Author

05/12/2019 ნინო სამხარაძე

ნატოს ლონდონის სამიტი და საქართველო: რა შესაძლებლობები და ახალი გამოწვევები წარმოიშვა ალიანსის გადაფასების კონტექსტში?

ნინო სამხარაძე

3-4 დეკემბერს გაიმართა ნატოს საიუბილეო 70-ე სამიტი ლონდონში, სიმბოლურად იმ ქალაქში, სადაც ალიანსის თავდაპირველი შტაბბინა მდებარეობდა. სამიტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორგანიზაციის გარშემო განვითარებული სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მოვლენების ფონზე. ამას ისიც ემატება, რომ ალიანსმა 8-წლიანი პაუზის შემდეგ გასული სამიტიდან კვლავ დაიწყო ახალი წევრების მიღებაზე მუშაობა და მონტენეგროს შემდეგ წევრობა ჩრდილოეთ მაკედონიამაც მიიღო. სამიტამდე საქართველოშიც გაჩნდა არაერთი ფაქტორი, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებს სხვადასხვა მსჯელობის საფუძველი მისცა ქვეყნის ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა მოსალოდნელი სამიტის შედეგები თბილისისთვის. ამგვარად, საინტერესოა, რა გავლენა იქონია ნატოს გარშემო შექმნილმა დისკუსიამ საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტზე, წარმოშვა თუ არა მიმდინარე განვითარებებმა დამატებითი სიძნელეები ან ახალი შესაძლებლობები ქვეყნის ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორ აისახა ეს ყველაფერი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ლონდონურ შეხვედრაში.

 

ლონდონის სამიტამდე: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის?

ნატოს ლონდონის სამიტამდე გარკვეული ხნის განმავლობაში რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერის მიერ წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გავრცელდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ალიანსის ერთობა და სტაბილურობა. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იყო თბილისისთვისაც, რადგან მოვლენათა ესკალაციურ განვითარებას არაერთი დამატებითი გამოწვევის გაჩენა შეეძლო ინტეგრაციის გზაზე. ასეთ გამოწვევებს შორის შეიძლება მოვიაზროთ ფუნდამენტურ საკითხებზე შეუთანხმებლობა თავად ალიანსის შიგნით, განსაკუთრებით კი თურქეთის, როგორც საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობლის დაპირისპირება დანარჩენ ალიანსთან, ასევე,  რუსეთის ნაკლებ საფრთხედ აღქმა ორგანიზაციის მხრიდან და საქართველოში ზრდადი სკეპტიციზმი როგორც თავად ნატოს, ისე ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

7 ნოემბერს ბრიტანულმა გამოცემა ეკონომისტმა გამოქვეყნა ინტერვიუ ემანუელ მაკრონთან, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა აპოკალიპტური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ნატოს ტვინი მკვდარია. მისი უმთავრესი აქცენტები იყო მე-5 მუხლის მიმართ სკეპტიციზმი, რასაც ხელი შეუწყო აშშ-ს შეუთანხმებელმა მოქმედებებმა და, შედეგად, ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო გააქტიურებამ სირიაში. ამავდროულად ტრამპი მუდმივად აკრიტიკებს ალიანსს თავდაცვის ბიუჯეტის არასამართლიანი განსაზღვრის გამო და ამბობს, რომ ნატო აშშ-ს ძარცვავს. ამგვარად, ერთი მხრივ, მაკრონის განცხადებამ, მეორე მხრივ, კი ტრამპის კრიტიკამ, სადავო გახადა ალიანსის წევრებს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა, რასაც საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ინტეგრაციის პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეეფერხებინა. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელი თურქეთის ალიანსთან დაპირისპირებამ საგანგაშო ხასიათი შეიძინა, რაც მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ალიანსთან თბილისის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის სადავო განცხადებას თავად ორგანიზაციის სხვა ლიდერების მხრიდან მოყვა რეაქცია: ბერლინში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა მაკრონის შეფასებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გათიშვისა გამოიწვევს არა მხოლოდ ალიანსის, არამედ თავად ევროპის გაყოფას. კრიტიკულად მიუდგა მაკრონის განცხადებას ანგელა მერკელიც და მის შეფასებას „მეტისმეტად რადიკალური“ უწოდა. მან 27 ნოემბერს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლაშიც განაცხადა, რომ ნატო დღეს უფრო მეტად სჭირდება ევროპას, ვიდრე ცივი ომის დროს. როგორც ლონდონის სამიტზე გაკეთებული განცხადებიდან გამოჩნდა, მაკრონს არც დონალდ ტრამპი ეთანხმება. შესაბამისად, ჯერ კიდევ სამიტამდე ცხადი იყო, რომ მიუხედავად ამგვარი ფუნდამენტური უთანხმოებებისა, ალიანსის ლიდერების უმრავლესობა მაინც თანხმდება ნატოს სტაბილური განვითარების საჭიროების შესახებ.

