამერიკის ეკონომიკური ძლიერება არის ამერიკის ძლიერება. ეკონომიკური ძალა იყო ამერიკის ძლიერების, I და II მსოფლიო ომებისა და ცივი ომის პერიოდში წარმატების მიზეზი. მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინდუსტიულმა ძალამ მოიტანა გამარჯვება. დოკუმენტის მიხედვით, თუ ამერიკას სურს იყოს ძლიერი ძალა, საჭიროა ჰქონდეს წარმატებული და მდიდარი ეკონომიკა.

„ეკონომიკური უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება“ (დ.ტრამპი, მარტი, 2018) 

  • ამერიკის ენერგო-დომინანტობა

ყველაზე მეტი კრიტიკა „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ იმ ნაწილმა დაიმსახურა, სადაც საუბარია ამერიკის მიერ ენერგო-დომინანტი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე. ის, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ნაწილადაა გაგებული, ბევრ ახსნას არ საჭიროებს, ასევე, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ბერკეტად იყენებს რუსეთი ენერგო რესურსებს – გასაგებია ამერიკელთა მოტივაცია. თუმცა, სტრატეგიაში ნათლად არ არის წარმოდგენილი ამ მიზნის მიღწევის რეალური შესაძლებლობები.

  • ძალის მეშვეობით მშვიდობის შენარჩუნება

ძალის მეშვეობით მშვიდობის შენარჩუნება ამერიკის სამხედრო მოდერნიზაციასა და ახალ საფრთხეთა მიმართ შესაძლებლობათა ადაპტაციას გულისხმობს. ახალი ტიპის გამოწვევებმა, როგორიცაა კიბერდანაშაული, საინფორმაციო ომი, პროპაგანდა ეჭვქვეშ დააყენეს ამერიკის დომინირება ხმელეთზე, წყალზე, ჰაერსა და კოსმოსში.

ამასთან რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ჩრდ.კორეისგან მომდინარე საფრთხეთა მთავარ გამოწვევებად აღიარება, ერთგვარად ობამას ადმინისტრაციის კრიტიკაცაა, რადგან მათი რწმენა, რომ ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ ვაჭრობაში ჩართვა, აღნიშნული სახელმწიფოთა ქცევის ბუნებას შეცვლიდა – მცდარი შეხედულება აღმოჩნდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო 

საქართველო აშშ-ის 2017 წლის უსაფრთხოების სტრატეგიაში უკრაინასთან ერთად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის კონტექსტშია ნახსენები:

„საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა მოახდინა დემონსტრაცია თავისივე სურვილის – ხელყოს სახელმწიფოთა სუვერენიტეტი რეგიონში. რუსეთი განაგრძობს მეზობლების დაშინებას მუქარით, ბირთვული და სხვა თავდასხმითი შესაძლებლობების განთავსებით“. (ეუს, 47, 2017)

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონტექსტით საქართველო მოხსენიებული არ ყოფილა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის არც ერთ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში. 2010 წლის სტრატეგიაში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 წელიწადში, საქართველო საერთოდ არაა ნახსენები, ხოლო 2015 წლის სტრატეგიაში, რუსეთის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაშია აღნიშნული; საქართველო კი, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერის კონტექსტშია ნახსენები.

ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ დააფიქსირა და საკმაოდ მკაფიო გზავნილებიც გააკეთა. ხაზგასასმელია მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, მაიკ პომპეოსთან შეხვედრა, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და მართვადი გამშვები დანადგარების საქართველოსთვის მიყიდვის გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყება და ა.შ. ამასთან, ხაზგასასმელია, 2017 წლის ბიუჯეტის კანონი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

გამომდინარე იქიდან, რომ  დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია, მისი კაბინეტი, განსაკუთებით კი უსაფრთხოება/თავდაცვის სფეროები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს, რომლებიც როგორც წესი, უფრო პროაქტიული საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერები არიან, შესაბამისად, ამ მიდგომებმა ასახვა ჰპოვა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ისე თავდაცვისა და ბირთვული განლაგების შესახებ დოკუმენტებში.

2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით და მოცემული ადმინისტრაციის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა შეძლოს  შესაძლებლობათა სწორად გამოყენება. აშკარაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით – რესპუბლიკურმა პარტიამ, ოფისში მოსვლიდან წელიწად-ნახევარში საქართველოს მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ ობამას პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობები შეერთებულ შტატებთან კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის უფრო  მაღალ დონეზე აყვანით.


* ლილი ლეჟავა – ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

**ბლოგ პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” შეხედულებებს.

, , , , , ,