სამიტამდე საქართველოსთვის უპირველესი პრობლემა კვლავ რუსეთის პოზიცია იყო. საყურადღებოა, რომ ვინც საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებას მიესალმა, იყო სწორედ რუსეთის წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი. სიტუაცია კიდევ უფრო საყურადღებო გახადა პარიზში სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონის განცხადებამ, სადაც მან წევრ ქვეყნებს გლობალური უსაფრთხოების აქცენტების შეცვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ალიანსის მტერი აღარ არის. ნატოში რუსეთის როლის გადაფასების პერსპექტივა დამატებითი გამოწვევაა საქართველოსთვის, რადგან სწორედ მოსკოვია თბილისის უმთავრესი საფრთხე, რისგან დაცვაც თბილისის ნატოში გაწევრიანების უმთავრესი მოტივაციაა.

ამგვარად, ლონდონის სიმბოლურ სამიტამდე ალიანსის წევრების წინააღმდეგობრივმა მოქმედებებმა წარმოშვა გარკვეული ბუნდოვანება, რასაც საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად შეეძლო ხელის შეშლა.

საქართველო ცვლილებების კონტექსტში

ლონდონის სამიტამდე საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების პერსპექტივის მიმოხილვისას ნატო-სკეპტიკოსები და ნატო-ოპტიმისტები ისევ დავობდნენ იმაზე, თუ რამდენად რეალისტური ან გულუბრყვილოა საუბარი ნატო-საქართველოს გაღრმავებულ თანამშრომლობაზე, ან უფრო მეტიც, წევრობის რეჟიმში ურთიერთობაზე. ლუკ კოფიმ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ დღეს საქართველო ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნატოს არაწევრი ქვეყანა. ქართველ ექსპერტთა ნაწილი საერთაშორისო სკეპტიციზმის საპირწონედ ალიანსის ბოლო წლების გაფართოების ტენდენციას საქართველოსთვის სასიკეთო სიგნალებად მიიჩნევს. 2017 წელს მონტენეგროს გაწევრიანების მაგალითი მკვლევარებისთვის საყურადღებო  აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეიძლება ალიანსის „ღია კარის პოლიტიკის“ შენარჩუნების დამატებით დასტურად მივიღოთ, განსაკუთრებით კი ლონდონის სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონიის 30-ე წევრად მიღების ფონზე.

მოვლენათა ასეთი განვითარების პარალელურად საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზე ისევ გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, რაც, ერთი მხრივ, ზრდის სკეპტიციზმის საფუძველს, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გაწევრიანების ალტერნატიული გზების ძიებას ააქტიურებს. 10 სექტემბერს საქართველოში მყოფი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ საქართველოს შეუძლია ნატოში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე შესვლაც განიხილოს, დისკუსიის ახალი ტალღა ააგორა ქართულ საზოგადოებაში. ნილ მაკფარლეინის მიხედვით, ეს განცხადება გადაწყვეტილების მიღების დონეზე დისკუსიაში ვერ განიხილება, რადგან რასმუსენი ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი აღარ არის, თუმცა საქართველოს შეუძლია, რომ გრძელვადიან პერიოდში ამ სცენარზე მაინც იფიქროს. ნატოს მხრიდან ამ წინადადებას ოფიციალური რეაქცია არ მოყოლია, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობების გააქტიურება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჯერ კიდევ რასმუსენის ამ რეზონანსულ განცხადებამდე ამ ტენდენციის მაგალითი იყო მარტში განხორციელებული მასშტაბური წვრთნები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრნენ. ამას მოყვა ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრების ფარგლებში განხორციელებული გენერალური მდივნის მოადგილის როზ გოტმიოლერის ვიზიტი ბათუმში. ოპტიმიზმის საფუძველს ზრდის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 14 ოქტომბრის საშემოდგომო სესიაზე მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება „ღია კარის პოლიტიკის“ შენარჩუნების შესახებ.

ამგვარად, ნატოს ლიდერთა საიუბილეო შეხვედრა ლონდონში არაპროგნოზირებად მოვლენად იქცა: ერთი მხრივ, ალიანსის გარშემო შექმნილი წინააღმდეგობრივი დისკუსია, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს აქტიური მცდელობა, არ დაკარგოს საკუთარი სტრატეგიული მნიშვნელობა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ყველა შესაძლებლიობა გამოიყენოს, ქმნის საჭიროებას, განისაზღვროს, შეიცვალა თუ არა საქართველოსთვის გაწევრიანების გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორებისა და უპირატესობების ბალანსი. 

ლონდონის სამიტი: რა შეიცვალა საქართველოსთვის?

საიუბილეო 70-ე სამიტმა აჩვენა, რომ წინააღმდეგობები ალიანსში კვლავ არის, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მაინც ხერხდება, რასაც გენერალური მდივანი თავის პრესკონფერენციებში მუდმივად უსვამდა ხაზს. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებაც, თუ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სამიტის შედეგად.

სამიტის ფარგლებში გამართული სხვადასხვა კონფერენციების და პრესკონფერენციების ფარგლებში საქართველოსთვის აქტუალური საკითხები და თავად საქართველოს ფაქტორი არაერთხელ გაჟღერდა. კონფერენციაზე „ნატოს ჩართულობა: ორგანიზაციის განახლება“ სიტყვით გამოვიდა დავით ზალკალიანი, რომელმაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ალიანსის ინტერესებს დაუკავშირა. ამ  კონტექსტში მან ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილისთვის მისჯილ უკანონო პატიმრობაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ და რუსეთზე, როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის უმთავრეს გამოწვევაზე. იმის ფონზე, რომ სამიტის მიმდინარეობის პარალელურად ვლადიმერ პუტინი ნატოს გაფართოებას „საფრთხედ“ მოიხსენიებს, სტოლტენბერგი სამიტის ფარგლებში გამართულ საჯარო ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ახლა ბევრად მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც დამატებითი დასტურია იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გარდაუვალი გაწევრიანების შესახებ კვლავ ძალაშია და, უფრო მეტიც, პროგრესს განიცდის.

ლონდონის დაძაბული და ინტენსიური შეხვედრის შედეგად მიღებული რეზოლუცია პირდაპირ აქცენტს საქართველოზე არ აკეთებს, თუმცა კვლავ ადასტურებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამეზობლო რეგიონებში პრიორიტეტია და ღია კარის პოლიტიკაც ისევ ძალაში რჩება, როგორც ალიანსის უმთავრესი ძლიერი მხარე.

საქართველოსთვის ნიშანდობლივია, ასევე, ისიც, რომ ალიანსის წევრებმა მოახერხეს თურქეთთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც მან ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში თავდაცვის გაძლიერებაზე ვეტოს მუქარა არ შეასრულა, რაც მოვლენათა პოზიტიურ განვითარებად უნდა მივიჩნიოთ ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, მდგომარეობა დასტაბილურდა საქართველოს ერთადერთ ნატოს წევრ მეზობელსა და დანარჩენ წევრებს შორის, მეორე მხრივ, თბილისისთვის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერება დამატებითი დასტურია, რომ ნატო მზადაა რეზოლუციაში „საფრთხედ“ მოხსენიებული რუსული აგრესიისგან თავდასაცავად. თუმცა ამავე ტექსტში ხაზგასმულია, რომ ნატო ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მოსკოვთან.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატოსთვის საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი კვლავ დღის წესრიგში დგას, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც თავად ორგანიზაციას დაუდგა და რომელთა ნაწილობრივ გადაჭრაც ლონდონის სამიტზე მოხერხდა. ამ თვალსაზრისით მოვლენათა დადებით განვითარებად უნდა მივიჩნიოთ როგორც თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირება, ისე ალიანსის წევრების მიერ რუსეთის კვლავაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელება.


ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი 

, , , , , , , ,